
11/06/2026
მერაია ქერი (Mariah Carey) Gucci-ს 2026 წლის ზამთრის სადღესასწაულო კამპანიის, „Gucci Gift“-ის მთავარი სახე გახდა. მოდის სახლმა „შობის დედოფლად“ აღიარებული პოპ-ვარსკვლავი საახალწლო სარეკლამო კამპანიაში გადაიღო, რითაც ზამთრის სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად გახსნა.
უკვე რამდენი ათეული წელია სიმღერა All i want for Christmas შობასთან და ახალ წელთან ასოცირდება. ბრენდის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას იდეა კი ძალზე საინტერესოა.
სარეკლამო რგოლი საახალწლო განწყობითა და ელვარე დეტალებით მორთულ სასტუმროში ვითარდება. ქერი ახალი „Butterfly“ კოლექციის სამოსით ჩნდება, რომლის მანათობელი დიზაინი, პეპლის ნაზ ფრთებს იმეორებს. როგორც გამოცემა Page Six წერს, მერაიამ ორივე სარეკლამო ლუქში 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების GUCCI-ს სამოსი მოირგო.


მომღერლის 1997 წლის ალბომის, Butterfly-ს თაყვანისმცემლები ამ სიმბოლიკას იოლად ამოიცნობენ - ალბომმა, რომელშიც ჰიტ „Honey“-ით შემსრულებლის ჰიპ-ჰოპ ჟანრი გამოიკვეთა, არტისტი სამუდამო კვალს ტოვებს მუსიკალურ ინდუსტრიაში. თითქმის 30 წლის შემდეგ, GUCCI-მ მომღერლის საყვარელი სიმბოლო სრულფასოვან კოლექციად აქცია, რომელიც მორთულია მანათობელი პეპლის პრინტებითა და კრისტალებით.
კამპანიის კადრებში მერაია სასტუმროს წვეულებაზე პეპლის პრინტიანი კლასიკური კაბით შემოაბიჯებს, რომელსაც კრისტალებით გაწყობილი ორმაგი G ლოგოს ჩოკერი, უჩარჩოო კრისტალიანი სათვალე და იისფერი GUCCI Aperitivo-ს მხრის ჩანთა ახლავს თან. შიგნით შესვლისას კი ის შამპანურისფერ, კრისტალებით დატვირთულ ასიმეტრიულ კაბაზე გადადის.

2022 წლიდან მოყოლებული, ბრენდმა კრეატიული დირექტორი ორჯერ შეიცვალა. მაქსიმალისტური სტილიდან მინიმალისტურ და თავშეკავებულ მიმართულებაზე გადართვის შემდეგ, დღეს სათავეში დემნა დგას. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ციფრები შემცირებულია, GUCCI კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლუქს-ბრენდად.

მისი ახალი ჰობო ჩანთები ყველგან გვხვდება, მოდის მოყვარულები კვლავ მისი გავლენას ქვეშ არიან, ხოლო ისეთი საინტერესო კოლაბორაციები, როგორიც ეს არის, ბრენდს მუდმივად ყურადღების ცენტრში აქცევს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, გაყიდვების კლების მიუხედავად, GUCCI-მ Lyst Index-ის რეიტინგში (რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ბრენდებს აფასებს) გასული წლის შემოდგომის მე-14 ადგილიდან წელს მე-4 პოზიციაზე აინაცვლა.

ახლა GUCCI-ს მთავარი მიზანია, რომ ეს დიდი ინტერესი რეალურ გაყიდვებში აისახოს, რისთვისაც მარკეტინგული ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. შობის დედოფალი კი, შესაძლოა სწორედ ის „ფერია“ აღმოჩნდეს, რომელსაც ბრენდი ამდენი ხანი ელოდა. ბრენდმა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო სეზონი მერაიას მიანდო...

გააზიარე სტატია