
10/21/2026
მერაბ დვალიშვილთან მესამე დაპირისპირების წინ, პიოტრ იანი თავდაჯერებულ განცხადებას აკეთებს.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა FULL SEND MMA-სთან ინტერვიუში მეტოქის ცნობილ მეტსახელი „მანქანა“ ახსენა და თქვა, რომ მის დასამარცხებლად მზად არის.
იანის თქმით, მოსამზადებელ პერიოდში გუნდთან ერთად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობდა და მოახლოებულ შეხვედრაშიც მერაბისგან ჭიდაობაზე აქცენტს ელის. მისი შეფასებით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის მიწაზე გადაყვანას შეეცდება, რადგან დგომში სერიოზული სირთულეები შეხვდება.
„ეს „მანქანა“ ერთხელ უკვე დავლეწე. ახლა ხელოსნის როლს მოვირგებ და დავშლი ამ „მანქანას“, - განაცხადა იანმა.
ინტერვიუში რუსმა მებრძოლმა ბრძოლის ადგილზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ამერიკაში გამოსვლისას სირთულეს მხოლოდ ხანგრძლივი მგზავრობა და აკლიმატიზაცია არ ქმნის, სავიზო პრობლემების გამო მას ყოველთვის ვერ მიჰყვებიან მწვრთნელი და სპარინგპარტნიორები.
აბუ-დაბიში კი იანი მეგობრებისა და გულშემატკივრების უფრო დიდ მხარდაჭერას ელის. როგორც თავად განმარტავს, ამერიკაში ბრძოლაც მისთვის მისაღებია, თუ იქ სრულ გუნდთან ერთად ჩასვლას შეძლებს.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე შეხვედრა 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გაიმართება. ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას შეეცდება.
გააზიარე სტატია