Logo

კრწანისის გმირები

კრწანისის გმირები

10/26/2026

ტექსტის ზომა

1783 წელს გაფორმებულმა ტრაქტატმა ქართლ-კახეთის სამეფოს უსაფრთხოების გარანტიები ვერ მოუტანა;

რუსეთმა არა თუ თვალსაჩინო სამხედრო დახმარება აღმოუჩინა ქართლ-კახეთს, ტრაქტატის მიხედვით საქართველოში დისლოცირებული ორი ბატალიონიც კი უკან გაიწვია.

რუსეთთან მოკავშირეობამ უშუალო მეზობლები გადაგვამტერა, რეგიონული მტრები კი ადრინდელზე მეტად აგრესიულნი გაგვიხადა.

WhatsApp Image 2026-10-23 at 22.15.55

შექმნილმა ვითარებამ სამეფო კარზე რუსეთთან მოკავშირეობის ოპოზიცია შვა. ამ კრიზისულ პერიოდში გამოგზავნა ელჩი ირანის მმართველმა აღა-მაჰმად ხანმა და მისი პირით ერეკლე II-ს რუსეთთან კავშირის საბოლოო გაწყვეტა მოსთხოვა. წინადადება პოლიტიკურად სარფიანიც იყო: სპარსეთის მორჩილების სანაცვლოდ შაჰი ერეკლეს განჯაზე, ერევანზე, ყარაბაღზე გავლენას ჰპირდებოდა. ერეკლე მძიმე არჩევანის წინაშე დადგა, თუმცა რუსეთთან ფიცით იყო შეკრული და ფიცი არ გატეხა.

სამხედრო რეფორმა და რეალობა ომის წინ

ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ერეკლე II აქტიურად ფიქრობდა მუდმივი, რეგულარული ჯარის შექმნაზე. პირველი 1000-კაციანი შენაერთიც შეკრიბა და ერთნაირი ფორმით შემოსა. განსწავლული ოფიცრობის არყოლისა და მატერიალური რესურსების ნაკლებობის გამო, ჯარის წვრთნა ვერ მოხერხდა და წამოწყება ჩაიშალა.

რეგულარული არმიის სანაცვლოდ, სამეფო ე„მორიგე ჯარს“ ეყრდნობოდა. სამხედრო ვალდებულების მქონე მოსახლეობა წელიწადის 12 თვის მიხედვით იყო დაყოფილი. ყოველ თვეში რიგის მიხედვით გამოდიოდა შესაბამისი კონტინგენტი საკუთარი საზრდოთი და აღჭურვილობით. 1793–1795 წლების აღწერით, მორიგე ჯარში 17 000 მეომარი ირიცხებოდა.

როდესაც ცნობილი გახდა აღა-მაჰმად ხანის საქართველოსკენ წამოსვლის შესახებ, ერეკლე ქართლ-კახეთიდან 36 000 მოლაშქრის შეკრებას ვარაუდობდა. ამასთან, ცალკე ელოდნენ ბორჩალოს, იმერეთის ლაშქარსა და დაღესტნიდან დაქირავებულ რაზმებს. სამწუხაროდ, რეალობა ტრაგიკულად აცდა მოლოდინს. ფეოდალური ფრაგმენტაციისა და მეფისადმი ორგულობის გამო, თბილისში მტრის დასახვედრად, ისტორიკოს სარგის კაკაბაძის ცნობით, 6000 მეომარი შეგროვდა. ზოგი წყაროს მიხედვით კრწანისის ომში ერეკლეს 8000 მეომარი ჰყავდა.

WhatsApp Image 2026-10-23 at 22.15.56

უთანასწორო ბრძოლის გმირები

კრწანისის ველზე გამართული ბრძოლა გახდა ქართველი ხალხის თავდადებისა და უტეხი სულის სიმბოლო, სადაც თითოეული ეპიზოდი გმირობის მატიანედ იქცა.

12 მზვერავის თავდადება

მეფის მიერ სოღანლუღისკენ დაზვერვაზე გაგზავნილ 12 ცხენოსანს ვაჟკაცობით განთქმული გორჯასპი ნათიშვილი მეთაურობდა. იალღუჯის ჩრდილოეთ კალთებზე ეს მცირე ჯგუფი სპარსელთა მრავალრიცხოვან რაზმს შეეჩეხა. მიუხედავად რიცხობრივი უთანასწორობისა, ქართველებმა გორჯასპის მეთაურობით მედგრად შეუტიეს მტერს. ქართველი მზვერავები ამ უთანასწორო შეტაკებაში ერთიანად დაეცნენ, მათ შორის განთქმული მხედარი დავით თარაშვილი. ამ გმირული შეტაკებიდან მხოლოდ გორჯასპი ნათიშვილი გადარჩა.


არტილერიის ოსტატები

WhatsApp Image 2026-10-23 at 22.16.14

მეფისგან ფრიად პატივცემული არტილერიის მაიორი გაბრიელი, რომელიც თავის მეზარბაზნეებთან ერთად უწყვეტ ცეცხლს უშენდა მტერს, ბრძოლაში დაეცა. მისი ადგილი სეკუნდ-მაიორმა გიორგი გურამიშვილმა დაიკავა, რომელმაც უდიდესი მამაცობით ითავა არტილერიის ხელმძღვანელობა. თეიმურაზ ბატონიშვილი თავის ჩანაწერებში მას ასე ახასიათებს:

„გიორგი გურამიშვილი, ქუმელად სახელდებული, უპირველესი მოხელეთაგანი არტილერიისა და მეცნიერიც არტილერიის ხელოვნებისა. კაცი ფრიად მხნე და განსწავლული.“

რაჭველი გოცირიძე და 300 იმერელი

10 სექტემბერს ბრძოლაში იმერეთის მეფე სოლომონ II-ც მონაწილეობდა თავისი ლაშქრით. ბრძოლის სიმხურვალემ რაჭველი გოცირიძე ისე გაიტაცა, მარტოდმარტო სერამდე აჰყვა გაქცეულ სპარსელებს. მტერმა ის ალყაში მოაქცია. საოცარი სანახავი ყოფილა მისი თავგამოდებული ბრძოლა. ისტორიკოსს სარგის კაკაბაძის მონოგრაფიაში „კრწანისის ბრძოლა“ აღნიშნილია: „ეს რომ ახალგაზრდა იმერლებმა დაინახეს, გულმა აღარ მოუთმინათ. შეუტიეს ერთმა ასს. მოკლეს რაჭველი გოცირიძე, ზედ სამასამდე იმერელი დააკვდა. მაშინ დაუვლია ერეკლეს ხელი ბაირაღისთვის და თვითონ გაძღოლია ჯარს.“

„დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!“
WhatsApp Image 2026-10-23 at 22.16.18

თბილისის დამცველთა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა თბილისელ მსახიობთა დასს. თეიმურაზ ბატონიშვილი გვამცნობს:

WhatsApp Image 2026-10-23 at 22.16.19
„კვალად მცხოვრებთაგან ტფილისისათა გამორჩეულ იქმნეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაცა აღირჩიეს წინამძღვრად თვისად კაცი ვინმე მსახიობი (რომელსა საზანდარად უხმობენ). ესე იყო წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა მუსიკი და კომედიანტი... ესე იყო გვარეულობითა და სარწმუნოებითაც ქართველი, რომელსა სახელს დებდნენ მაჩაბლად. ესე მიუძღვა გუნდსა მას ტფილისელთასა მტერთა მიმართ და ეპყრა ხელთა მისთა ბარბითი და უკრვიდა მას ზედა შადიანსა... შეეწირნეს მსხვერპლად საყვარელსა მამულსა.“
sowihdiwj

ეს რაზმი ვახტანგ ბატონიშვილის ფლანგზე იბრძოდა 300 არაგველთან ერთად. მაჩაბელა დაირაზე სალხინო ჰანგის - „შადიანის“ დაკვრითა და სიმღერით გაუძღვა წინ თბილისელებს, ქიზიყელებს და არაგველებს და მათთან ერთად გმირულად შეეწირა სამშობლო დაცვას.

ისტორიული გაკვეთილი

თბილისის აღების შემდეგ, აღა-მაჰმად ხანმა ქართლ-კახეთს მარბიელი ჯარები შეუსია. დარბევამ გორამდე და ცხინვალამდე მიაღწია, თუმცა მტერს მოსახლეობა გახიზნული დახვდა.

სპარსელები თბილისში მხოლოდ რვა დღეს დარჩნენ. სურსათის მწვავე დეფიციტი შეექმნათ, რადგან ხალხს მარაგები გადამალული ჰქონდა. ამასთან, შაჰმა ირანში დაწყებული აჯანყების შესახებ მიიღო ცნობა და სასწრაფოდ უკან დაბრუნების ბრძანება გასცა. მომხდურთა არმიამ დიდი სისწრაფით დატოვა საქართველო და თან 3000-მდე ტყვე წაიყვანა.

კრწანისის ომი დარჩა საქართველოს ისტორიაში როგორც უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ამავდროულად - ეროვნული ღირსებისა და თავდადების მწვერვალი. მან ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის მოიმედეობა ილუზია იყო და ქართველების ძლიერი საყრდები ქართვლებისვე ერთიანობა უნდა ყოფილიყო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026