
10/18/2026
იცავს თუ არა ასტროლოგიის ცოდნა ადამიანს პირად ურთიერთობებში დაშვებული შეცდომებისა და იმედგაცრუებისგან? შეუძლია თუ არა ასტროლოგს წინასწარ განსაზღვროს, როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან?
ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა გავრცელებულ წარმოდგენაზე, თითქოს ასტროლოგიის ცოდნა ადამიანს სხვების ამოცნობისა და საკუთარი ცხოვრების უშეცდომოდ წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.
მისი თქმით, რეალობა სრულიად განსხვავებულია და თავადაც არაერთხელ აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც საკუთარი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები გაცნობიერებული ჰქონდა, თუმცა მაინც შეცდა.
„ასტროლოგიის ცოდნა არ მათავისუფლებს იმისგან, რომ საკუთარი სისუსტეები მქონდეს. აბსოლუტურად არ არის ასე.
სხვათა შორის, ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი ვიცი. უთქვამთ კიდეც ჩემთვის: შენ ხომ ურთიერთობების კუთხით ყველაფერი იცი, ვიღაცას რომ გაიცნობ, მაშინვე ხვდები, როგორი ადამიანია, ყველა „რენტგენზე“ გყავსო.
სინამდვილეში ასე არ ხდება. ასტროლოგიის ცოდნა საერთოდ არ გათავისუფლებს იმისგან, რომ გარკვეულ სიტუაციებში აღმოჩნდე და შეცდომები დაუშვა.
განსხვავება ის არის, რომ ამ ყველაფერს რაღაცნაირად მართავ. აცნობიერებ, რა ნაბიჯს დგამ და რა შედეგი შეიძლება მიიღო.
ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვიცოდი, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ მაინც მოვიქეცი. მითქვამს კიდეც საკუთარი თავისთვის: აბა, რა მექნა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი-მეთქი.
მერე მიმიღია ის შედეგი, რომელიც ვიცოდი, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო. მაგრამ ასეთ დროს არავის ვადანაშაულებ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. სწორედ ამაშია განსხვავება.
ისევე, როგორც ექიმები ხდებიან ავად, ასტროლოგებსაც აქვთ პრობლემები. მეტსაც გეტყვით, ხშირად ადამიანები სწორედ იმიტომ მიდიან ასტროლოგიაში, რომ საკუთარი პრობლემების გაცნობა და მათთან გამკლავება სურთ. უნდათ, ეს ინსტრუმენტი საკუთარ ხელში აიღონ.
არ არსებობს ისეთი პროფესია,სადაც ადამიანი პრობლემებისგან დაზღვეული იქნება,“ - ამბობს სოფია ბზეკალავა.
გააზიარე სტატია