რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
19 წელი მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი 19 აპრილს, კვირაცხოვლობას, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, სოციალურ ქსელში მრევლი წერდა, რომ 9 აპრილის შემდეგ მისი სახლიდან არც ბერი გამოსულა და არ რაიმე ხმა. როგორც ითქვა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ბერის კართან მდგომმა მრევლმა, მამა ნიკოლოზის სახლში შესვლის ნება არ დართო. მანამდე, შეუძლოდ მყოფი ბერი, რომელსაც ქვედა კიდურების გამო გადაადგილება უჭირდა, მრევლს სამედიცინო დამხარებაზე უარს ეუბნებოდა.
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია გადასვენებული. მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.
***
გთავაზობთ ინტერვიუებს, რომელიც მდუმარებაში მყოფ მამა ნიკოლოზზე ადრე ჩავწერე.
მამა გაბრიელის ფოტოებში მის გვერდით მჯდომი შავ წვერიანი ახალგაზრდა ბერი, სწორედ მამა ნიკოლოზია, ერის კაცობაში ნარიმან მაქარაშვილი.


მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია, ღირსი მამისა და ბერი ნიკოლოზის ურთიერთობაზე ჰყვება.
მალხაზ ჯინორია: მამა ნიკოლოზი 30 წლის ასაკში მოინათლა და მალევე გახდა მღვდელი. ჩემთან თქვა, მამა გაბრიელმა მითხრა, ასე უცებ რომ გახდი მღვდელი, ჯერ ის გზა გაიარე რაც მე, კარდაკარ იარე და მერე დაუბრუნდი ტაძარსო. აი, ამიტომ დავდივარ კარდაკარო.
მამა გაბრიელი ეუბნებოდა, ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინე; ტრუბაში გაგაძვრენენ, ნიკოლოზო. მამა გაბრიელის მორჩილებაში ბერმა ნიკოლოზმა სამი წელი გაატარა.
მოგვიანებით, ღირსი მამის კურთხევით, მისი სულიერი შვილები მამა ნიკოლოზს აბარებდნენ აღსარებას, რომელიც სვეტიცხოველში ატარებდა წირვა-ლოცვას.

ბერი ნიკოლოზის სასწაულებზე თეოლოგი ლაშა ცაიშვილი გვიყვება.
ლაშა ცაიშვილი: ვიცი ასეთი ფაქტი, რომ თურმე მამა ნიკოლოზმა მამა გაბრიელს შესჩივლა, დიდი მრევლი არ მეშვება, რა ვქნა, არ ვიციო. მამა გაბრიელს უპასუხებია, ნუ გეშინია, მე ჩამოგაშორებ ამ ხალხსო. და მასზე დაუწყია ლაპარაკი, მამა ნიკოლოზს ეშმაკი აზის მხარზე და თავი დაანებეთო.
წმინდა მამები ამბობენ, როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს მოძღვართან, ეშმაკს არც ეს და არც მღვდლის ნათქვამი არ ესმის, რომ წინააღმდეგობა არ გასწიოს მოძღვრის მიერ მოცემულ დარიგეგებში. წმინდანს კი შეუძლია აღსარების საიდუმლოს გაგება. მალხაზ ჯინორია ამბობს, ბერი ნიკოლოზი რომ ჩვეულებრივი ბერი არ არის, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც მან ჩემს ახლობელს აღსარებაში ნათქვამი ცოდვები, ზუსტი თანმიმდევრობით პირდაპირ ჩამოუთვალაო. ასე რომ, დასკვნები თავად გააკეთეთ...

მე ისტორიას მოგიყვებით, რომელიც პირადად გადამხდა. რაღაც პერიოდი, მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვეძლეოდა. დაახლოებით ათი წლის წინ, ოჯახის წევრებთან ერთად, ბორჯომის ბაზარში ვიყავი. ბერი ნიკოლოზი დავინახე, რაღაცას ყიდულობდა, ჩვენკენ ზურგით იდგა.
და ჩემმა ოჯახის წევრმა, იქ, ბაზარში, გულში გაიფიქრა და ფიქრით ბერს მიმართა: მამა ნიკოლოზ, ლაშას შვილი ეყოლება? ბერი ნიკოლოზი ნახევრად შემობრუნდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ისევ მეორედ გაიფიქრა, რომ უკეთ დარწმუნებულიყო, რომ ბერის მოქმედება არ მოეჩვენა. ბერი ისევ შემობრუნდა და თავი ორჯერ დაუქნია. დღეს მე ორი შვილი მყავს...
რამდენიმე წლის წლის წინ დედა ავად იყო. საუკეთესო ექიმები მისი გადარჩენის ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ. მივედი ბერი ნიკოლოზის სახლთან და ვილოცე, შევთხოვე დედის გადარჩენა. დავინახე, შუქი აანთო ორჯერ. იქ მდგომებმა ამიხსნეს - ასე მაშინ აკეთებს, როდესაც აქ ახალმოსულის თხოვნა სასიკეთოდ დასრულდებაო. დედა დღემდე კარგად გრძნობს თავს...

04/20/2026