Logo

ინტერვიუ

"არ მინდა, რომ ცუდად იყოს... ხომ იცით, არაფერი იმალება" - გია ჯაჯანიძის ინტერვიუ

"არ მინდა, რომ ცუდად იყოს... ხომ იცით, არაფერი იმალება" - გია ჯაჯანიძის ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ორნელა მუტი ვერც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი იტალიელების მსგავსად ტემპერამეტულ ქართველებთან ერთად, ეთერში მოხვდებოდა, წამყვანს მისი სახელი შეეშლებოდა და ამის გამო, მეორე წამყვანი მსუბუქად წამოჰკრავდა თავში ხელს. მერე ამაზე ერი იჭორავებდა და აღარ გაჩერდებოდა, რაც ამ ფაქტის შემდეგ, დამთხვევა-შემთხვევითობის სარჩულით, ტელევიზიას ის წამყვანი დატოვებდა, 64 წლის თანაწამყვანს რომ "წამოუთაქა".

ნანიკო ხაზარაძე

თუ ვინმე დარჩა, ვინც ამ ამბავს ჩამორჩა, დაგაწევთ: საქართველოში ვიზიტისას, იტალიელი კინოვარსკვლავი - ორნელა მუტი "იმედის" ეთერს სტუმრობდა. გია ჯაჯანიძემ მას შეცდომით მიმართა - ქალბატონო ორლენა. ნანიკომ სტუმრის სახელი გაუსწორა და თანაც ხელი წამოარტყა, თან მიაყოლა - მოგეფერეო. გიამ უთხრა, რომ ახლა ეს მოფერება უადგილო იყო. ნანიკომ მოუბოდიშა. ფაქტიდან რამდენიმე დღეში, ნანიკო ხაზარაძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მან ტელეკომპანია "იმედი" დატოვა და ყველაფერი კარგადაა. სოცქსელები აიკლო საზოგადოების ვერსიებმა, ტყუილ-მართალმა, რომ ხაზარაძეს ტელევიზია სწორედ ამ ფაქტის გამო დაატოვებინესო...

გია ჯაჯანიძე "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ნანიკომ თვითონ მიიღო ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება და ორნელასთან დაკავშირებული "სკანდალი", სამსახურის დატოვებასთან კავშირში არ უნდა იყოს.

ჯაჯო

გია ჯაჯანიძე: მე და ნანიკო ვმეგობრობთ და ერთმანეთთან შეთამამებულები ვართ. უტრირებულია შეფასება, თავში ჩაარტყა და წამოარტყა. პატარა ბავშვს რომ ეტყვიან, შენ ჩაქრიო, ზუსტად ეს მომენტი იყო მისგან.

იმ წამს დავიბენი, მართლა დავიბენი. სიტუაციამ და მოულოდნელობამ დამაბნია, იმანაც - რას იტყოდა სტუმარი. მაგრამ ორნელამ ვერც გაიგო, რა მოხდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ნანიკოც, მეც უხერხულად ვიგრძენი თავი. წყენაც ვერ მოვასწარი. იცით, რატომ? გაანალიზების დრო არ მქონდა, ისე მშვიდად დავსვი კითხვა. მითხრა, უკაცრავად, სიყვარულით ვიხუმრეო. გადაცემა რომ დამთავრდა, ძალიან შეწუხებული იყო. ისე შეწუხდა ნანიკო, რომ მე აღარ მწყენია.

- ეთერის შემდეგ მისთვის არაფერი გისაყვედურიათ?

- არა. ამას არ მოვიტყუებ და ვერ მოვიტყუებ. მე რომ ეს წყენა გულში ჩამედო, გადაცემის შემდეგ რაიმეს ვეტყოდი. საყვედურიც არ მითქვამს მისთვის. არავის არაფერი არ ვუთხარი. იმდენად შეწუხებული იყო, მახსოვს, აქეთ ვუთხარი, კარგი, აღარ გინდა ამდენი ახსნა-მეთქი. ძალიან განიცადა.

მერე მე ავიღე ჩანთა და იმ დღესვე, ტურისტული ტურით, გავფრინდი სერბეთში. რამდენიმე დღის შემდეგ რომ დავბრუნდი და ჩავრთე ტელეფონი, შემხვდა ნანიკოს ვიდეო, "იმედი" დავტოვეო. კინაღამ შოკში ჩავვარდი. ძალიან მოულოდნელი იყო.

ჩვენ რომ გვყოლოდა შინაურები სტუმრად, ანუ ქართველები, ვფიქრობ, ამხელა ამბავი არ მოჰვებოდა ამას. რადგან მართლა ასე იყო - შენ ჩაქრი, ჯაჯოო, ამ მსუბუქი განზრახვით წამკრა ხელი.

ეს არ იყო ნანიკოს მხრიდან სპეციალურად გაკეთებული - თავში ჩამარტყა და მსგავსი რამ... არ იყო ასე. უნებლიე იყო მისი საქციელი. ადამიანს ფეხი არ დაუბიჯებია? არც ამხელა ამბავი იყო ასატეხი. დაიწყეს შეფასებები - ჯაჯოს კაცური თავმოყვარეობა შელახა, მისი ბეგრაუნდი არ გაითვალისწინაო... ვერავინ დამაჯერებს, რომ მე ნანიკომ დამამცირა. მოხდა და მოხდა. შეხუმრებულები ვიყავით. ისეთ რაღაცებს წერენ, შოკში ვარ. ამ ვერსიებს საიდან იგონებენ და ავრცელებენ. ეს არის სკანდალი სკანდალის გარეშე.

ჯაჯო

- მანამდე მსგავსად გაგხუმრებიათ ეთერში?

- მუჯლუგუნი, მხარის გაკვრა, ახლოს ვისხედით და ეს იყო, მაგრამ არაფერი ისეთი. არც ის იყო პირველი შემთხვევა, მე რომ სახელი შემეშალა. გუჩის ნაცვლად ერთხელ ვთქვი - ბუჩი. ნანიკო კვდებოდა სიცილით. დააკვირდით ამ კადრსაც, სიცილით წამითაქა.

ხომ იცით, არაფერი იმალება, საქართველოა. გავა დრო და გამოჩნდება, თუ რამეს ვიტყუები. დღესაც ვნახე, ტელევიზიაში იყო მოსული, ჩვეულებრივად შევხვდით, ქვეყანამ დაგვინახა, რომ ერთმანეთი გადავკოცნეთ და ვლაპარაკობდით. შევჩერდი, დავილაპარაკეთ და დავიშალეთ. მოვიკითხე, რა შვები, რას აკეთებ-მეთქი. საინტერესო შემოთავაზებები მაქვსო, მითხრა.

მე არ ვიცი, გარედან როგორ ჩანს, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. ადამიანი, რომელიც გეიმედება.

- რას ამბობს, რატომ წავიდა?

- თვითონ წავიდა. არ გაუშვიათ. რაღაც მიზეზით სამსახურიდან არ გაუშვიათ.

- ანუ მისი ტელევიზიიდან წასვლის მიზეზი თქვენ არ ყოფილხართ?

- არა, მე ასე ვთვლი, მისი წასვლის მიზეზი არ ვყოფილვარ. ნამდვილ ვერსიას და მიზეზს თვითონ იტყვის. ეს დაემთხვა ან თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. ვერ გეტყვით. მე ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ. ნანიკო ვერასოდეს ვერ იტყვის, რომ ჩემ გამო წავიდა. მე მაგას გამოვრიცხავ. ასე ვფიქრობ... არა მგონია...

- გავრცელებულმა ვერსიამ რამდენად იმოქმედა თქვენზე?

- ეს მანაც კარგად იცოდა, მეც და შიგნით ყველამ, რომ ეს ჩემ გამო და ჩემი მიზეზით არ ყოფილა. მე ერთადერთი იმან შემაწუხა, რომ სად უნდა დაიწყოს მუშაობა-მეთქი? როგორც კი მისი წასვლის შესახებ გავიგე და დავურეკე მითხრა, ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულოო. შენ გაიხარე, აწი აღარ ვინერვიულებ, თუ ყველაფერი კარგად გაქვს-მეთქი. მაქვს შემოთავაზებები, ვფიქრობ, რა გადაწყვეტილება მივიღოო.

- ასე რატომ დაგამშვიდათ?

- მართლა ვნერვიულობდი. სამსახურის გარეშე რომ ადამიანი დარჩება, არ უნდა ინერვიულო? მართლა ვგულშემატკივრობ. არ მინდა, რომ ცუდად იყოს.

ადამიანებს უკვირთ, როცა მე ამას ვამბობ, "მოხდა და მოხდა, მერე რა მოხდა?" როცა არსებობს - ღალატი, სიკვდილი, ტრაგედია და ადამიანის უბედურება, ამასთან შედარებით რა არის, როცა სიცილით ადამიანმა ხელი მკრა თავზე? ეს რატომ არის ერის გასარჩევი? ვინმემ ამიხსნას! ხომ შედარებითია ყველაფერი, მეც იმიტომ ვადარებ, სიკვდილ-სიცოცხლე რომ არსებობს, შეიძლება ამ თემაზე გაუთავებლად წერონ? მე მიყვარს სიცოცხლე და მახსოვს სიკვდილი. ამიტომ აღარაფერი აღარ მადარდებს.

ჯაჯო

ან იქნებ, რა ვიცი, მე დამიქვეითდა შეგრძნებები, ასეთი რანგის ადამიანს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს თავში წამომარტყეს. მე კიდევ ვამბობ - რას დავეძებ-მეთქი. 65 წლის ვხდები. როდის მოვკვდები არ ვიცი, ახლა იმაზე ვინერვიულო, ხალხი რას ამბობს? გაოცებული ვარ - ხალხი ყოფილა მოცლილი. მაწუხებდა, როდესაც ნანიკოზე ამბობდნენ, რატომ მოიქცა ასეო? ცოტა მეც მიმალანძღეს. მე ვარ მადლიერი, რომ ერთი კვირა ხალხი გაერთო. ხალხს ჰქონდა საქმე, მაგრამ დიდი დოზით.

- ეგ ხომ ძველი თემაა, პურსა და სანახაობაზე რომ ვართ დაგეშილნი?!

- არა, კიდე არ ვიცოდი, რომ ეს გვაინტერესებს...

- ამ ორომტრიალის მიზეზმა, ორნელამ როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

- ძალიან თავმდაბალი, უბრალო ქალია. რომ არ გცოდნოდა, ვინ იყო, გაგაოცებდათ მისი სითბო. გადაცემის შემდეგ მითხრა, რა საოცარი ტანსაცმელი გაცვიათო. სასწაული ფირუზისფერი სამოსი, ორნელას თვალებისფერი, სპეციალურად მისთვის შევიკერე. თან კომპლიმენტი მითხრა, როგორ უცხოდ გამოიყურებითო. უცხო პლანეტა იგულისხმა (იცინის)... ამიტომ ნანიკოს წყენა აღარ გამყოლია. მე ვარ ადამიანი ნირვანა...

ჯაჯო

ავტორი: ლილიანა ფალიანი

05/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024