
11/20/2026
ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას, გუშინ 5 შვილის დედა ნინო ჭელიძისა და მისი 7 წლის ქალიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნინო სახლში ორ უმცროს შვილთან ერთად იმყოფებოდა. ხუთშვილიანი ოჯახის დანარჩენი წევრები, ამ დროს შინ არ იყვნენ...
3 წლის თაიას ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ, გაჩნდა იმედი რომ მაშველები ოჯახის სხვა წევრების გადარჩენასაც შეძლებდნენ. თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
მალე მაშველებმა ახალგაზრდა ქალის, მოგვიანებით კი 7 წლის გოგონას ცხედარი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
დატრიალებულ ტრაგედიას ემოციური პოსტით გამოეხმაურა რეჟისორი სანდრო ელოშვილი.
სანდრო ელოშვილი:
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… სამი შვილი სკოლაში წავიდა, ორი კი სახლში დარჩა დედასთან… მერე ალბათ გაიგებდა ყველაფერს ტელეფონით ან ტელევიზორით… მერე სხვებთან ერთად დაუღამდებოდა სადარბაზოსთან… ბევრჯერ იკითხავდა ამბავს, მაგრამ ამბის მცოდნე ვერ გაუსწორებდა თვალს…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… სამსახურში წავიდა, რომ უკეთესი ჰქონოდა ხვალინდელი დღე… ალბათ დაიბარა როდის მოვიდოდა… ალბათ დააბარეს რამე ტკბილი…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და როცა დაბრუნდა… არა იმიტომ, რომ არ უნდოდა… უბრალოდ სახლში ვერ შევიდა… გაცდებოდა ყვითელ ლენტებს… პოლიციელსაც სთხოვდა… მისი ტკივილი ყველას ააცრემლებდა, მაგრამ ქვა და რკინას ვერ… მისი სახლის კარი რომ ამოქოლა…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… დღეს კი… ის დღე
გაუთენდა… არავის რომ არავისთვის უსურვებია დედამიწაზე… ახლა აღარც დღეა და აღარც ღამე… ტკივილმა დრო არ იცის… ტკივილი უკითხავად მოდის…
კაცი რომ გავიდა გუშინ სახლიდან… მოუყვებიან არასწორად დამონტაჟებულ გამათბობელზე, წინდაუხედავ მეზობელზე, გაუმართავ გაზის მილზე… თვითონაც ბევრ რამეს მოიფიქრებს… ახლა ხომ ცხოვრება უსასრულოდ გრძელი იქნება…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და არ მოხდება ის რაც არასდროს მომხდარა… არ დაბრუნდება დრო… რაც იყო, ერქმევა გუშინ… რაც არ ყოფილა - ხვალ.
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და ალბათ ფიქრობს… გასულიყო ყველასთან ერთად… ან სულაც არ გასულიყო…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დატოვა იქ,
სადაც ყველა ვტოვებთ ხოლმე… ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ადგილას… სახლში… ხომ ვამბობთ კიდეც… ვეუბნებით… ძლიერი ქარია… ან წვიმს… ან თოვს… ან არეულობაა… ან რაღაც ხდება და ახლავე წადი სახლში…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და ახლა სხვა სახლში მოუწევს შვილებს უთქმელ კითხვაზე უთქმელად უპასუხოს… სად არის და… და სად არის დედა…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… ქმარი…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… მამა…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… ბედნიერი…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… უკან კი ვერ დაბრუნდა...
გააზიარე სტატია