საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
“ლიქოკელი იყო 97 წლის მოხუცი… ჭრილობის შეხვევისას იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვრთი ხელოვანი… მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა… ვხედავდი მოხუცს, რომელსაც ჰქონდა ცოდნა ყოველგვარი ჭრილობისა და რომელიც იყო დახელოვნებული მკურნალობაში. საითგან?… ჩემი რწმენა, რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა, აქ ნათლივ მტკიცდებოდა, სხვა ახსნა შეუძლებელი იყო/ თვალს ვერ ვაცილებდი ამ ჯადოსანს, რომელიც იდგა ჩემს წინ ვითარ ლანდი პრეისტორიული ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალა…” - წერდა გრიგოლ რობაქიძე თავის რომანში "ენგადი".
ხევსური დასტაქარი, რომელსაც რობაქიძე ჯადოსანს უწოდებს, მგელიკა ლიქოკელია. იგი ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა.

გადმოცემის თანახმად, მგელიკა ლიქოკელი მამისგან და პაპისგან მიღებული ცოდნით კურნავდა ხალხს და მისი წინაპრებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ დასტაქარობის ხელოვნებას
ფაქტია, რომ მას ცოდნა ჰქონდა პროფესიონალებისგან და თავის ქალის ტრეპანაციას თავისი შეხედულებით ვერ ჩაატარებდა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, რომ საუკუნეების წინ საქართველოში მედიცინა მაღალ დონეზე იყო.
პოლონელ მწერალს ჰელენა ბობინსკას ხევსურეთის შესახებ, რუსეთში მყოფი პოლონელი კინორეჟისორის, კაზიმეჟ ჰერტელისგან გაუგია, რომელმაც კავკასია კინოფირზე გადაიღო. მასთან ერთად ყოფილა გრიგოლ რობაქიძეც.
თავის რომანში „ქაბუნაურთა შთამომავლის შურისძიება“ ბობინსკა წერს:
„ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავთ? ღმერთმანი, როდესაც მისი უბრალო ჩაქუჩები, დანები და მახათები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვიდრე ექიმად. გასაოცარია, მას ამ იარაღებით თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. როგორც ირკვევა მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. ის ექიმობაში სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა და შემდეგ თვითონაც ექიმობის გზას დადსგომია.”

მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმსა და მწერალს, გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“.
გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო. ავადმყოფ ბიძურა არაბულს, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუწერია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია.
როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით.

ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა, ვინმეს დახმარების გარეშე და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას. „მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს“.
მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, კორშას მუზეუმშია დაცული.
მგელიკა ლიქოკელის შესახებ ასევე საინტერესო ცნობებია ალექსი ყამარაულის ნარკვევში „ხევსურეთი“ (1932 წ). მასში შესული ცნობების თანახმად, ხევსურ ჯადოსან დასტაქარს 413 (ზოგან 440 წერია) ადამიანი განუკურნავს. ის ფშავში, გუდამაყარში, თუშეთსა და ქისტეთშიც გადაჰყავდათ ავადმყოფების დასახმარებლად. წამლებსაც თვითონ ამზადებდა.

მისი შთამომავალი შოთა არაბული ამბობს:
,,როდესაც ადამიანმა არ იცოდა მიზეზი, თუ რატომ სტკიოდა თავი, მგელიკა ცომივით მოზელდა რაღაცას, თხელ ფენას თავზე გადააკრავდა ავადმყოფს და სადაც დაზიანების კერა იყო, ეს მასა იქ ამოფუვდებოდა… იმ ადგილს მონიშნავდა და შემდეგ მონიშნულ ადგილს ბურღავდა, დავიდოდა დაზიანების კერამდე და იწყებდა მკურნალობას…”
მგელიკა ლიქოკელის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ღრმად მოხუცებული თვითონ გამხდარა ავად. 100 წელს მიღწეულ მგელიკას თავადაც დასჭირვებია ოპერაცია (მოტეხილობის გამო). როცა მიმხვდარა, რომ საკუთარი ხელით ოპერაციას ვერ გაიკეთებდა და წამლებიც ვერ შველოდა, ტკივილები კი სულ უფრო უძლიერდებოდა, 1935 წელს თავი მოუკლავს...
01/30/2026