
11/26/2026
სამწუხაროდ ბევრი ქართველი დედის ხვედრია, ოჯახის სარჩენად უცხოეთში იმუშაოს და შვილები საქართველოში დატოვოს. შორიდან დედობა ნიშნავს, შვილის დღის ამბები ტელეფონით მოისმინო, მის გაზრდას თვალი ფოტოებში მიადევნო და იმ დღეებშიც ეკრანიდან გაამხნეო, როცა ყველაზე მეტად ჩახუტება შენი სჭირდება.
შინ დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება რთულია, როცა ოჯახს ისევ სჭირდება ის შემოსავალი, რომლის გამოც წახვედი. ამ გამოცდილებაზე წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნანა ქაჯაია. მისი წერილი ერთი საახალწლო კითხვით იწყება. დედამ შვილს ჰკითხა, საახალწლოდ რა გამოგიგზავნოო... პასუხის მოსმენის შემდეგ ავიაბილეთების ძებნას შეუდგა, მაგრამ ხარჯების გადათვლისას ისევ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომელიც მანამდეც არაერთხელ მიუღია.
ნანა გერმანიაში კიდევ ერთი წლით დარჩება... მანამდე კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ცდილობს, საკუთარი სატკივარი ჩაატიოს.

"ახლა გერმანიაში 00:55 საათია…
მე კი ჩემს ფიქრებში მყოფი ვწერ….
-წელს საახალწლოდ რა გამოგიგზავნო, დე?!
-შენ, დედა…
ის იყო, დავმუნჯდი…
ტელეფონი ხელში შემეყინა და პირველად შემრცხვა იმ ფულის, რომლის გამომუშავებასაც ჩემი სიცოცხლის საუკეთესო წლები შევალიე…
ჩემმა შვილმა ხომ ის მთხოვა, რასაც ვერც ერთ გზავნილში ვერ ჩავუდებდი…
საკუთარი თავი მთხოვა…
ჰო…დედა მოუნდა საახალწლოდ!
ოჰ, ღმერთო…
როგორ უნდა აუხსნა შვილს, რომ სწორედ მის გამო ხარ იქ, საიდანაც ასე ძალიან უნდა შენი წამოყვანა?!
-წელს ჩამოვალ, დე… აუცილებლად ჩამოვალ!
შევპირდი და ტელეფონი გავთიშე…
დიდხანს ვიჯექი ფანჯარასთან და გავყურებდი უცხო ქალაქის საახალწლოდ განათებულ ქუჩებს…
რა უცნაურია, არა?!
აქაც თენდება, აქაც ღამდება, აქაც უყვართ, აქაც ელიან, აქაც ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად…მე კი წლებია, ახალი წლის დადგომას კი არა, ძველი წლის დასრულებას ველოდები, იმ იმედით, რომ იქნებ, შემდეგი მაინც ჩემი იყოს…
ჰო, გეთაყვა…ჩემი!
საწოლის ქვეშ შეგდებულ ჩემოდანს შევავლე თვალი…
რამდენი წლის წინ ჩავაწყვე ამ ერთ მუჭა ჩემოდანში მთელი ჩემი ცხოვრება…რამდენი რამ დავტოვე და რამდენი რამ წამოვიღე, ღმერთო…
თურმე ყველაზე მძიმე ბარგი ის ყოფილა, რომელსაც სასწორზე ვერ აწონი…
მონატრება წამოვიღე…
დედაჩემის თვალები, მამაჩემის ხმა, ჩემი შვილის პატარა ხელები და ჩემი მშობლიური ეზოს სურნელი…
წამოვიღე და სულში ჩავიბინავე…მას შემდეგ რამდენჯერ მომსურვებია ამ ჩემოდნის ჩალაგება…რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ შევაღებდი ჩემი სახლის კარს გაუფრთხილებლად…
როგორ შევძახებდი:
-დედა, მოვედი!
ოჰ, როგორ მომნატრებია დედაჩემის შვილობა…
აქ ხომ სულ ვიღაცის ,,დედა” ვარ, ვიღაცის იმედი, ვიღაცის საზრუნავის შემსუბუქებელი…
იქ კი…
იქ მეც შვილი ვარ, გეთაყვა!
მეც შემიძლია, თავი დედის კალთაში ჩავდო და ცოტა ხნით მაინც აღარ ვიყო ძლიერი…
მეც შემიძლია, მამაჩემს შევჩივლო, რომ დავიღალე ამ დუნიაზე და არ შემრცხვეს ჩემი დაღლილობის…
ემიგრაციამ ხომ ტირილიც სხვანაირი გვასწავლა…
ისე უნდა იტირო, საკუთარ სახლში ვერ გაიგონონ და უცხო სახლში ვერ შეგამჩნიონ…
ის იყო, ფიქრებიდან გამოვერკვიე და ტელეფონში ავიაბილეთების ძებნა დავიწყე…
„ეს წელი და ახალ წელს ოჯახთან შევხვდები…“
ჩავილაპარაკე და გამეღიმა…
წამით ჩემი სახლის სუფრაც კი დავინახე…
დედაჩემის მოფუსფუსე ხელები, მამაჩემის გაბრწყინებული თვალები და ჩემი შვილი, რომლის ჩახუტებასაც ამდენი წელი ვაგროვებდი სულში…
მაგრამ…მაგრამ უცებ საბანკო ანგარიშს შევავლე თვალი…
იქით ერთი ვალდებულება…
აქეთ მეორე…
ოჰ, ისევ ახალი ხარჯები…
შვილიც ხომ წამოიზარდა…
რეპეტიტორების თანხა სჭირდება, ჩავაცვა, დავახურო, განათლება მივცე, ფეხზე დავაყენო…
ისევ გადავითვალე ყველა’ფერი და ჩემივე თავს გამოვუტანე განაჩენი - „ვიქნები კიდევ ერთი წელი…“
ეჰ…
კიდევ ერთი წელი!
რა მცირეა ეს სამი სიტყვა და რა ვრცელი ყოფილა მათი ცხოვრება…
იცით, რამდენი სიცოცხლე ეტევა ემიგრანტის ერთ წელიწადში?!
დედის თმაში გაჩენილი კიდევ რამდენიმე ჭაღარა…
მამის სახეზე ჩამოწოლილი კიდევ რამდენიმე ნაოჭი…
შვილის კიდევ ერთი დაბადების დღე, კიდევ ერთი გაზაფხული, კიდევ ერთი ახალი წელი და ჩემი ცხოვრებიდან ამოვარდნილი კიდევ ერთი წელიწადი, რომელსაც ვერანაირი ფულით ვეღარ გამოვისყიდი…
ოჰ, ღმერთო…
მე ხომ ჩემი შვილის მომავალს ვაშენებ და მის აწმყოში ნელ-ნელა ვქრები…მისი ბავშვობის ამბებს ტელეფონით ვიგებ…
მის გაზრდას ფოტოებზე ვადევნებ თვალს და ზოგჯერ ისე მეშინია…
მეშინია, ერთ დღეს შინ დაბრუნებულს იმხელა ადამიანი დამხვდეს, რომ ვეღარც კი ვიცნო ის პატარა, რომლის შუბლზეც უკანასკნელად ვეამბორე წამოსვლის წინ…
ჰო…
გაგიკვირდებათ და, ზოგჯერ საკუთარი შვილის ყოველდღიურობისაც მშურს…
იმ ადამიანების მშურს, რომლებიც მის გვერდით არიან…
რომლებსაც შეუძლიათ, დილით გაუღვიძონ, გაბრაზებულს მოეფერონ, მოწყენილს ჩაეხუტონ…
მე კი?!
მე შორიდან ვდედობ…
შორიდან ვეფერები…
შორიდან ვდარდობ და დედობის მთელი ჩემი წყურვილი ერთი პატარა ეკრანის საზღვრებში უნდა ჩავატიო…
ეჰ…
რამდენჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის:
ნეტავ, ჩემი შვილისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნაში მის გვერდით ცხოვრების ბედნიერება ხომ არ შემომელია?!
არ ვიცი…
არც ის ვიცი, რამდენად სწორად გავუყავი საკუთარი სიცოცხლე მოვალეობასა და სიყვარულს…
მაგრამ ერთი რამ ვიცი…
ამ დედამიწაზე არც ერთი ემიგრანტის გულის ნატვრა არ ყოფილა საკუთარი ოჯახიდან გადახვეწა…
ჩვენ ხომ სამშობლოდან სიყვარულის ნაკლებობამ არ გამოგვიყვანა…
ზოგჯერ სწორედ მეტისმეტმა სიყვარულმა გამოგვიმეტა ამხელა მონატრებისთვის…
ჰო…
სხვის მიწაზე ვიღვიძებთ და საკუთარი მიწისთვის ვშრომობთ…
სხვის კერას ვათბობთ და საკუთარი კერის სითბო გვესიზმრება…
სხვისი ცხოვრების სიმშვიდეს ვუფრთხილდებით, ჩვენი ცხოვრების სიმშვიდეს კი ყოველი მომდევნო წლისთვის ვინახავთ…
მაგრამ, ღმერთო…
როდემდე?!
განა მე მხოლოდ იმისთვის მოვევლინე ამ დედამიწას, რომ ვალდებულებიდან ვალდებულებამდე ვიცხოვრო?!
განა ჩემი სულის ყველა სურვილი ფულად უნდა ვაქციო?!
განა საკუთარ სიცოცხლეშიც არ მეკუთვნის ერთი პატარა ადგილი?!
ის იყო, ისევ ავიღე ტელეფონი…
ჩემი შვილის ხმოვან შეტყობინებას მოვუსმინე - „დე, თუ ვერ ჩამოხვალ, არა უშავს…“
ამეტირა…
ამეტირა, გეთაყვა…როდის გაიზარდა ასე ჩემი პატარა?!
როდის ისწავლა საკუთარი მონატრების დამალვა, დედას რომ გული არ ატკინოს?!
ოჰ, უფალო…
მე ხომ მისი ბავშვობის გასალამაზებლად წამოვედი და ამასობაში უდედოდ ყოფნასთან შეგუებაც ვასწავლე…
ტელეფონი გულზე მივიკარი და ჩუმად ჩავილაპარაკე - "კიდევ ერთი წელი, შვილო…"
კიდევ ერთი…
მაგრამ, ღმერთო, ერთსაც გევედრები…
ნუ დამაგვიანებ ჩემსავე ცხოვრებაში დაბრუნებას…
ნუ დამიბერებ დედ-მამას ჩემს მოლოდინში…
ნუ გამიზრდი შვილს მხოლოდ ჩემი ხმის თანხლებით და როცა დაბრუნების დღე დამიდგება, იმდენი სიცოცხლე მაინც შემომინახე, რომ ჩემს მიწაზე მხოლოდ წარსულის მოსაგონებლად არ დავბრუნდე…
ჰო…
მე ჩემს სამშობლოში დარჩენილი სიცოცხლის დასაცხოვრებლად მინდა დაბრუნება და არა დაკარგული სიცოცხლის დასატირებლად," - ვკითხულობთ ემიგრანტი დედის წერილში...
გააზიარე სტატია