Logo

"მადლიერი ვარ, რომ ეს სამყარო და ცხოვრება ვნახე" - გია როინიშვილი იუბილარია

"მადლიერი ვარ, რომ ეს სამყარო და ცხოვრება ვნახე" - გია როინიშვილი იუბილარია

10/22/2026

ტექსტის ზომა

"ინტერვიუები რომ არ მიყვარს?" - იყო პირველი ფრაზა იუბილარი გია როინიშვილისგან, თუმცა ექსპრომტი ინტერვიუ მაინც დავტყუეთ.

მსახიობი 62 წლის გახდა. "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ღმრთისგან ნაბოძები სიცოცხლით უზომოდ მადლიერია. დილიდან ბავშვობის მეგობრებისგან მიღებულმა მილოცვებმა ლაღ განწყობაზე დააყენა. თვლის, რომ ჩვენში დიდხანს უნდა ვაცოცხლოთ გაოცების და აღმოჩენის უნარის მქონე ბავშვი, რომელიც უკეთესს გაგვხდის.

გია როინიშვილი: დაბადების დღე საკუთარი თავივით არის. გიყვარს - არ გიყვარს, ფიქრობ ამაზე. ჩვენ ადამიანებს ხომ არც ამ ქვეყნად მოსვლას გვეკითხებიან და არც წასვლას; მადლობელი ვარ ღმერთის და ჩემი მშობლების, რომ ეს ქვეყანა ვნახე თავისი ყველაფრით. ისე კი, წლები გემატება, ამდენად ცოტათი სევდიანია. იცი, რომ იმდენი აღარ გრჩება, რაც გამოიარე.

- თუმცა უნდა დავბერდეთ!

- აბა რა! აბა რა! ძალიან კარგია, უნდა დავბერდეთ. სევდიანი არ ნიშნავს, რომ ცუდია. უბრალოდ სევდიანია.

გია როინიშვილი

- შინაგანი განწყობა როგორი გაქვთ?

- კარგი. სანამ ხარ, უნდა იყო. უნდა იმოქმედო და აკეთო შენი საქმე, ის, რასაც შენ საქმედ მიიჩნევ. შენი საქმე თუ ვინმეს წაადგება, მაგას რა სჯობს.

- არის რომელიმე დაბადების დღე, რომელიც გამორჩეულად გახსენდებათ?

- არა, თითქოს 62 წლის განმავლობაში ეს ერთი დღეა. ისეთიც ყოფილა, ასეთიც, მხიარულიც; ბავშვობაში დღესასწაულებით, სახლში გადახდილი დაბადების დღეებით. ყველაფერი იყო... 22 ოქტობერს სხვადასხვა ადგილას შევხვედრივარ.

დილიდან ბავშვობის მეგობრებმა დამირეკეს, მომილოცეს. ბავშვობის ძმაკაცებთან 56 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს.

- რომლებთან ურთიერთობისას, ისევ ის განწყობა და ემოციები მოდის, რაც ბავშვობაში გვქონდა...

- კი, ასეა. ბავშვობის თვისებების ელემენტი, რაც მეტად გაგვყვება, მით უკეთესია. გაკვირვების, აღმოჩენის განცდა უნდა გვქონდეს, ეს ჩვენთვისვე კარგია. ცხოვრება ისეა მოწყობილი, კარგი რომ დაგემართოს ის გიკვირდეს, ცუდი რა გასაკვირიაო, ვაჟა როგორც ამბობს. მაგრამ აღფრთოვანების და გაკვირვების გრძნობა, არ უნდა დავკარგოთ. მე ახალგაზრდა კოლეგებთან და შვილების მეგობრებთან ზუსტად მათი ასაკის ვხდები.

- ახლა ბაბუობით ძალიან ხარობთ. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებთ შვილიშვილების ფოტოებს...

- უკვე მესამე შვილიშვილი მყავს, დიდი ხანია ბაბუა ვარ. უფროსები დიდები არიან, ქალიშვილობენ.

გია როინიშვილი

- რომლებიც გემეგობრებიან...

- დიახ, ჩემი მეგობრები არიან. ბაბუას და შვილიშვილს შორის არის ისეთი ურთიერთობა, საიდუმლოს შენახვასაც რომ მოიცავს. შეიძლება რაღაც მშობელმა არ იცოდეს და ბაბუამ და ბებიამ იცოდეს.

მე ბებია კი მახსოვს, მაგრამ ბაბუები არ მახსოვს. მათი სითბო მომაკლდა ბავშვობაში. როგორც მოშიებული ადამიანი დააცხრება საჭმელს, ასე ვარ მამობაში და ბაბუობაში - რაც მე დამაკლდა, მინდა მათთან ავანაზღაურო; ამ ორ როლში მინდა ბოლომდე დავიხარჯო. ეს ბავშვობიდან წამოღებული ერთგვარი კომპლექსია. რაც დაგაკლდა, გინდა თვითონ აანაზღაურო და საკუთარ თავს კომპენსაცია გაუკეთო.

გია როინიშვილი

- რა არის ის ძირითადი თვისება, რაც ბავშვობიდან მოგყვებათ და წლებმა ვერ წაგართვეს?

- ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ვცდილობდი ადამიანების მიმართ შემნდობი ვყოფილიყავი. ასე თუ ისე გამომდის. შეიძლება ცუდი გახსოვდეს, მაგრამ სამაგიეროს გადახდა არ შეიძლება. ძალა უნდა გეყოს, რომ სიკეთით დაუბრუნო მას თუ არა, სხვას მაინც. ეს უფრო დიდ ძალას გაძლევს. რაც დრო გადის, უფრო ხვდები, რომ ჩვენი გენიოსის სიტყვები - "ბოროტსაც სძლია კეთილმან" - მართალია. ბოროტება სიკეთით და სიყვარულით უნდა დაამარცხო. ეს ტყუილი სიტყვები არ არის. ამაში დავრწმუნდი. მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის. ეს სიბრძნეა, რომელსაც ყოველდღე ვხედავ.

გია როინიშვილი

- როგორი ძალა აქვს სიყვარულს?

- ყველანაირი სიყვარული სიკეთისთვის უნდა იყოს მომართული.

- რაზე მუშაობთ ახლა?

- რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებზე მუშაობა სულ მიდის, მუდმივად. თეატრში ისე არ არის, როლს ითამაშებ და მერე მასზე არ მუშაობდე. მე ნათამაშებ როლებზე მუშაობას, სულ თავიდან ვიწყებ. რაღაცები იცვლება, ცოცხალი რომ ხარ, შიგნით რაღაცები ხდება. ამიტომ ის როლი, თუ არ გაამდიდრე, ისე არ გამოდის. ამიტომ სულ ვმუშაობ.

- კოკოსთან - "ქალაქის თეატრში" ნათამაშებ ფროიდის როლზე რას იტყვით?

- შმიდტის "სტუმარი" საინტერესო პიესაა. ფროიდი ფაშისტურ პერიოდში ავსტრიიდან, თავისი სამშობლოდან რომ გააძევეს, ამაზეა და რეპრესიებზეა. ამ დროს გაჩნდება ადამიანი, რომელიც ათეისტ ფროიდს ღმერთივით ელაპარაკება. აი, იქ არის ჭმუნვები, კამათი... ჯერ იჯერებს, მერე აღარ. ბევრი პასაჟით დღევანდელობას ეხება. მოკლედ, საინტერესოა. რწმენაზეა სპექტაკლი. ერთმა გენიოსმა თქვა, როდესაც მეცნიერებაში აღმოჩენას ვაკეთებ, ვიწყებ ათეისტობით, მაგრამ ჭიქის ბოლოს რომ ჩავდივარ, იქიდან ღმერთი მიყურებსო. ასეა...

გია როინიშვილი

- ღმერთს როდის გრძნობთ?

- ადამიანი ყოველთვის მაშინ გრძნობს და ითხოვს ღმერთისგან, როცა უჭირს. კარგად რომ ვართ, ის არ გვახსენდება. მაგრამ როგორც ხარ, მადლობა უნდა გაივლო გულში და ღვთის მადლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ადამიანებს, მეტი არაფერი შეგვიძლია.

- ამ 62 წლის მადლიერი ხართ?

- მადლიერი ვარ, რომ ეს სამყარო და ცხოვრება ვნახე. აბა, რა!

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026