
11/18/2026
„კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, დამმართა კიბო“, - თქვა მომღერალმა ხათუნა ჟორდანიამ აჭარის მაუწყებლის გადაცემაში „სხეულით მოყოლილი ამბავი“.
ხათუნა ჟორდანიამ ისაუბრა ქიმიოთერაპიის მძიმე პერიოდსა და ონკოპაციენტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გამოწვევებზე, რომლებსაც კიბოსთან ბრძოლის პარალელურად შეეჯახა, ასევე იმაზე, თუ რა ფასი აქვს საჯაროობას, როდესაც ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის, არამედ შვილის დასაცავადაც გიწევს.

"გაბრაზებულზე მაქვს ხოლმე სურვილი, რომ დიდი სტატუსი მივუძღვნა ასეთ ადამიანებს და თუ მათ არ რცხვენიათ, მათით ქმრები, ძმები და შვილები შევარცხვინო იმის გამო, რასაც ეს დედაკაცები აკეთებენ.
სადღაც ჩემი ფოტო დაიდო და იყო კომენტარები - "რით არ ჩაძაღლდა ეს ქალი." ამ დროს მე გავდიოდი ყველაზე მძიმე ეტაპს ალბათ, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი ცხოვრებისას, ქიმიოთერაპიებს.
განსაკუთრებით იმ პერიოდში მქონდა მოზღვავებული ენერგია იმისი, რომ ჩემსავით ონკოპაციენტებისთვის იმედი მიმეცა. სინამდვილეში ყველა ონკოპაციენტმა იცის, რომ არც გვეცეკვება და არც ეს ვიდეოების გადაღება სულ არ მეხალისება... მაგრამ როცა ონკოპაციენტი ხდები, თითქოს ყველა ონკოპაციენტი არის შენი მეგობარი და შენი ნათესავი. ისე გულშემატკივრობ, ისე გულით გინდა გაამხნეო," - ამბობს მომღერალი და იხსენებს, რომ მისი ავადმყოფობის პერიოდში განსაკუთრებულად მძაფრად შვილზე, ნინი ქარსელაძეზე თავდასხმებს განიცდიდა.

"სასტიკ დღეს მაყრიან, ჭკუიდან გადავყავარ... მტკივა და გული მეწვის არა იმიტომ, რომ მე დედა ვარ და სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში. კომენტარი არის უსამართლო მის მიმართ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი, პოლიტიკური ფაქტორიც არის. ამის გულისთვის შეუძლიათ ადამიანებს, ყელი გამოგჭრან...
აი პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, დამმართა კიბო-მეთქი. ისე ვნერვიულობდი, ენა ვერ გაიმეორებს იმას, რასაც ჩემს შვილს უშვრებოდნენ.

ნინი არის ისეთი ტიპი, რომ მე არ მაძლევდა ამის უფლებას, თორემ მე რომ დავწვებოდი, თვალს აღარ გავახელდი, რომ აი ეს ყველაფერი გასულიყო და მერე გამეხილა თვალი.
ერთია შენ რომ გაყენებენ, ტკივილს, მაგრამ ძალიან რთული არის შენს შვილს, შენს ოჯახს რომ მიწვდებიან," - თქვა მომღერალმა.

გააზიარე სტატია