
11/27/2026
ბლოგერი, ნუტრიციოლოგი ანი ფურცელაძე, რომელმაც თავის ტვინის მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, თავის გამომწერებს გამოცდილებას მუდმივად უზიარებს. ამით ის ამხენევებს ყველას, ვინც ამ დაავადებას ებრძვის. მან ამჯერად ის დღე გაიხსენა, როდესაც მძიმე დიაგონოზი დაუსვეს...
"მახსოვს ის დღე, როდესაც დიაგნოზი დამისვეს და მითხრეს, რომ თავზე 42 სხივური თერაპიის სეანსი უნდა გამევლო. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. მახსოვს, როგორ მეშინოდა ყოველ ჯერზე აპარატის ქვეშ დაწოლის.

მაგრამ ყველაზე საშიში ჩემთვის თავად თერაპია კი არ იყო, არამედ ის, რაც მის შემდეგ ხდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დამწვრის სუნი ამდიოდა. მუდმივად გულისრევის შეგრძნება მქონდა, თმა მცვიოდა და ყოველდღიურად იცვლებოდა ჩემი ანარეკლი სარკეში.

მახსოვს, როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა დავიწყე, ბევრს ჩემი არ სჯეროდა. ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეიძლებოდა ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანს ამდენი ოპტიმიზმით ესაუბრა.
მახსოვს, როგორ გადავიხოტრე თმა, ვიყიდე პარიკი და ვიდეო გამოვაქვეყნე. რამდენი ნეგატიური კომენტარი მივიღე მაშინ მხოლოდ იმის გამო, რომ პარიკი მეკეთა…

ამის შემდეგ პარიკის ტარება შევწყვიტე და თავშალს ვატარებდი.
დღესაც ვიხსენებ იმ დღეებს. ვერ ვივიწყებ და ალბათ, ვერც ვერასდროს დავივიწყებ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ ჩემი ისტორიის მოყოლას. არა იმისთვის, რომ ვინმეს შევეცოდო, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ თავს და სხვებს შევახსენო, რამდენად ძლიერები ვართ ადამიანები, რომლებიც ასეთ რთულ გზას გავდივართ!!!
მინდა, ყველა ადამიანმა, რომელიც დღეს მძიმე დაავადებას ებრძვის, იცოდეს, რომ არ უნდა რცხვენოდეს საკუთარი გარეგნობის, თმის დაკარგვის, ემოციების, ცრემლებისა და შიშების.
ჩვენ ამ გზას ისე გავდივართ, როგორც შეგვიძლია, როგორც ვიცით და რამდენის ძალაც შეგვწევს.
და თითოეული ჩვენგანი იმსახურებს პატივისცემას" - წერს ბლოგერი ფეისბუქზე.

გააზიარე სტატია