
11/16/2026
ორი დღეა ლელა სამნიაშვილის გარდაცვალებამ ყველა დაამწუხრა. 49 წლის პოეტი და მთარგმნელი მძიმე სენმა იმსხვერპლა. ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა პარალელურად ცხოვრობდა ისე, თითქოს არც იმჩნევდა იმ ვერაგს, კაცობრიობის დაუძინებელ მტერს. ასე, ალბათ, პოეტებს შეუძლიათ. ბოლო კრებული - "ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს" ახლახან გამოსცა და დაუტოვა მკითხველს.
2002-2004 წლებში ლელა მიწვეული იყო მკვლევრად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში; 2007 წელს მიიღო განათლების ფილოსოფოსის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
***
ალისფერი
რა აძლევს ძალას – ადამიანს – ეძებოს გზები,
უდაბნოში, ოკეანეში გაჭრას ბილიკი,
აქლემის კუზი – ქვიშის საათად ამოაბრუნოს,
ხისგან ხომალდი შეკრას, აფრად გააკრას ქარი,
გაეშუროს ცარიელი პლანეტებისკენ
ყვავილის ბოლქვის გადასატანად?
ან რამ დატოვა ყინულეთში ესკიმოსები,
ერთგულ ძაღლებს – მარხილებში –
რა რადიუსი შემოუსაზღვრეს იგლუს გარშემო –
პოლარულ ციალს,
არქტიკის რკალს რომ არ გაცდენოდნენ?
ალბათ დიდი მოგზაურები
იყვნენ დიდი ვნებებით სავსე,
მაგრამ დიდი სიყვარულისგან თავისუფლები,
ხოლო ყველა მებაღეს ქონდა დადებული
უსიტყვო აღთქმა –
ეს არის ზღვარი,
რაც მებაღეს მოგზაურად აქცევს,
ხოლო მოგზაური – შეიძლება ბაღს შეეხიზნოს
და იგივე ვნებებშია –
პლანეტის მთელი მოსახლეობა –
გზებზე, ჭიშკრებთან მიმოფანტული
გულები – კანის მიღმა ელავენ.
ამ ლექსის მიღმაც ალისფერია
და ერთადერთი, რაც ოდესმე სუსტად მაქცევდა,
იყო სიყვარული.
სიყვარული – ადამიანის, მიწის, სახლის, გზების, სიცოცხლის.
მკვეთდა ფრთებს, მუხლებს, დროს,
მზერას და გზას მიკვეცავდა.
მის გარეშე კი არც ვიყავი ფეხის გამდგმელი.
***

ლელას "ზმნასთან" მწერალი - თეონა დოლენჯაშვილი იხსენებს.
თეონა დოლენჯაშვილი: ლელა 21 წლის წინ გავიცანი. კარგად მახსოვს აპრილის ის მზიანი დღე. ჟურნალ “ალტერნატივას” რედაქცია, კავკასიური სახლი, სადაც მოთხრობა მიმქონდა დასაბეჭდად და ფეხები უკან მრჩებოდა; ჯერ ძალიან ახალი ვიყავი ლიტერატურულ სამყაროში, არავის ვიცნობდი და არავინ მიცნობდა.
ოთახში შევედი და შოთა იათაშვილი, “ალტერნატივას ” რედაქტორი ვიკითხე. “გასულია და დაელოდეთო”, მითხრეს , მეც მაგიდასთან მორიდებით ჩამოვჯექი, წინ დაწყობილი ჟურნალების ფურცვლა დავიწყე. ჩემმა კბილა, თვალებციმციმა გოგომ სახელი მკითხა, და პასუხი რომ გაიგო, “ეს ჩვენი ფიდაი მოსულაო! “- ტაში შემოკრა. მართლაო? - ახმაურდნენ დანარჩენებიც. მეტსახელი "ფიდაიც", რომელსაც კარგა ხანი მეძახდნენ, გამოდის რომ ლელას შერქმეული იყო.

იმ დღეს კი ძალიან გავიხარე, რადგან უკვე მათიანი ვიყავი, ლელასიანი, საოცრად მაგარი ლექსები რომ ჰქონდა და ლოყებზე უსაყვარლესი ფოსოები…
მეც იმ მაგარ პოეტ გოგოსთან ერთად დავიბეჭდებოდი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ჩემი პირველი მოთხრობა წაკითხული ჰქონდა (რაც მაშინ ჩემთვის განსაკუთრებული ამბავი იყო), კარის გაღების, სინათლის ანთების და შინაურად, ახლობლად, მეგობრად ქცევის გასაოცარი ნიჭი გააჩნდა.
ლელა სამნიაშვილი თავად იყო მისი ბოლო კრებულის სათაური: "ვარსკვლავიც, ყვავილიც, ადამიანიც და პოეტი, რომელიც სიცოცხლეში კიდევ მეტ ჯილდოს თარგმანს და გამოცემას, უფრო ფართო ცნობადობას, ტაშს და ქებას იმსახურებდა. თუმცა არაფერი სრულდება, პირიქით, ახლა იწყება, რადგან "დრო - სერიული მკვლელი" ლელას შემოქმედებასთან მხოლოდ უკვდავებაა და მხოლოდ მარადიულობის დასტური.

"არილის" 2022 წლის ბლიცინტერვიუ ლელასთან.
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
დავიბადე ძვირფას და ლამაზ ადამიანებთან და რადგან ჩემი ბავშვობის სახლი მზით და ზღაპრებით იყო სავსე, კარგა ხანს წარმოდგენა არ მქონდა, როგორი უცნაური ადგილია ეს.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
გამონაგონიც რეალობაა, რადგან რაც ადამიანის თავში გაიელვებს, უკვე განხორციელებული, სრულფასოვანი სინამდვილეა – თუკი ჩაწერ, დახატავ, მოჰყვები. რეალობის ასახვაც ხომ ყოველთვის ინტერპრეტაციაა და ამდენად, გამონაგონი. ხელოვნებაში მთავარია, ამბავი იყოს საინტერესო. ამ ორს შორის დიდ ზღვარს ვერ ვხედავ.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.
სიცოცხლის აზრი. და რატომ ვერ ვახერხებთ ცივილიზაციად ქცევას, თუკი სიცოცხლის სხვა, ინერციით მიმავალ სახეობებზე უფრო ჭკვიანები აღმოვჩნდით.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.
კინორეჟისორობა რომ არ ვცადე.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.
იყავი სიცოცხლის მხარეს.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
სილვია პლათი, ვირჯინია ვულფი, შექსპირი, თომას ჰარდი – რომ გამეგო, ზუსტად ისეთები არიან თუ არა, როგორებადაც წარმომედგინა, როცა ვთარგმნიდი. ჩვეულებრივ თემებზე, მათ ცხოვრებაზე, სხვადასხვა არჩევანზე.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
ყველა ფიქრობს. ალბათ, იგივეა, რაც დაბადებამდე იყო.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
სახარებას. წესით, სამუდამო სასჯელს უნდა ამსუბუქებდეს. თან სხვების ინტერპრეტაციებს არასდროს ვენდობოდი და დრო მექნებოდა, მეტი მეფიქრა.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.
და მერე – რა?
***
გაუმაძღარი ეს ომები
ნეტა ვის კვებავს, რას აპურებს.
დროს პულსი აღარ ეზომება,
თუმცა მოვიდა გაზაფხული.
აღარც თვალები არ უცინის,
აღარც სიცოცხლის სხვა ნიშანი
ეტყობა – გული გაუცივდა –
ტყვიით, დანით თუ დარიშხანით.
მკვლელობაა თუ სუიციდი –
ან მოტივები ვის ანაღვლებს.
სულ ელოდა და სულ იცდიდა,
სულ დაეძებდა იარაღებს.
ამბობენ ბოლო კეთილია –
თუნდაც წარღვნების, ქარიშხლების.
ისედაც გადაწყვეტილია –
ჩვენც ვიცხოვრებთ და დავიშლებით.
გააზიარე სტატია