
11/13/2026
გენერალ-მაიორი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (1867-1923) - არა მხოლოდ სისხლით, სულითა და მსოფლმხედველობით იყო ილია ჭავჭავაძის პირდაპირი მემკვიდრე.
საზოგადოების ნაწილი მას უფრო იცნობს სიტყვებით, რომლებიც 1923 წლის 20 მაისს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე უთხრა ჯალათებს:
„მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“
ამ სტატიაში მოგითხრობთ უფრო მეტს სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად შეწირულ დიდ კაცზე, მის ეროვნულ დამსახურებებზე და ოჯახზე, რომლის მემკვიდრეობაც საქართველოსგან შორს „სიყვარულის ბაღად“ განგარძობს სიცოცხლეს.

კოტე აფხაზის დედა, ნინო ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძის უფროსი და გახლდათ. იგი კარდენახში თავად ნიკოლოზ აფხაზზე იყო გათხოვილი. კოტე ამ შესანიშნავი წყვილის მესამე შვილი იყო. ილიას ძალიან უყვარდა კარდენახში, აფხაზების საგვარეულო სახლ-კარში სტუმრობა, სადაც პატარა კოტე იზრდებოდა. ილიას მკვლელობის შემდეგ, სწორედ კოტე აფხაზი გახდა ბიძის დიდი საქმეების პრაქტიკული გამგრძელებელი. თავადი აფხაზები - შარვაშიძეები იყვნენ. აფხაზეთი მუსლიმანთა მოძალებისას XVII საუკუნეში დატოვეს და კახეთში, სოფელ კარდენახში დასახლდნენ.

სხვათა შორის, კარდენახში ნათესავებთან მიმავალ ილიას ერთხელ გზად შეხვედრია ტყეში ყაჩაღად გავარდნილი კაკო გაუხარაშვილი. სწორედ ეს რეალური პიროვნება გახდა ილიას „კაკო ყაჩაღის“ პროტოტიპი, მაგრამ დავუბრუნდეთ ილიას დისწულს.

კოტე აფხაზი დიდი ქართული საქმეების ძლიერი ბურჯი იყო. მის სახელს უკავშირდება კახეთის რკინიგზის მშენებლობის დასრულება, პირველი მსოფლიო ომის მერე აჭარელთათვის „ღალატის“ უსამართლო ბრალდების მოხსნა და ბევრის გადარჩენა, ივანე ჯავახიშვილთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა. 1917 წლის ნოემბერში სწორედ კოტე აფხაზმა გადასცა ეროვნულ საბჭოს სათავადაზნაურო ბანკის გადარჩენილი ქონება - 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების კაპიტალი, რაც ჩვენი პირველი რესპუბლიკის ფინანსურ საძირკვლად იქცა. კოტე აფხაზის ხელმოწერა ამშვენებს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს; იმ წლებში მან გიორგი მაზნიაშვილთან და გიორგი კვინიტაძესთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა შეიარაღებული ძალების შექმნაში. 1921 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აქტიურად განაგრძო ანტისაოკუპაციო მოძრაობა და შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას, სხვა გმირ გენერლებთან და ოფიცრებთან ერთად, როგორც სამხედრო ცენტრის წევრი.
ოჯახური ტრაგედია და ემიგრაციის მძიმე ჯვარი

კოტე აფხაზსა და მის მეუღლეს, ელენე იოსელიანს, ორი ვაჟი ჰყავდათ - ნიკოლოზი და ილია. უმცროსი, სახელოვანი ბიძის მოსახელე - ილია - მძიმე ავადმყოფობით 14 წლისა გარდაცვლილა. უფროსმა, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიისა და კადეტთა კორპუსის დასრულების შემდეგ, მამის გზა აირჩია და ქართულ ჯარში შევიდა. 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან ნიკო აფხაზმაც გმირულად იბრძოლა. მამა დაუხვრიტეს, ნიკოსა და მის დედას კი ოკუპირებული საქართველოდან სამუდამოდ წასვლა მოუხდათ.
უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფმა ნიკომ ემიგრაციაში მაინც მოახერხა სწავლის გაგრძელება: ჯერ სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი სამართლის დოქტორის ხარისხიც მიიღო. თავს ძველი წიგნების ვაჭრობითა და საადოკატო საქმიანობით ირჩენდა. მერე ერთ-ერთმა მდიდარმა კლიენტმა სამეურვეოდ მიანდო უზარმაზარი შატო, სადაც მეორე მსოფლიო ომამდე დედასთან ერთად დასახლდა. ამ პერიოდში კოტე აფხაზის ქვრივი, ელენე, აქტიურად იყო ჩაბმული ჰუმანიტარულ საქმიანობაში და თავდაუზოგავად უვლიდა ტუბერკულოზით დაავადებულებს.
1930-იანი წლების მიწურულს ნიკო ოფიცრის წოდებით საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში შევიდა, მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილებში კი გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდა. იმ უმძიმეს დროში შვილის დარდს გადაყვა დედა, 1942 წელს პარიზში გარდაიცვალა.
ნიკო აფხაზის დრამატული ცხოვრების ზღაპრული ისტორია

ჯერ კიდევ 1922 წელს, პარიზის ბულვარებში სეირნობისას, ახალგაზრდა ნიკომ შანხაიში დაბადებული ბრიტანელი არისტოკრატი ქალი - მარგარეტ „პეგი“ პემბერტონ-კარტერი გაიცნო. ახალგაზრდებს შორის პირველივე ნახვით იფეთქა გრძნობამ, თუმცა პეგის მკაცრმა დედობილმა ქალიშვილს ღარიბ ქართველ ემიგრანტთან ურთიერთობა აუკრძალა და შანხაიში წაიყვანა.
ერთმანეთსგან ასე შორს მყოფი ნიკო და პეგი წლების განმავლობაში წერდნენ ერთმანეთს წერილებს. ეს წერილები იყო მათი ერთადერთი ხიდი სიყვარულის გადასარჩენად. მეორე მსოფლიო ომმა ორივეს თავს ჯოჯოხეთი დაატრიალა: ნიკო გერმანელთა ტყვეთა ბანაკში იტანჯებოდა, პეგი კი - შანხაის მახლობლად იაპონელთა საკონცენტრაციო ბანაკში, ერთმანეთის შესახებ აღარაფერი იცოდნენ.
საბდენიეროდ ორივე გადარჩა. 1946 წლის იანვარში ნიკომ იპოვა კანადას შეფარებული პეგი და მათ დიდი ხნის სიყვარულის ისტორია, როგორც იქნა, ქორწინებით დაგვირგვინდა. ნიკო და პეგი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში დასახლდნენ.

„აფხაზის ბაღი“ - სიყვარულისა და ღირსების მარადიული მემკვიდრეობა

ვიქტორიაში, ფერფილდ როუდის (Fairfield Road) ერთაკრიან კლდოვან ნაკვეთზე, წყვილმა უნიკალური ლანდშაფტური პარკის გაშენება დაიწყო. რადგან ნიკოსა და პეგის შვილები არ ჰყავდათ, ოთხი ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ხელით გაშენებულ უნიკალურ ბაღს სიყვარულით „ ერთადერთ შვილს“ ეძახდნენ. ნიკოლოზ აფხაზი 1987 წელს გარდაიცვალა, პეგი კი - 1994 წელს; ანდერძის თანახმად, ორივეს ფერფლი ამავე ბაღის მიწაზე მიმოაბნიეს.

ეს უნიკალური ბაღი შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. აქ როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი ნიკო აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, სადაც ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული.
2000 წელს კანადურმა საზოგადოებამ ბაღი განადგურებას გადაარჩინა, მშენებლებისგან გამოისყიდა და ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. დღეს ნიკო აფხაზისა და მისი მეუღლის მიერ გაშენებული „აფხაზების ბაღი“ მთელს მსოფლიოში სიყვარულის ბაღად არის ცნობილი. ეს ადგილი არის ცოცხალი და მარადიული სიმბოლო იმისა, რომ დახვრეტილი ქართველი გმირის, კოტე აფხაზის მემკვიდრეობამ და ქართულმა სულმა, ემიგრაციისა და უცხო მიწაზე ტანჯვის მიუხედავად, დაუჯერებელ სილამაზესა და უკვდავ სიყვარულში ჰპოვა გაგრძელება.
გააზიარე სტატია