Logo

საზოგადოება

"ისეთი ემოციური შოკი მივიღე, გავქვავდი! დედა ნატალიამ მითხრა, აქ უნდა გადმოხვიდეო" - ეკა ბესელია, ინტერვიუს მეორე ნაწილი

"ისეთი ემოციური შოკი მივიღე, გავქვავდი! დედა ნატალიამ მითხრა, აქ უნდა გადმოხვიდეო" - ეკა ბესელია, ინტერვიუს მეორე ნაწილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ოთხი წელია მცხეთაში ცხოვრობს. მეგობარმა მონაზონმა სახლი აპოვნინა, რომლის ვერანდიდან ჯვრის მონასტერი ხელის გულივით მოჩანს. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ტაძარი, რომელიც მისი აღსარებების საიდუმლოებას უკვე 29 წელია ინახავს, დილაობით, თვალის გახელისთანავე მის მზერაში ამოცურდებოდა... ამას უფლის საჩუქრად მიიჩნევს.

"ზმნასთან" ამბობს, რომ წინ მშვიდ წლებს ელის, თუმცა ასაკში საკუთარ თავს ვერ ხედავს. რაღაც მონაკვეთში, დრო ასაკით გვამარცხებს და როგორც ჩანს, ძლიერ ქალებს არ უყვართ მარცხის განცდა. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ჩემს რესპონდენტს თავი მოხუცი ვერ წარმოუდგენია.

ეკა ბესელია: მცხეთა ჩემი სულის ქალაქია. საოცრებაა... 29-ე წელია მცხეთის ჯვრის მონასტრის მრევლი ვარ. აღმოვაჩინე, რომ ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია რომ სულ ვიცხოვრო.

ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, მონაზონია, დედა ნატალია. 22 წლის ასაკში აღიკვეცა მონაზვნად. ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით. ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია... სულ უნდოდა, რომ ახლოს ვყოლოდი. ეს სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, მან მოძებნა და ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა, რაღაც უნდა გაჩვენოო. ღამით წამიყვანა და მაჩვენა სახლი. გარშემო ჯერ არ გაიხედოო, მითხრა; მაინც არ ჩანდა, ბნელოდა. ამიყვანა ზევით, ვერანდაზე და აბა, გაიხედეო, რომ მითხრა - დავინახე ჯვრის მონასტერი! პირდაპირ ამ სახლის ვერანდიდან ჩანს ჯვრის მონატერი, სადაც მე 24 წლის ასაკიდან დავდივარ ყოველ კვირას.

ჯვრის მონასტერი

ისეთი ემოციური შოკი მივიღე, გავქვავდი!.. დედა ნატალიამ მითხრა, აქ უნდა გადმოხვიდეო. ცოლ-ქმარი იყრებოდნენ და ამ აგარაკის სახლს ყიდდნენ. ეჩქარებოდათ. ნახე, რა უცებ მოაგვარებ ყველაფერსო, მითხრა დედაომ. მართლა ღვთის სასწაული მოხდა; პირველ ბინას, რომელიც წლების წინ ვიყიდე, ვერ ვყიდდი, სამი წელი მყიდველი არ ჩანდა. მცხეთის სახლი ვნახე თუ არა, ამ ჩემი ბინის მყიდველი, ერთ კვირაში გამოჩნდა. ის გავყიდე და ვიყიდე ეს სახლი მცხეთაში. მართლა სასწაულია. თვალს რომ გავახელ და პირველი ჯვრის მონასტერს ვხედავ, ეს ღვთის საჩუქარია.

ეკა ბესელია

ამიტომ გადავედი მცხეთაში. მშვიდად ვარ, დედაოსთანაც ხშირად ვარ. ბოლო წლებში სულ იქ ვარ, სხვაგან არსად ვრჩები. დედაც ჩემთან მყავს.

ეკა ბესელია

- მახსოვს, ერთხელ მონასტერში წასვლაზე ისაუბრეთ...

- ეს ჩემი მონაზონი მეგობრის ხედვა იყო. ერთი-ორჯერ თქვა, მონასტერში გხედავო. მე ამისთვის მზად არ ვარ. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, ღმერთმა იცის.

- ქალბატონო ეკა, ბავშვობიდან რა თვისება შემოგრჩათ?

- უსამართლობის მიუღებლობა, ემპათია და სხვისი დაცვის სურვილი, რაც ჩემს პროფესიაში გამოვლინდა მერე. სხვისი წარმატებით ზეიმი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ახარებს სხვების სიკეთე და წარმატება და ამაში დახმარება. მებრძოლი ხასიათი ბავშვობიდან მაქვს. აი, ეს თვისებები არ დამიკარგავს. არ მიყვარს ეგოისტი, თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები, კომფორმისტები.

ეკა ბესელია

- კომპლექსი, რომელსაც ვერ ერევით?

- ვერიდები საჯაროდ გავაკეთო ის, რაც მინდა. მაგალითად, ქუჩაში, თავშეყრის ადგილებში ვერიდები ისე თავისუფლად სიარულს, როგორც მინდა. მაქვს დისკომფორტი იმის გამო, რომ თავისუფლად ვერ ვარ. ყურადღების ქვეშ მოქცევა დისკომფორტს მიქმნის. ამის გამო თავს ბევრ რამეში ვიზღუდავ. ეს კომპლექსია.

- უფრო კონკრეტულად?

- ვერ ვიცვამ სპორტულ სტილში. თავისუფლად, უმაკიაჟოდ ვერ გავივლი ქუჩაში. ოჯახის წევრების გარდა, თმაუდავარცხნელს და უმაკიაჟოს ვერავინ მნახავს. ვიკრძალავ მაღაზიებში სიარულს. თითქმის არ დავდივარ. იშვიათად შევდივარ პროდუქტის საყიდლად, ისიც სახლთან ახლოს. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ასე ვარ. როცა პლაჟზე ხალხია, მე ზღვაზე ვერ გავალ.

- ანუ საცურაო კოსტიუმით ვერავინ გნახავთ.

- ვერავინ. მე მაქვს აუზი და იქ ვცურავ. ზღვა მიყვარს. ქობულეთი ჩემი დედულეთია. სახლი გვაქვს იქ, ხშირად ჩავდივართ. ზღვაში მაშინ ვცურავ, როცა პლაჟზე ხალხი არ არის, დილის 7 საათზე. ძალიან მიყვარს ცურვა. შორს გავდივარ... ზღვაზე გავიზარდე.

- რას ნანობთ?

- შეუძლებელია, ადამიანი მის ქმედებაში, რაიმეს არ ნანობდეს, არ ჰქონდეს კრიტიკულობის განცდა. როგორ შეიძლება ყველაფერი იდეალურად აკეთო. წარმოუდგენელია. ვნანობ იმას, რომ პირად ურთიერთობებში ზოგჯერ მეტად ხისტი, მკაცრი ვიყავი. შეიძლებოდა პირად ურთიერთობებში რაღაცების არიდება. არ ვნანობ არც ერთ ჩემს გადაწყვეტილებას, რომელიც საჯარო ცხოვრებაში მიმიღია. ყველა მნიშვნელოვანი, ღირებული და პრინციპული იყო. ფიცხი და ფეთქებადი ვარ. შეიძლება უცებ გავბრაზდე. ბოდიშის მოხდა სიტყვიერად არ მიყვარს, ფორმით და მოქმედებით ვაგრძნობინებ სინანულს. ვისაც ვაწყენინე, არ ვაწყენინებდი, ან იმ ხარისხით არ ვაწყენინებდი...

- სიყვარულთან არის კავშირში?

- არა მარტო, აქ ვგულისხმობ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს და ასე შემდეგ. რბილად გავაკეთებდი...

- ხასიათის სიხისტე ასაკმა შეარბილა?

- ასაკი და გამოცდილება კუთხეებს თვითონ ამრგვალებს. ადრე ვულკანებზე და ნაღმებზე სიარული შემეძლო. თუმცა წითელ ხაზებს რაც გადაკვეთს, ახლაც იმავეს მაკეთებინებს.

ეკა ბესელია

- ყველაზე ხშირად რაზე გებრძვით ეშმაკი?

- სიმშვიდე თუ დავკარგე და გაბრაზებას ვიწყებ, რაც იშვიათად არ ხდება და მიზეზიც სულ არის, ეს სწორედ ის არის, რაშიც ეშმაკი მერევა.

- როგორ გგონიათ, ადამიანი იცვლება?

- ხერხემალი არ იცვლება. ბავშვობის კონსტრუქცია ჩვენი მთავარი ხერხემალია. როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით, მე ბევრი ვიმუშავე სკოლამდელი აღზრდის განათლების რეფორმაზე. პირველი კანონი სკოლამდე აღზრდის დაწესებულების შესახებ, პარლამენტში ჩემი ინიციატივით არის მიღებული. როცა ვიკვლევდით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მგრძნობიარე ასაკი არის ორი წლიდან ექვს წლამდე. ამ პერიოდში ფსიქოლოგიურად ბავშვის მთავარი ხერხემალი ყალიბდება. დანარჩენი არის გამაგრება და გამოცდილება. განწყობები, აღქმა, გემოვნება შეიძლება შეგეცვალოს. მთავარი ხაზი კი არ იცვლება.

- როცა შეყვარებული ხართ, როგორი ხდებით?

- ვხდები ადამიანი, რომელსაც შეუძლია მისთვის ყველაფრის გაკეთება. ნამდვილი სიყვარული ბევრი წლის წინ მქონია... და ეს რა არის, ვიცი. მე ამაზე არ ვსაუბრობ.

ეკა ბესელია

- მოლოდინი არის - "მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი..."?-

- არა. ეს ხომ ძალიან ბუნებრივია. არ ვიცი, ხვალ-ზეგ რა იქნება. დღეს ჩემი ტვინი, გული და ემოცია ჩართულია მიმდინარე ამბებში. ახლა დავდივარ ციხეებში, ვნახულობ სინდისის პატიმრებს - ანდრო ჭიჭინაძეს, გიორგი ჩიკვაიძეს, ირაკლი პაპიაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს... მათ ვეხმარები სამართლებრივად. საოცარი სიმტკიცე და ღირსების განცდა აქვთ, რაც ყველაფერს ამარცხებს. მათ საქმეებს ვამზადებ სტრასბურგისთვის.

მეხუთე წელია საქველმოქმედო პროექტი მაქვს, რეგიონებში (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი) სტუდენტებს იურიდიულ პრაქტიკულ განათლებას უსასყიდლოდ გადავცემ. ამით ვალს ვიხდი სამართლიანობის იდეისთვის. მინდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა ფეხზე დადგეს. ამ ქველმოქმედებას მართლმსაჯულების სახლის სასწავლო ცენტრის ეგიდით ვახორციელებ. დიდი გამოცდილება დამიგროვდა, 29 წელია პროფესიაში ვარ და დროა, გავცე ცოდნა, თანაც უშურველად. აბა, სად წავიღო? ნიჭი უნდა გავცეთ. ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ.

- ამდენი საქმის შემდეგ, თქვენი დღის ბოლო როგორია?

- დღის ბოლოს, ძალიან დაღლილი, დღეს შვილებთან ვაჯამებ. ვახშმად ვერ ვახერხებთ შეკრებას. აი, კვირას გვაქვს შეკრების დღე - მცხეთაში. მე დედმამიშვილებიც შვილებივით მოწებებული მყავს. მყავს ორი და და ერთი ძმა. მაგნიტის როლი მაქვს და ვკრიბავ მთელ ოჯახს. ეს თვისება ბებიისგან მაქვს. დედის დედა გენიალური, უბრძენესი ქალი იყო. ნათელა სარჯველაძე - მსაჯული იყო, აჭარის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი გახლდათ. ძალიან გონიერი და კეთილშობილი, მშრომელი, ჭკვიანი ქალი იყო. მას ვგავარ.

დილა ჩვენს საოჯახო ჩატში ჩემი მისალმებით იწყება. კვირას და დღესასწაულებზე, კი ჩემთან ვიკრიბებით. ხშირად მივდივარ ჩემს დედა ნატალიასთან, სახლში მისვლამზე, შეიძლება მასთან გავიარო. ახსნა რომ არ სჭირდება, ისე გვესმის ერთმანეთის. ხასიათით მგავს. ერში რომ ყოფილიყო, ჩემნაირი იქნებოდა. მონაზონია და ყველაფერს სხვა სიმშვიდით უყურებს.

ეკა ბესელია

- რელაქსისთვის რას აკეთებთ?

- კალათბურთის თამაში ახლაც მიყვარს და თუ შანსი მაქვს, ხელიდან არ ვუშვებ. თუმცა ეს იშვიათად ხდება. მიყვარს ტაძარში წირვაზე ყოფნა... და ჩემს შვილებთან ერთად სადილი ან ვახშამი. არ ვსვამ, არ ვეწევი. ზაფხულში ბევრს ვცურავ. სახლის პირობებში ვვარჯიშობ. საჯაროდ, დარბაზებში ვერ ვვარჯიშობ. ყურადღებას რომ ვგრძნობ, თვითკონტროლს ვიწყებ, ეს - დისკომფორტია. ამიტომ სახლში მირჩევნია ვივარჯიშო. რესტორანში მხოლოდ დაბადების დღეებზე დავდივარ.

- რას კითხულობთ?

- მამარდაშვილს, უზნაძეს. გენიალურია. რასაც არ ვკითხულობ, ეს არის დეტექტივი. რად მინდა? დეტექტივის წაკითხვა შერლოკ ჰოლმსით დავამთავრე. ცხოვრებაში სულ დეტექტივი მაქვს და კიდევ ეგ რომ ვიკითხო, გავგიჟდები. მე ხომ სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. დეტექტიურ ფილმებსაც არ ვუყურებ. განტვირთვისთვის მელოდრამებს ვნახულობ. ძალიან სენტიმენტალური ვარ. ცრემლი ხშირად მომდის, მაგრამ ეს სხვამ არ უნდა დაინახოს. ასე დამიმახსოვრეს, რომ ძლიერი ქალი ვარ. ცრემლი ამ იმიჯს აფერკმრთალებს, რა საჭიროა? როცა პროფესია გაქვს ისეთი, რომ სხვას იცავ, სიმყარე უნდა იგრძნონ.

- განვლილი წლებით, ცხოვრებით კმაყოფილი ხართ?

- დიახ, მადლობა უფალს. ყველა განსაცდელისთვის, სირთულისთვის მადლობა. ეს უნდა გამევლო.

- წინ რა არის?

- ცხოვრების საინტერესო და ბევრად იოლი მეორე ნახევარი, რადგან უკვე პასუხები მაქვს.

- ასაკში როგორ წარმოგიდგენიათ თავი?

- ვერ წარმომიდგენია. მგონია, რომ გარეგნულად არ შევიცვლები. იმის იქით, ღრმა სიბერეს ვერ ვხედავ. ქრისტე ხომ ასე ამბობს, დღეს იცხოვრე სწორად და ხვალ მე ვიფიქრებ, რა უნდა იყოს. ახლა ასე ვფიქრობ, დღეს ვიცხოვრო სწორად. დრო ფუჭად არასდროს დამიკარგავს. ამაში თავს ვემადლიერები.

- საყვარელი ზმნა...

- ვმოქმედებ, სულ ვმოქმედებ, ვაკეთებ, ვქმნი. სულ ქმედებაში ვარ...

ეკა ბესელია

ასევე დაგაინტერესებთ:

"როცა ჩემს შვილებს არასწორად ექცევიან, თავს არ ჩაღუნავენ. ორივე ასე გავზარდე" - ეკა ბესელიას ინტერვიუ

ავტორი: თამარ გონგაძე

02/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024