
11/11/2026
ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ჯიმშერ ვიბლიანის ქალიშვილი მარიამ ვიბლიანი ამბობს, რომ
მისი ოჯახი უსამართლოდ მიყენებული ტკივილის ობიექტი გახდა. განსაკუთრებით რთული კი ახლობლების მხრიდან გამოხატული გულგრილობა და იგნორი აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ნატა ვიბლიანმა ჯიმშერ ვიბლიანს გაუპატიურებაში დასდო ბრალი, ოჯახმა განსაკუთრებით მტკივნეულად სწორედ ახლობლების სიჩუმე განიცადა.
"ნელ-ნელა ყველაფერი დასასრულს უახლოვდება და მთელი გულით იმედი მაქვს, რომ ეს დიდი საგიჟეთი ძალიან მალე დასრულდება! ჩემი ოჯახისთვის ეს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მოულოდნელი და, რაც ყველაზე მტკივნეულია, სრულიად დაუმსახურებელი პერიოდია. პერიოდი, რომელმაც ბევრი რამ დაგვანახა, ბევრი რამ შეგვიცვალა და, რაც მთავარია, ადამიანების ნამდვილი სახეები დაგვანახა.
ყველა გვახსოვხართ! თითოეული თქვენგანი, ვინც ამ ურთულეს პერიოდში ჩვენს გვერდით იდექით, თუნდაც ერთი სიტყვით, ერთი მოკითხვით ან უბრალოდ ადამიანური თანაგრძნობით. ზოგჯერ ერთი უბრალო სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს ძალა შემატო და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის.
მაგრამ, რა თქმა უნდა, გვახსოვხართ ისინიც, ვინც ერთი სიტყვაც კი ვერ გაიმეტეთ… ან, უფრო სწორად, არ გაიმეტეთ! ელემენტარულად ისიც კი , რომ ერთხელ მაინც მოგეკითხათ და გეთქვათ, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნებაო .
მართალი ყოფილა. ადამიანი გასაჭირში გამოიცდებაო! და ზუსტად ამიტომ, შინაური იქნებით თუ გარეული, ოჯახის წევრი თუ უბრალოდ ნაცნობი, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ადგილი აღარ გაქვთ!
ჩემთვის თქვენი არსებობა აღარაფერს ნიშნავს. რადგან ჩემთვის მოსისხლე მტერზე ბევრად საშიშები ხართ!
არც თქვენი მოკითხვა მჭირდება, არც თქვენი ხელოვნური ღიმილი და მით უმეტეს, არც თქვენი მოჩვენებითი კეთილგანწყობა. ელემენტარული გამარჯობაც კი არ მჭირდება თქვენი! და თუ თქვენი ნამუსი მაინც მოგცემთ საშუალებას, მომესალმოთ, პასუხსაც ნუ დაელოდებით.
ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედეთ, საკუთარ სინდისს ჰკითხეთ და თუ ამ სიტყვებიდან რომელიმე გულზე მოგხვდებათ, წამითაც არ დაფიქრდეთ, ისე გაქრით საკუთარი ხელითვე, ჩემი მეგობრების სიიდან და ჩემი ცხოვრებიდან!
ჩემს ირგვლივ აღარ მჭირდება ფარისეველობა, ორპირობა და ადამიანები, რომელთა გარეგნული კეთილგანწყობის მიღმა სიცარიელე იმალება. მირჩევნია, ათი გულწრფელი ადამიანი მყავდეს გვერდით, ვიდრე ასი ისეთი, რომელთა ნამდვილი სახეც გასაჭირმა უნდა დამანახოს!
მადლობის წერილი ამ ამბის ბედნიერი დასასრულის შემდეგ იყოს, რადგან თქვენზე (ერთგულ) ადამიანებზე, ბევრად მეტი მაქვს სათქმელი და დამიჯერეთ, როცა ამის დრო მოვა, სათქმელს და მადლიერებას ვერც ჩემი სიტყვები და ვერც ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვერ ეყოფა, რომ გადმოგცეთ. ყველას თავისი სიმართლით და გზით გაუმარჯოს. მე არავის არაფერს ვუსურვებ , დრო ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, ღმერთი კი თითოეულს თავისას მიუზღავს. და ბოლოს, ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ დედაჩემით, მამაჩემით, ჩემი ძმით! ჩემი ოჯახით!" - წერს მარიამ ვიბლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ემიგრანტი ქალი, ნატა ვიბლიანი, მარიამ ვიბლიანის მამას ჯიმშერ ვიბლიანის ბრალს გაუპატიურებაში სდებს. ნატა ვიბლიანის განცხადებით, ჯიმშერ ვიბლიანი ერთ-ერთი იყო იმ მამაკაცთაგან, რომლებიც არასრულწლოვან ნატაზე ძალადობაში მონაწილეობდა.
ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილის დახმარებით ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას.
მარიამ ვიბლიანის ეს მიმართვა განსაკუთრებით საინტერესო გახდა დღეს, როცა ნატა ვიბლიანი საკუთარ ადვოკატს ტარიელ კაკაბაძეს დაუპირისპირდა და მას მოგზავნილი უწოდა.
გააზიარე სტატია