ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
შემოქმედის ბედი ირმის ნახტომს ჰგავს. მოხდენილად ზე ატყორცნილი გაიელვებს, თვალისმომჭრელად, თავდაჯერებულად გადაახტება სამყაროს, სადაც თითქმის არაფერი იცვლება და შთაბეჭდილებას რომ მოახდენს და ჩუმ აპლოდისმენტებს მიიღებს, ისევ ტყეს შეერევა - მარადისობაში შთაინთქმება.
აბა, ის ხომ ჩვეულებრივი, უღიმღამო დამთხვევა არ ყოფილა, რომ მამუკა ჩარკვიანი საკუთარ დაბადების დღეს დაიკრძალა! ან რა ხდება ცის ქვეშეთში შემთხვევით ან დამთხვევით? არც არფერი. ყველაფერი სცენარს მიჰყვება, იმ დიდი დრამატურგიის სცენარს, სამყაროს შემოქმედი რომ ქმნის.
საყვარელი სიმღერების ავტორ-შემსრულებლის წასვლა, ალბათ, კიდევ უფრო სხვანაირად სტკივათ. მამუკას სიმღერებმა ცხოვრება გააადვილა და მხნეობა მოიტანა. ჰიტებად იქცა ყველა მათგანი, რაც გულით გვიმღერა. ხმა ყურის მახსოვრობას დაუტოვა. ერმა ის დაკარგა, თუმცა არ დაუკარგავს საუკუნეს მიტანებულ ლოგინად ჩავარდნილ დედას, რომელმაც არ იცის, რომ მამუკა აღარ ჰყავს... თუმცა დედაშვილობის უხილავი კავშირი, რომელიც მიწაზე ჭიპლარით იწყება, იმის მიღმა გრძელდება, რასაც გონება წვდება. თვალისჩინდაკარგული 90 წლის ირმა ჩხეიძე ქალიშვილს კითხვებითაც არ აწუხებს. ის ნახულობს ზმანებას, რომელშიც პოეტი ქმარი მაშინ მოვიდა, როცა მამუკა ორი დღის გარდაცვლილი იყო.
თაკო ჩარკვიანი ინტერნეტ გამოცემა „ზმნას“ გულახდილ ინტერვიუს აძლევს.

თაკო ჩარკვიანი: დედამ გულის შუნტირება წლების წინ გაიკეთა. სარქველის ოპერაცია ვერ გავაკეთეთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. გლაუკომის ნიადაგზე ასპროცენტიანი სიბრმავე შეიძინა. რვა წელი ხდება, რაც ასეა. მამა რომ გარდაიცვალა, გლაუკომამ მაღალი წნევა გამოიწვია და ასე დაკარგა მხედველობა.
დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალება. არ მოვისვენე და რამდენიმე მოძღვარს დავეკითხე; მითხრეს, რომ არ მეთქვა ეს მისთვის. ან რა აზრი აქვს? ვინც ნახა, იცის, რომ ის ჩვეულებრივი ცუდად მყოფი პაციენტი არ არის. არაჩვეულებრივად მძიმე პაციენტია. ყოველ დილით ცოცხალი რომ მხვდება ის მიხარია და აბა, რას ვეტყოდი მის მდგომარეობაში?!

ამდენ ხანს რატომ არის რეანიმაციაშიო, ინტერესდება. უკვე პალატაში გადმოვიყვანეთ-მეთქი, ვეუბნები. იცით, რა „გვშველის“, პარკინსონის და ბოლო ორ წლიანი პნევმონიების გამო, დედა და მამუკა ვერ ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან. ამიტომ არ უკვირს, რომ ტელეფონზე ვერ ელაპარაკება. მერე მასაც, საათების განმავლობაში, არ აქვს საუბრის თავი.
მამუკას გარდაცვალების მეორე დღეს მკითხა: მთაწმინდაზე იყავი ასული? ვიყავი-მეთქი. აბა, გამაგებინე თვალს რომ დავხუჭავ და ჩამეძინება, გავახელ თუ არა, ეს ორი დღეა რატომ მიზის ჯანსუღი აქ?! ეს ხომ არის შეგრძნება, ინფორმაციის შემოსვლა ტვინში, სხეულში. ეს სამყაროს დიდი ენერგეტიკაა. ამ ენერგეტიკამ უშველა ერთ ხანს მამუკას. მე მაშინ ფეისბუქზე დავწერე, ცუდად რომ იყო, რომ მისთვის დადებითი ენერგია გამოეგზავნათ. მერე, გამოხმაურებას და კომენატრებს, ხმამაღლა ვუკითხავდი პალატაში - ნახე, რას გწერენ და რა ენერგია წამოვიდა მეთქი. ძალიან გაუხარდა. მახსოვს, ყავა და ნაყინი მომთხოვა. ვამბობდით, გამოძვრა-მეთქი.

***
მამუკას 13 წლის წინ ფეხი მოტყდა. რკინა, რომელიც ფეხში ჰქონდა ჩადგმული, თითქოს მოეშვა. ქუთაისში, თეატრში, გასაოცარი კონცერტი ჩაატარა, დარბაზი სკანდირებდა. ბისზე ლამის მეორე კონცერტი გაიმართა, ისეთი ამბავი იყო; ისეთი საოცარი ენერგეტიკა ჰქონდა, სცენაზე მოძრაობდა. კულისებში რომ შემოვიდა, გვითხრა, ოქტომებრში, ცოტა რომ აგრილდება, ამ ფეხს უნდა მივხედო, კონცერტის ბოლოს საშინელ ტკივილს ვგრძნობდი კოჭთანო... მოკლედ, მივიდა კლინიკაში და გაუკეთეს ოპერაცია. რომ გამოიყვანეს, ფეხი ილიზაროვის აპარატში ჰქონდა ჩადგმული. არ მესიამოვნა. დაეწყო სიცხეები. გავიდა 6 თვე, სიცხით, ანტიბიოტიკებით. ხდება ხოლმეო, ექიმები ამბობენ. ამ წვალებაში დიდი დრო გავიდა.
დედა ექიმის შვილია და თქვა, აქ რაღაც ამბავია, ვიღუპებითო. ამ დროს დედაც ცუდად არის თავისი დაავადებით, კლინიკაში მყავს. დილის ექვს საათზე მირეკავს მამუკა, ფეხის ამპუტაცია შემომთავაზეს, მოდიო. მივიყვანე ინფექციონისტ ერეკლე გოცაძესთან, რომელმაც ზუსტი დიაგნოზი დასვა - ეს ბაუმანის ინფექციააო!. დაწყებული იყო ოსტეომელიტი, ძვალი არ ხორცდებოდა. მამუკას ბაუმანის ბაქტერიით დაინფიცირებული აპარატი დაამაგრეს ფეხზე. იმავე კლინიკაში დაინფიცირდა პატარა პაციენტიც, ბავშვიც. ავსტრიაში პრაქტიკულად მომაკვდავი მამუკა წავიყვანეთ. იქ ამოითესა - ეს იყო ნამდვილად ბაუმანის ინფექცია. იმავე წამს მოახდინეს პაციენტის ეკიპირება. სხვაგან გადაიყვანეს, რომ ამ მომაკვდინებელ ბაქტერიას გავრცელება არ ჰქონოდა კლინიკაში.
ვენაში სოსო ნანობაშვილმა ავსტრიელ ქირუგთან ერთად რვა ოპერაცია გააკეთა. დილეტანტის ენაზე რომ ავხსნა, ამ ბაქტერიამ რიკოშეტით ისროლა და გამოიწვია დაავადებები - პნევმონია და სეფსისი. ავსტრიიდან ეტლით ჩამოვიყვანეთ. ის აპარატი, რომელიც იქ ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული, როცა მოვხსენით, ავსტრიელი ექიმების რეკომენაციით, სპეციალურ ცელოფანში გახვეული ჯერ დავწვით, შემდეგ დავმარხეთ.
მამუკა სწორედ ბაუმანის დატოვებული პნევმონიებით გარდაიცვალა. ბაქტერიამ ფილტვი დაუსუსტა.
ალკოჰოლიზმიო, სულ რომ ეს ახსოვთ და წერენ, მთელი ოჯახი ფეხზე ვიდექით და ცოცხალი გვყავდა ეს ბიჭი. კლინიკამ კი, დაუდევრობით დაღუპა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამას გულდაწყვეტით ბევრი ექიმი დაადასტურებს. სამწუხაროდ, პასუხი არ მოგვითხოვია მათთვის.
მე სულ მქონდა პანიკური შიში, რომ რაიმე ინფექცია არ შეხვედროდა.
ინფექციამ ხერხემალზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დარტყმა გამოიწვია და შეიძინა პარკინსონის ჯგუფის დაავადება. კანკალმა გამოიწვია ღრმა დეპრესია. ძალიან გაწვალდა. გიტარაზე ვერ უკრავდა. ამ წამებაში გავიდა 13 წელი. კატასტროფა გადავიტანეთ მასთან ერთად. ემოციურად, ეს შემოქმედი კაცი, დეპრესიისკენ მიდრეკილი ყოველთვის იყო. სევდიანი იყო. ისე არ იწერება ეს მელოდიები...

მე იშვიათად მინახავს ისეთი სიყვარული, რასაც მამუკას წასვლით მე ხალხში ვხედავდი. ეს წრფელი სიყვარული იყო. თვითონ იყო წრფელი და მართალი ტიპი.
რას არ წერენ, მათ შორის - ალკოჰოლიკობა იყო მისი პრობლემაო. მისი ეს პრობლემა ჩვენ არც არასდროს დაგვიმალავს. დიახ! მამუკას ჰქონდა ეს პრობლემა. ალკოჰოლიზმი ჰქონდა გალაკტიონს, ფიროსმანს, რეი ჩარლზს, ვისოცკის... ემოციურ ადამიანსებს ხშირად აქვთ ასეთი პრობლემები. მაგრამ იმ ალკოჰოლიზმის დროს აქვს მამუკას ეს ასზე მეტი ჰიტი შექმნილი. ხომ შეუძლებელია, რომ ყველა სიმღერა ჰიტი იყოს? საოცარია, მაგრამ ასეა.
დარეკავდა და იტყოდა, „ზაპოი“ მაქვს! ეს იყო სიგნალი - მომეშველეთ და ჩამკეტეთო. კონცერტზე ოდესმე მთვრალი გინახავთ? არასოდეს! უკვე გავლილი ჰქონდა კრიზისი. მერე ისევ დაეწყებოდა. როგორც იცის ალკოჰოლმა.

მამაჩემი ძალიან განიცდიდა ამას. ყველაზე ადრე ჯანსუღმა გამოიცნო მამუკას სენი. მამა მოქეიფე კაცი იყო. რამდენჯერ მეც მითქვამს მისთვის და დედასაც - კაი რა, შენ არ გიქეიფია? ის და მისი საძმაკაცო - ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე, ნოდარ დუმბაძე სუფრებს აყირავებდნენ, მაგრამ მათ ორგანიზმში ალკოჰოლი სენად არ შევიდა. მამუკა კი, ქეიფსა და ქეიფს შორის, სასმელზე დამოკიდებული აღმოჩნდა. ჯანსუღი დედას ეუბნებოდა, ვიღუპებით, მე ვხედავ, ვერაგულად შევიდა მასში ალკოჰოლი, მე ვხედავ, რომ მარტო შეუძლია დალევა, ან ერთი სული აქვს, რომ „პახმელიაზე“ სასწრაფოდ სასმლით გამოვიდესო. გამოიცნო.
***
საერთოდ მამა-შვილს ფანტასტიკური ტანდემი ჰქონდა. რაც მოგისმენიათ, ყველა ჰიტი, ჯანსუღის ლექსზეა შექმნილი. ერთადერთი სიმღერა დაწერა დედას ლექსზე. „სულ ყველაზე ლამაზი“ - დედაჩემის ლექსია, მან ის შვილიშვილს - ირინოლას მიუძღვნა.
როცა მამუკა პირველ მეუღლეს გაეყარა, ირინოლა ჩვენთან იზრდებოდა. დედასთან რომ მიდიოდა, დედაჩემი იმ დღეებსაც სევდიანად აღიქვამდა და „მე რომ გელი იცოდე, ისე არსად გელიანო“ დაუწერა.
ჯანსუღმა კი ჩემს ქალიშვილს, ირმა გიგანს დაუწერა ლექსი „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები...“ მერე მამუკა წერდა ამ ლექსებზე სიმღერებს, ოღონდ მამას ახალგაზრდობაში დაწერილ ლექსებზე.
ჯანსუღი მამუკას სევდას გამოიცნობდა. არაფერი ეპარებოდა. „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“. აქაც „გაუმზადა“ სევდა.
- იმ ძველ ლექსებს, ალბათ, ყველას თავისი პრე ისტორიები და ბიოგრაფიები ჰქონდა. მერე მამუკა მუსიკალურ სამოსში ხვევდა მასზე უფროს ლექსებს. მაინც რას ამბობდა მამა?
- ძალიან ახარებდა მამუკას მიერ მორგებული ზუსტი განწყობის მელოდები. აი, მაგალითად, „მაგრად დაჰკარით“ 1971 წელს არის დაწერილი და ის პოემაში („ჯაჭვის თორანი“) აქვს მამას შეტანილი. 1972 წელს ცალკე ლექსად გამოაქვეყნა. აფხაზეთი რომ დავკარგეთ, მამუკამ მაშინ დაწერა ამ ლექსზე სიმღერა. ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტიო, ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა. ბევრს ჩამოგითვლი, მაგრამ ჯანსუღის ფანი ვარო, უპასუხა. მგონია, რომ მსგავსი ტანდემი შემთხვევით არ შექმნილა.

***
მე მოკეკლუცე არ ვარ, საკმაოდ ენამწარე ვარ. არაფერს ვყვები გამოგონილს. მართლა ასე ვცხოვრობდით: ღამის 4 საათზე ზარი რომ დაირეკებოდა კარზე, მამაჩემი იტყოდა, გააღეთ კარი, კაცო, ან ვიღაცას უჭირს, ან ლორთქიაა, ან გივი სამსონაძეა ან ნოდარ დუმბაძეო... მათ შეეძლოთ ამ დროს მისვლა ერთმანეთში. საოცარი წრე იყო.
გვიქეიფია დედაჩემის მომზადებულ ძალიან მაგარ პურმარილზეც და ხანაც - ყურძენსა და პურზე. ყურძენზე და პურზე მე სახლში მახსოვს გრიალი და გუგუნი...

ხომ ამბობენ, მამუკა გვიან გამოჩნდა სცენაზეო. ამის მიზეზს გეტყვით: სახლში ისეთი სცენა იყო, იკმაყოფილებდა აუდიტორიის წინ სიმღერის სურვილს. ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე რომ საკუთარ სახლში მოგისმენენ, ანდა, მიშიკო შენგელია და ზაურ ბოლქვაძე! ეს მხოლოდ ჩვენს სახლში კი არ ხდებოდა. მთელ სამეგორო წრეში, ყველასთან სახლებში, სუფრები ფეიერვერკებად იქცეოდა. ადგილები მახსოვს, ვინ სად იჯდა.
სარეაბილიტაციო ცენტრიდან ნოდარ დუმბაძის მიერ გამოგზავნილი საოცარი წერილი მაქვს. ეს არსად მომიყოლია.
ნოდარი წერს:
მანანას ვთხოვე რამე წიგნი მომიტანე-მეთქი. წავიდა და შენი (ჯანსუღს წერს) წიგნი მომიტანა. გადავშალე და ჩემი სტროფანტინი წავიკითხეო.
ნოდარი გულის სამკურნალო წამალს სვამდა სახელწოდებით - სტროფანტინი. მამაჩემის ლექსს „ლამაზ სიკვდილს“ დაარქვა - „ჩემი სტროფანტინიაო“. ეგეთი ძმობა ჰქონდათ. ერთმანეთს სტრიქონები უხაროდათ. ჯანსუღმა მომაწოდა წასაკითხად ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე... 60-იანელები, საოცარი ხალხი იყო... ერთმანეთის გვერდით დგომა მათ რომ იცოდნენ, უიშვიათესი იყო. ჯანსუღი მეგობრობდა გოგლა ლეონიძესთან. გოგლას უყვარდა მამა. მაქვს მისი არაჩვეულებრივი რეცენზია: ჯანსუღ, ჩემი ჯილა, ჩემი რჩეული ხარო უწერს. ამ დამოკიდებულებას დიდ პატივს სცემდა ჯანსუღი. მე და მამუკა ამ ხალხის ღირებულებებზე გავიზარდეთ. მატერიალურ რაღაცებზე არ კეთდებოდა მახვილი. მამაჩემის ჰონორარზე ვცხოვრობდით.
ჯანსუღის ცხოვრებაში, საამაყო იყო „ცისკრის“ პერიოდი, როცა ის რედაქტორი იყო; მაშინ დაიბეჭდა „დათა თუთაშხია“, რეზო ჯაფარიძის გახმაურებული წერილი მცხეთის ჯვართან დაკავშირებით.
***
მამუკას სამეგოროს ვეტენებოდი, ვეკვეტებოდი. ადრეულ წლებში, ჩვენს შორის, ასაკობრივი სხვაობა იგრძნობოდა, მერე უკვე მეგობრები გავხდით. ახლო მეგობრები ვიყავით. ძალიან, ძალიან ვეიმედებოდი.
- თქვენთვის რომელი სიმღერაა მამუკა? ყველაზე მეტად მას რომელი ჰგავს?
- „ჩამოთოვა ისევ, იისფერი მთები...“ მამუკამ მამას ლექსზე ეს სიმღერა 15 წლის ასაკში დაწერა. 70-იან წლებში დაწერილი ლექსია და ასე პატარა ასაკში დაწერა სიმღერა. სულ ვიცოდით, რომ დიდი ნიჭის პატრონი იყო. არასდროს უსწავლია მუსიკალურ სასწავლებელში. ამ კუთხით პროფესიული განათლება არ აქვს. გიტარაზე ფანტასტიურად უკრავდა, სხვა წყობის ბოლო სიმი ჰქონდა.

მე მუსიკალური განათლება მაქვს. კონსერვატორიაში იმიტომ ჩავაბარე, რომ მამის ჩრდილს გავქცეოდი. თორემ ვწერდი, მოთხრობების კრებული გამოვეცი. მამა მთხოვდა, ფილოლოგიურზე ჩამებარებინა. უნდა წეროო, მეუბნებოდა. დედაც ფილოლოგიის დოქტორია. ვთვლიდი, რომ უნივერსიტეტში - „ირმას და ჯანუკის შვილი“ ვიქნებოდი. კონსერვატორიაში ისე ჩავაბარე და დავამთავრე, რომ ჩემს ნაცვლად არავის დაუკრავს. დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი საფორტეპიანო განხრით. კონსერვატორიაც ამიტომ გადავწყვიტე. ბგერა დიდ სიღრმეს გაძლევს.
მინდა როგორც მუსიკოსმა ისე შევაფასო მამუკას სიმღერა -„სვანური ზარი“. ფოლკლორში არსებული არც ერთი სვანური ზარის ინტონაცია ან მელოდია გამოყენებული არ აქვს. აბსოლუტურად უნიკალური მუსიკალური ქარგა, ქსოვილი აქვს შექმნილი. მასში მუსიკალური გენეტიკური კოდი იდო. კი, ეგრეაო, ხუმრობდა.
ძალიან თავმდაბალი იყო, ოღონდ ამბიციურ იდიოტებს ვერ იტანდა. ერთხელ სუფრაზე ჰკითხა ერთმა, შეიძლება შენობით გელაპარაკოო? რა თქმა უნდა, აბა რაო, შენობით მელაპარაკე და თქვენობით მომექეციო. თვითონ ასეთი ტიპი იყო, ყველას თქვენობით ექცეოდა. და საერთოდ, ჩვენს სახლში ასეთი დამოკიდებულება იყო. დედას და მამას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.
ჩემი ირმა რომ გაჩნდა, დედას სამწვერა ნერვის ანთების ტკივილები მაშინ დაეწყო. თან ყველაზე რთული ფორმა ჰქონდა. მამაჩემს სარეცელი არ გაუწევია. ამ ტკივილებს ჯანსუღი ჩუმად, იუმორით, გამხნევებით უყუჩებდა მეუღლეს. თუმცა იყო ისეთი დღეებიც, როდესაც სამეგობრო ქეიფობდა და ცოლები ღამეებს ათევდნენ.
ერთხელ ჯანსუღი, ოთარ ჭილაძე, არჩილ სულაკაური და ნოდარ დუმბაძე მუცოში წავიდნენ, იქ ჩარჩნენ. ცოლები ტელეფონებზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ნერვიულობდნენ, ღამე გაათენეს. ორ დღეს თუ გასტანდა გრიალი, არ იცოდნენ. როცა გაიგეს, რომ ცოცხლები არიან და ქეიფობენ, მერე გაბრაზდნენ. მოვიდა ჯანსუღი და დედა ხმას არ სცემდა, გაებუტა. ეს დედაჩემისგან უიშვიათესი შემთხვევა იყო. სულ ამართლებდა, ხელს უწყობდა მამაჩემის „მოგზაურობებს“. (იტყოდა ხოლმე, ლექსი სადღაც უნდა დაიწეროს, ვაკიდან ვერამდე ლექსი, ფუნთუშებზე, არ იწერებაო. უნდა ხევსურეთი, სვანეთი, თუშეთი ნახოო. „ბეთანია“ და „ლამაზი სიკვდილი“ ისე ვერ დაიწერებოდაო, მისი სიტყვებია. ვეთანხმები. წერაყინით მყინვარწვერზეც კი ავიდა ჯანუკი, გურამ თიკანაძის ფოტო გვაქვს. მოყვარულ მთასვლელს გურამმა ჩაავლო.) ჰოდა, ჯანუკისაც არ მოეწონა ირმას გაბუტვა. მაგრამ აყვა გაბუტვაში, ფურცელზე დაუწერა და მიუკრა საწოლთან: ირმა, ხვალ გადაუდებელი საქმე მაქვს და დილას 9 საათზე გამაღვიძეო. ჯანსუღი ჰყვება: ვიღვიძებ და ვხვდები, რომ გამუწული მაქვს პირი „პახმელიისგან“ და მზე სახეზე საზიზღრად მაქვს დანათებული. კაციშვილი არ ჩანს და რომ უნდა დავიძახო, უცებ მიკრულ ქაღალდს მოვკარი თვალი: ჯანსუღ, 9 საათია, გაიღვიძეო.

- როგორ ხვდებოდნენ მშობლები თქვენ პოლიტიკოსობას?
- მხარს მიჭერდნენ. ჩვენ წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავით. მაგრამ როგორც კი 2008 წელს, რუსეთის საწინააღმდეგო ჯაჭვი დაანონსდა, ოჯახი ჯაჭვში ჩავებით. გია როინიშვილმა ჯანსუღთან დარეკა, მიშას ჯაჭვიაო, ამბობენ და არ დგებიანო. ჯანსუღის პასუხი იყო, რუსი მოდის და მიშას ჯაჭვი და იმის ჯაჭვი, რა არისო და მტკივანი ფეხებით რუსთაველზე დიდხანს იდგა. მერე სკამი დაუდგეს. ჩვენთვის მთავარია - რუსი ჩვენთან არ უნდა შემოვიდეს, არა! დედაჩემისგან სულ გვქონდა მხარდაჭერა, მიდი, შენ გვერდით ვართ.
რუსული კანონი რომ გავაპროტესტეთ, ოფისში 15 წუთი შემოვედი მოსასულიერებლად. დავრეკე დედასთან, მოვიკითხე და მითხრა, მე კარგად ვარ, შენ მიბრუნდი უკან აქციაზე. რუსი მოდის და სახლში რა გინდაო?
- დაბოლოს, როგორი იყო მამუკას უკანასკნელი დღეები?
- ბოლოს კლინიკაში სეფსისით მოხვდა. კავკასიის მედიცინის ცენტრი თან გადაგვყვა. ბოლო ორ თვენახევარი გაატარა იქ. ორჯერ ავედით პალატაში. რეანიმაციის და ექიმების წყალობით გამოძვრა. სხვა არაფერი შემეძლო, კლინიკიდან არ გამოვსულვარ. ექიმებთან ერთად ყირაზე დავდექით მთელი ოჯახი. მაგრამ ანტიბიოტიკი ვეღარ აიტანა ორგანიზმმა და გული გაჩერდა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ექიმმა ჰკითხა, ბატონო მამუკა, როგორ ხართო? მამუკამ ჟანგბადის ნიღაბი მოიძრო და მე კარგად, შენო? გაეხუმრა კიდეც...
პატარაობაში თაფუცას მეძახდა, მერე - თაკუჩას. სულ ვეიმედებოდი... ბოლო სიმღერის ჩაწერა ვერ მოასწრო. თუმცა ვიდეო არსებობს, მელოდია შენახულია. უკანასკნელი სიმღერაც ჯანსუღის ლექსზეა. მამუკას ცოლს ვეუსაუბრე, რაღაც მაქვს ჩაფიქრებული. ცოტა დრო გავიდეს... უნდა მოვიყვანო სისრულეში...

10/30/2025