Logo

ინტერვიუ

"კახი არსად წასულა. მას მუდამ ჩემს გვერდით ვგრძნობ..." - იმერი კავსაძის ემოციური ინტერვიუ

"კახი არსად წასულა. მას მუდამ ჩემს გვერდით ვგრძნობ..." - იმერი კავსაძის ემოციური ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იმერი კავსაძე იმ დროს გავიცანი, როდესაც უკვე ლეგენდარულ კახი კავსაძეს ტელეფონის აღება აღარ შეეძლო და მის ნომერზე უკვე უმცროსი ძმა პასუხობდა... მაშინ ვრცელი ინტერვიუ მომცა და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც არ იცოდა, როგორი ძმა ჰყავდა დიდ არტისტს, ეს ადამიანი ახლოს გავაცანი.

ჰქონდათ დაუვიწყარი ძმობა. სულ ერთად იყვნენ. ამიტომაც არის, რომ დღეს, 88 წლის მომღერალი, თავისი გარდაცვლილი ძმის სიახლოვეს ისევ გრძნობს. ენერგიები არსად მიდის.

კახი და იმერი

ლირიკულ ტენორს 53 წლიანი კარიერა უმაგრებს ზურგს. მაშინ, როდესაც კახიმ თეატრალური ფაკულტეტი აირჩია, უმცროსმა ძმამ კონსერვატორიისკენ აიღო გეზი.

დედას ძალიან უნდოდა, რომ ძმები მუსიკასთან ახლოს ყოფილიყვნენ და ისინი მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა: კახი ფორტეპიანოზე, იმერი - ვიოლინოზე. მუსიკალურ ათწლედში ძმებს სტიპენდიას მანამ აძლევდნენ, სანამ გაირკვეოდა, რომ მამა ტყვედ იყო ჩავარდნილი. მერე სტიპენდიის შეწყვეტა არ აკმარეს და რაც უკვე აღებული ჰქონდათ, იმის დაქვითვა, დედის ხელფასიდან ნელ-ნელა დაიწყეს.

ბავშვებისთვის გაუგებარი იყო, კარგი მოსწავლეები სასწავლებლიდან რატომ გამოყარეს? თან ვიოლინოც უკან დააბრუნებინეს. შეურაცხყოფილები იყვნენ, მაგრამ სიმღერის გარეშე ვერ გაძლეს და დედამ ბიძის, მიშა კავსაძის გუნდში მიიყვანა. მერე ბიჭიკო გველესიანის გუნდში მღეროდნენ, რომელიც მამის მეგობარი იყო და დათაშკას რეპრესიის მიუხედავად, მის ოჯახთან კავშირი არ გაუწვეტია.

კახი და იმერი

ახლა, იმერი კავსაძე ოპერის თეატრის ადმინისტრაციულ განყოფილებაში მუშაობს. სპექტალების მომზადებაში მონაწილეობს, ეხმარება ჯგუფებს. მისგან, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მომღერლისგან, ახალგაზრდები, პატარ-ტაპარა შენიშვნებსა და რჩვებს იღებენ.

"ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ თეატრის გარეშე დღემდე არ შეუძლია. სახლიდან სამსახურში ყოველდღე ფეხით დადის და თავს ძალზედ მხნედ გრძნობს.

იმერი კავსაძე: თეატრის გარეშე, უი, არა. იცით, რეპეტიციაც რომ არ არის, მაინც უნდა მიხვიდე თეატრში, ერთი სახლიდან - მეორეში. თეატრი არის, იყო და იქნება. თუ თეატრი არ არის ქვეყანაში, ესე იგი, არაფერი იქ არ შეიძლება იყოს. მუსიკა უნდა სრულდებოდეს, მოცეკვავე - ცეკვავდეს, მუსიკოსი უნდა უკრავდეს, მომღერალი - მღეროდეს...

88 წლის ვარ, გიჟი კი არ ვარ, ასაკი დავმალო. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. 40 წლით უმცროს ადამიანს რომ ველაპარაკები, ასაკობრივ სხვაობას ვაქარწყლებ. ახალგაზრდულ ენერგიას ვიღებ. ვცდილობ, მოსაუბრესთან, არსებული ასაკობრივი ზღვარი რაც შეიძლება მინიმალური იყოს.

- თქვენი ასაკის საიდუმლოება რაშია? ვიცი, თქვენ და ბატონი კახი ახალგაზრდობიდან ვარჯიშობდით...

- მაქვს გარკვეული ვარჯიშების "კრებული". ავდგები თუ არა, 20-30 წუთი აუცილებლად უნდა ვივარჯიშო. ჩაცუცქვა, აჯიმანიები, მკლავების ვარჯიში, ფეხების... ზოჯგერ დრო არ მაქვს რომ ვივარჯიშო, მაგრამ იმის გამო, რომ ვარჯიში არ გამოვტოვო, მირჩევნია ადრე ავდგე, ვივარჯიშო და ისე გავიდე სახლიდან. სამ-ოთხ თვეში შეიძლება ერთი დღე გავუშვა ვარჯიშის გარეშე. შემდეგ - ყოველდღე ფეხით მივდივარ თეატრში და უკანაც ვბრუნდები ფეხით. ვორონცოვიდან ოპერის თეატრისკენ - ორი ხიდი, ლეონიძის ბაღი, ხან ძნელაძით, ხანდახან - რუსთაველით. უკანა გზაზე თუ წვიმა მომისწრებს, მივირბენ ავტობუსის გაჩერებაზე, გალერიის წინ. დღესაც ცრიდა და ფეხით წავედი...

- კვებასაც ასეთი სწორი მიდგომით აკონტროლებთ?

- კვებას განსაკუთრებული სიფრთხილით არ ვუდგები. ნორმალურად ვიკვებები, საღამოს ნაკლებ პურს გეახლებით. ტკბილეული არ მიყვარს. ტორტზე რომ გიჟდებიან, მე კექსი მირჩევნია. პრემიერებზე, დაბადების დღეებზე დაჭრიან დიდ ტორტს და არის ამბავი! მე არ მიყვარს. სულ უშაქრო ჩაის ვერ მივეჩვიე, ცოტათი მაინც ვშაქრავ. კრაკოვში ცხოვრებისას, ჩემს გარემოცვაში, უშაქრო ჩაის სვამდა ყველა. იმ დროიდან მოვუკელი შაქრის რაოდენობას. მიყვარს კარგი დაყენებული ჩაი...

სმა მაშინ შევწყვიტე, ინტენსიური სამუშაო რომ გაჩნდა - სცენაზე შევდგი ფეხი თუ არა. 26 წლის გახლდით...

იმერი კავსაძე

- ამ გადმოსახედიდან, ხანგრძლივ კარიერას როგორ აფასებთ?

- თაეტრში რომ შევდგი ფეხი, მინდოდა ბევრი როლი, ბევრი სიმღერა. საომრად ვიყავი გამზადებული. ცეცხლს ვაფრქვევდი. წავედი რუსეთში, სადაც ჩემი განვითარება და აღმასვლა დაიწყო. შვიდი წელი ვიყავი ქალაქ გორკის თეატრის სოლისტი. 15 პრემიერა ვიმღერე. ეს იყო ჩემი ფრთების გაშლა. უზარმაზარი რეპერტუარი დამიგროვდა. ეს რის ანგარიშზე მოხდა, იცით? კონსერვატორია რომ დავამთავრე, 11 პარტია მქონდა მზად. გამომადგა - "რიგოლეტო", "ტრავიატა", "სევილიელი დალაქი", "ფაუსტი"...

1975 წელს რომ დავბრუნდი, პირველი წელიწად ნახევარი ქუთაისის ოპერაში ვიყავი. საკმარისი წვლილი შევიტანე იქაური თეატრის მუშაობაში. თბილისში, ოპერის თეატრის ხანძრის შემდეგ, ახალი რომ გაიხსნა, 1977 წლიდან მოყოლებული, მე ამ თეატრის ნაწილი ვარ; ბევრი სპექტაკლი, ძველი, ახალი, პრემიერები... აღდგა ძველი სპექტალები, დაიდგა ახალი და მე შევუერთდი დასს.

იმერი კავსაძე

1991 წელს, იმერი კავსაძე საცხოვრებლად გადავიდა პოლონეთში. იყო ქ. კრაკოვის საოპერო თეატრის სოლისტი, სადაც მისი დებიუტი შედგა ისმაელის პარტიით (ვერდის "ნაბუქო"); პოლონურ თეატრალურ სამყაროში, თავის დამკვიდრება თავიდან მოუწია.

იმერი კავსაძე: უკვე 55 წლის ვიყავი. ეს ის ასაკია, ბევრი ტენორი რომ ასრულებს თავის კარიერას. კრაკოვში ჩავედი საკმაოდ აღიარებული მომღერლის და სახალხო არტისტის წოდებით. თუმცა იქ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. უნდა მეჩვენებინა ვოკალური, ვიზუალური თუ გონებრივი შესაძლებლობა. არ მქონდა იმის საშუალება, რომ 55 წლის შემდგარი მომღერალი და მოვშვებულიყავი. ამიტომ ვიყავი აბსოლუტურად შემართული, მობილიზებული.

"კავსაძე არასდროს არ ხდება ავად", ასე ამბობდნენ ჩემზე. იმედი ჰქონდათ, რომ მე არასდროს გავაცდენდი. ჩემი იმედი სულ ჰქონდათ, ყველგან, სადაც ვმუშაობდი. რომ გადავხედო, ამდენი წლის მანძილზე, სულ ორჯერ ვიქნები რეპეტიციაზე დაგვიანებული. ერთხელ მანქანაში ჩამეკეტა გასაღები და გარეთ ვერ დავტოვე. მეორედ, ნოვოსიბირსკის თეატრში, შემღერებას სად გადიოდნენ, ვერ ვიპოვე. მანამ მივედი, ისხდნენ და მელოდებოდნენ. დღემდე არ ვიგვიანებ. მე მირჩევნია, მე ველოდო, ვიდრე მე მელოდონ. ეს ჩემში აღელვებას იწვევს. არც ჩემი შვილი არასოდეს არ დაიგვიანებს.

- არის პარტია, როლი, რომელსაც რაიმე ნიშნით გამოყოფდით?

- ახალ როლზე რომ მუშაობ, ის გიყვარს გიჟივით. რატომ? ახალია. გინდა იმღერო, იმღერებ და უფ, რა კარგია! გახმაურებული იყო ოთარ თაქთაქიშვილის სპექტაკლი - "პირველი სიყვარული", რომელსაც "შერეკილების" სიუჟეტი ჰქონდა; მახსოვს, მასზე მუშაობისას, სხვა შემართება და სიხარული იყო. ისეთი ჯგუფი შეიკრა, გადასარევი იყო ყველა პარტია. არის სცენა, რომელიც გიჟივით მიყვარდა. ფსიქიატრი ნოშრევანის პარტიას რომ ვმღეროდი, მართლა გიჟი ვეგონე ყველას. იმ როლში მართლა გიჟი ვიყავი.

უდიდეს მომღერლებთან და უდიდეს დირიჟორებთან მაქვს ნამუშევარი, ამ მხრივ განებივრებული გახლავართ. ქართულ მუსიკალურ ელიტაში, თითქმის ყველასთან მაქვს ნამუშევარი. გული არ დამწყვეტია. ყველა ბუმბერაზ მუსიკოსთან მიმუშავია. ყველასთან.

იმერი კავსაძე

53 წელი არ არის კარიერისთვის ცოტა დრო. ფაქტობრივად, აღარ ვმღერი. სატელევიზიო პროექტში - „მიმღერე“ მონაწილეობის მისაღებად „შემაბეს“ და კიდევ კარგი. რა ხალხი გავიცანი და დავიმეგობრე. ჩემივე გასაღებით გამიღეს კარი.

იმერი კავსაძე

- დედას, თამარ ცაგარეიშვილს, ინტერვიუებში, დიდი მოწიწებით ახსენებთ მუდამ. თქვენი და ბატონი კახის პიროვნებებით თუ ვიმსჯელებთ, ის არაჩვეულებრივი ქალი უნდა ყოფილიყო...

- ასეც იყო. მთავარი, რაც დედისგან მე და კახიმ ვისწავლეთ და შევითვისეთ, იყო პატიოსნება. დედას ფანატიკურად უყვარდა მამაჩემი და აქედან გამომდინარე, მთელი კავსაძეები.

დედა, 28 წლის ლამაზი ქალი, დარჩა მარტო, ორი შვილით. მამაჩემი ომში წაიყვანეს, საომრად. მარტოხელა ქალს ორი ბიჭი ჰყავდა გასაზრდელი. თავიდან მისი მორიდება და შიში თუ გვქონდა, მერე ეს გრძნობები სიყვარულსა და პატივისცემაში გადავიდა. ჩვენ ვხედავდით დედას დამოკიდებულებას მამაჩვენისადმი და მთელი ჩვენი საგვარეულოსადმი. დედა ცდილობდა ახლოს ვყოფილიყავით კავსაძეების მხარეს. ვხედავდით მის სიწმინდეს და პატიოსნებას.

დათაშკა კავსაძე

დეიდას თინა ერქვა. მისი ქმარიც ომში გაიწვიეს და დებმა გადაწყვიტეს ერთად ეცხოვრათ, რომ ერთმანეთს მიხმარებოდნენ. დედაჩემი ორ-სამ ადგილას მუშაობდა, გაგლეჯვაზე იყო. თინა სკოლის პედაგოგი იყო, შედარებით ნაკლებად დაკავებული იყო სამსახურში და ის გვივლიდა მე და კახისაც და თავის ორ ქალიშვილსაც.

ხელფასიდან ხელფასამდე ძალიან რომ გაუჭირდებოდა, დედა მეზობლისგან ისესხებდა ფულს და იმ რიცხვს არ გადააცილებდა, რასაც დაპირდებოდა. იცოდა, რომ მერე ისევ არ გვეყოფოდა თანხა, მაგრამ რომ შეპირდებოდა, სიტყვას არ ტეხდა და ხელფასზე ვალს აბრუნებდა.

კავსაძეები

ჩვენს გარემოცვაში ბევრი კარგად ცხოვრობდა. მაგრამ დედისგან ისე გვქონდა ჩანერგილი, რომ არავისი არ გვშურდა. გვიხაროდა, რომ ჩვენი ამხანაგების მშობლები კარგად ცხოვრობენ.

არასდროს გვქონია ასეთი დამოკიდებულება - "ისინი რომ ასე კარგად ცხოვრობენ, ჩვენ რატომ ვართ ასე?" გვიხაროდა, რომ ჩვენი მეგობრები თუ მეზობლები, კარგად იყვნენ. გვიხაროდა სხვისი წინსვლა. ბოღმა და შური უცხო იყო ჩვენთვის. ეს თვისება ბოლომდე გაგვყვა. რამდენმა ადამიანმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში - კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები... არავისთან გაჯიბრების სურვილი მე არ მქონია.

კავსაძეები

ჩვენ ვიცოდით, რომ არ უნდა დაგვეშავებინა; არც არაფერს ვაშავებდით, რადგან დედას ეწყინებოდა. ისედაც მწარე ცხოვრება ნანახი ქალი იყო და ჩვენგან, დამატებით სიმწარე არ უნდა ეგრძნო. არადა, ისეთ უბანში ვცხოვრობდით, ისეთ გარემოცვაში შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით, რომ ავცდენილიყავით სწორ გზას.

"ნაკოლკები" შემოვიდა იმ დროს, მოვიდა ერთი ბიჭი თითებზე ეწერა დაბადების წელი. მე მეგონა, "ნაკოლკა" რომ თითზე გამეკეთებინა, დედა იმ თითს მომაჭრიდა.

კავსაძეები

დედა ბოლომდე მუშაობდა. ამბობდა ხოლმე, ღმერთმა ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ჩემი სამსახურის გარეშეო. ასე უყვარდა თავისი ხალხი და სპეციალობა. პედიატრიული ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ექიმი იყო. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა, 68 წლამდე. მაშინ ასაკოვანი გვეგონა - ბებიაათქო, ვამბობდით. ირაკლისთვისაც და დათაშკასთვისაც ის იყო კაკალა ბებია. ახლა 20 წლით გადავაჭარბე დედაჩემს...

დედისადმი მოწიწება და პატივისცემა გვქონდა ბოლომდე.

დედა ჩვენთვის ბოლომდე ავტორიტეტი იყო.

ჩვენ წელგამართულები ვიყავით. დედა იყო ქალი, რომელიც გვეამაყებოდა. ასევე გვეამაყებოდა მამაც.

არ ყოფილა საქართველოს არც ერთი კუთხის, არც ერთი კუნჭული, კონცერტით რომ არ მომევლოს. აფიშაზე წაკითხული გვარი - კავსაძე და გაკითხვა, რომელი კავსაძის? დათაშკა კავსაძის შვილია! არ მახსოვს, მამაჩემის ხსენებაზე დიდი შეფასება არ მომესმინა.

მშობლების სახელი სულ წინ გვხვდებოდა. ეს ყველაფერი დაილექა ჩვენში. ამით გამოვიკვებეთ მე და კახი...

კავსაძეები

კაცს ვერ ნახავ, რომ კახიზე ცუდი ეთქვა, აქეთ - ჩემზე. ყველასთან ვცდილობ ვიყო ნამდვილი.

- გავიხსენოთ დიდებული კახი...

- დღეში რამდენჯერ ვურეკავდი, ვინ მოთვლის. გვქონდა ასეთი წესი, მასთან თუ ვიყავი და სახლში წამოვიდოდი, უნდა დამერეკა, მივედი-მეთქი, ვეტყოდი. ანდა - პირიქით. სხვადასხვა ადგილას რომ ვიყავით, ვურეკავდით ერთმანეთს, ასე იყო ბოლომდე. კახის არ ყოფნა, ამაში გამოიხატება, რომ სატელეფონოდ არ ვურეკავთ ერთმანეთს, თორემ სხვა მხრივ, სულ ჩემს გვერდშია. მე მას აბსოლუტურად ვგრძნობ. ეს კაცი არსად არ წასულა. თითქოს აგერ არის, რაღაც უნდა ვკითხო, მოვუყვე...

კავსაძეები

პანდემიის დროს რომ დაუძლურდა და გარეთ აღარ გამოდიოდა, მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, ირაკლი რუხაძე ყოველ საღამოს კახისთან ვიყავით. მივდიოდით, მოვდიოდით. ერთხელ ვსაუბრობდით და კახის სავარძელში ჩაეძინა. მზიკო დავითაშვილი უვლიდა; ჩვენ წავედით, მზიკოთქო და დავემშვიდებეთ. რომ გაუღვიძია, მოვუკითხივართ - სად წავიდნენ ეს უსახლკაროებიო. დაგვარქვა "უსახლკაროები". მაგარი იუმორი ჰქონდა.

კავსაძეები

ის ჩემთვის, არსად წასულა, უბრალოდ, ხშირად და ფიზიკურად არ არის გვერდით. ხშირად მინდა რაღაც ვუთხრა, თითქოს ვეუბნები, ესმის. მე რომ ვთქვი, შეგრძნება მაქვს, რომ მან გაიგო. მინდა რაღაც მოვუყვე. ვყვები, ვფიქრობ და ეს აზრი მოყოლის ფორმით მიდის სადღაც.

ხანდახან ვბრაზდები - ბიჭო, რა ქენი ეს-მეთქი? ხანდახან ვამბობ, ახლა უყურე შენა, კახი ახლა იქ არის - დედასთან და მამასთან. ჩვენ ხომ ერთად ოთხივე არ ვყოფილვართ?! ნეტავ როგორ არიან იქ? რამდენად არიან ჩემს მოლოდინში... ვფიქრობ ხოლმე.

კავსაძეები

სიკვდილი არაფერია, ეს არის წასვლა. ეს სიტყვა არავის აქვს მსოფლიოში - ცვლა, სახე იცვალა, გარდაიცვალა.

ეს გრძნობა არსად წასულა. მითბობს ამ ამბავს, რომ იქ კარგად არიან. თბილად არიან, დარწმუნებული ვარ. მეც რომ მივალ, მეც კარგად ვიქნები. რას ჰქვია სული გაქრეს? ის მარადიულია. რამდენჯერ ყოფილა, გვერდში მოგეჩვენება. თითქოს გაიარა... ხშირად მოდის ეს ზმანება. ეს ადამიანს აძლევს იმედს, რომ შენი ოჯახის წევრი არ წასულა, გელოდება. ეს დროებითი განშორებაა. მერე ისევ ერთად იქნებით...

კახიმ რომ იკითხა, ნეტავი იქ თეატრი არისო? რას ლაპარაკობ, კაცო? არის, აბა?! იმედი მაქვს, მაგათთან შევერთდები თეატრში, იქაც ვითამაშებ.

კავსაძეები

ავტორი: თამარ გონგაძე

02/05/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024