რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მარხვა სულის და ხორცის მაკურნებელი სამზადისია დიდ დღესასწაულთან შესახვედრად. ლოცვით გულს და გონებას ვიწმენდთ, ფიზიკური მარხვით - სხეულს. და ასე გაწმენდილი ველოდებით ქრისტეშობას, რომელიც ჯერ ჩვენს გულში იშვება და შემდეგ მთლიანად მოგვიცავს.
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი "ზმნას" მარხვის მნიშვნელობასა და კონტექსტზე ესაუბრება.
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი: ყველა დიდ დღესასწაულს წინ მარხვა უძღვის. ეს არის მზადება, სამზადისი დიდი დღესასწაულისთვის. მარხვა საკვებისგან თავის შეკავება არ არის. ამ დროს დიდი ყურადღება სულიერ მხარეს უნდა მივმართოთ. ცუდი თვისებები უნდა მოვიშოროთ. განსაკუთრებული ყურადღება შინაგან სამყაროზე გადავიტანოთ, რომ ის დღესასწაული დავიტიოთ, რომელიც მოდის.
როგორც ერთი წმინდანი ამბობს, თუ ქრისტე შენ გულში არ იშვება, ასჯერაც რომ შობილიყო ამქვეყნად, ამას აზრი არ ექნებოდაო. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღესასწაულს და მისთვის მზადებას კიდევ უფრო დიდი.
- ქრისტე რომ გულში იშვას, ის სუფთა და გაწმენდილი უნდა დავახვედროთ.
- რაც გულში აქვს ადამიანს, ყოველთვის იმისთვის ემზადება. მარხვა ღმერთთან შესახევედრად, მასთან საკონტაქტო გზაა...
ძალიან არასწორია მხოლოდ ჭამაზე თუ იფიქრებ მარხვაში. ეს მეორეხარსიხოვანია. პირველია ის, რომ მანკიერმა თვისებებმა არ შეგვიშალოს ხელი ღმერთთან ურთიერთობაში. ამას ჰქვია სულიერი მარხვა, რომელსაც ხელს ფიზიკური მარხვა უწყობს.
ადამიანმა უნდა შეძლოს ნამდვილი დღესასწაული. დღე, როდესაც ხდება სასწაული და ეს სასწაული შენს ცხოვრებაშიც უნდა მოხდეს. ისე არ არის, რომ 2 ათასი წლის წინ მომხდარს ვდღესასწაულობდეთ. ეს სასწაული დღესაც უნდა მოხდეს. და შენ თუ ვერ მოემზადე ამისთვის, მაშინ მხოლოდ წარმართულად დღესაწაულობ ჭამა-სმით, სადღგრძელოებით. ეს უსულო მდგომარეობაა. მარხვის დროს ადამიანი მიწიერი ტყვეობიდან უნდა გამოვიდეს და სულიერი გახდეს.

- რა ცვლილებებია მორწმუნის შიგნით ამ დროს?
- სულიერი მხარე და ზნეობა უპირატესი უნდა გახადოს ადამიანმა. "მე მინდა"- ზე სულიერი უნდა გაბატონდეს. ამ ქვეყნიურმა სურვილებმა არ უნდა გმართოს. მთავარი მიზანია. რა მიზანიც გაქვს, იმას ემსახურები. მარხვის დროს მიზანი უნდა შეიცვალო და ღმერთთან პირადი ურთიერთობა დაამყარო. ჩვენს გულში უნდა იშვას უფალი. ამისთვის ჩვენ, ჩვენი თავი უნდა მოვამზადოთ. ღმერთი ამისთვის მზად არის, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ.
თუ ჩემი მიზანი ამ ქვეყნიური კეთილდღეობაა, ამ ფუჭი მიზნებით ღმერთისკენ სავალ გზაზე ხელი მეშლება. ვემსგავსები იმ სამსჭვალებს, რომელიც ამ ქვეყანაზე მიგაჯაჭვებს.
ცხოვრების წესი თუ არ შევიცვალეთ, მარხვას აზრი ეკარგება. გამოდის, რომ პირველ რიგში, ცხოვრების წესის შეცვლას უნდა მივაქციოთ ყურადღება. გააზრებული პროცესია. მთელი სახარება ამაზეა. აპოკალიფსში წერია, მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ. ვინც გამიღებს, შემოვალ და დავრჩები მასთან. ამ კანუნით და კარის გაღებით, ღმერთმა ჩვენს გულში უნდა შეძლოს შემოსვლა. მარხვაც განწმენდაა - ღმერთის მისაღებად.
- მარხვაში იწმინდება სული, გონება და სხეულიც. თავისუფლდება ცხოველური საკვებისგან. თანაც მარხვები ისეთ პერიოდებშია გადანაწილებული, როდესაც ადამიანის სხეულს განტვირთვა სჭირდება, ცხოველური ცხიმებისგან დასვენება...
- მედიცინა ცხადყოფს, რომ ყველნაირი დაავადება არასწორი კვებიდან მოდის. ადამიანმა კვება უნდა აკონტროლოს, ჭამა-სმაში უზომო არ უნდა იყოს. თორემ დაემსგავსება ლუარსაბ თათქარიძეს, რომელზეც ილია მართალი ამბობს, რომ სული მის ქონებში იყო დაკარგულიო. წარმოგიდგენიათ? ილია ჭავჭავაძე კახური პირდაპირობით ამბობს, ამ პერსონაჟს სული ქონებში ჰქონდა დაკარგული.
სული შეიძლება ამქვეყნიურ სიყვარულში დაკარგო, უპირატესად მიიჩნიო რაღაც სხვა, მიწიერი, ძირითადად სიამოვნებები. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, სიამოვნებებით ცხოვრობს და სული უკვდება. თუ სულს სულიერ საკვებს, ღვთის მადლს არ მიაწოდებთ, სული მოკვდება. ამიტომ მარხვის დროს, ჩვენში სიცოცხლე უნდა შემოვიდეს. სიცოცხლე - ეს ღმერთთან ერთობაა.
ღმერთმა, ფიზიკურად შექმნილ ადამიანს, თავისი სული შთაბერა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ჩვენს სულს ვეძახით, ეს ღმერთის სულია ჩვენში. გამოდის, რომ ჩვენ ღმერთის ნაწილი ვართ. ეს დავიწყებული გვაქვს ადამიანებს. ჩვენ ამ დიდ მდგომარეობას უნდა დავუბრუნდეთ. უნდა გავიხსენოთ, რომ გავცოცხლდეთ.
ცეცხლი ჩვენში ან ანთია, ან - არა. თუ ბჟუტავს, კარგია. შეგიძლია ნავთი მიასხა და აალდეს. პავლე მოციქული ამბობს, ნაპერწკლიდან ცეცხლი უნდა აანთოო. ნაპერწკალი ყველა ადამიანს გვეძლევა. ქართველებს ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სიცოცხლე. სიტყვა სიცოცხლის ფუძე არის ცეცხლი. ცეცხლიდან მოდის სიცოცხლე. ეს მატერიალური რამეც არის. სიტყვა სიცოცხლე, ქართველისთვის, ბიოლოგიურ ცხოვრებას არ ნიშნავს. ჩვენთვის გარდაცვალებაც არ ნიშნავს სიკვდილს. სიკვდილი არის ღმერთზე მოშორება. ბოლო ჟამს ადამიანები სიყვარულის უნარს დაკარგავენო, იოანე მახარებელი წინასწარმეტყველებს.
- მარხვა ორგანიზმს წმენდს. ამას სწორ კვებამდე მივყავართ.
- ჯანმრთელი კვება რომ სჭირდება ადამიანს, ამას მხოლოდ ეკლესია არ ამბობს. მედიცინაც და თანამედრო ადამიანიც ამას გრძნობს. ჭარბი წონა და დაავადებები, არასწორი კვებისგან მოდის. კვებას გასწორება სჭირდება.
ადამიანისთვის ყველაზე მშობლიური საკვებია ის, რომლითაც ცოდვით დაცემამდე იკვებებოდა. ეს არის მცენარეული საკვები. მაღლკალორიული საკვები მას შემდეგ შემოვიდა, რაც ის ცოდვით დაეცა. უზომოდ კვებას ზიანი მოაქვს. ადამიანისთვის განტვირთვაა საჭირო. თუმცა მედიცინა ამბობს, რომ ორგანიზმის გაწმენდას ნარჩენებისგან, ორი-სამი წელი სჭირდება.
მარხვაც რომ არ იყოს, ისედაც ზომიერად უნდა ვიკვებოთ. გვაქვს სიტყვა დანაყრება, უნდა დანაყრდე და არავითარ შეთხვევაში, არ უნდა გაძღე. არ უნდა გასკდე, ღმერთმა დაიფაროს ყველა. ხომ გვაქვს ასეთი გამოთქმა - გავსკდი, გავძეხი. ორივე ნეგატიური კონტექსტია.
ძველი ქართული სამოსი რომ ავიღოთ, ქალისაც და მამაკაცისაც, რა წვრილი წელი აქვს. ვინც იმ სამოსს იცვამდა, მის ორგანიზმში წესრიგი იყო დამყარებული. შინაგანად ზედმეტი არ უნდა ატარო, უნდა მოიშორო. თუ შენი წონა უნდა იყოს 80 კილო, მაგრამ ხარ 125 კილო, გამოდის, რომ 45 კილოს ათრევ ყოველდღე. ეს ორგანიზმსაც უჭირს, ხასიათსაც კარგავ და ასე შემდეგ. თუ ზომებში დავბრუნდებით, ორგანიზმს ბუნებრივად დაუბრუნდება მხნეობა და სიხარული. ადამიანს კალორიები კი არა, მისი ორგანიზმი აცხოვრებს. ორი თვე უჭმელი ვძლებთ. 67 დღესაც კი. გამოდის, რომ არ ყოფილა საკვები გადამწყვეტი. ამიტომ ზომიერება, ძვირფასებო, ყველაფერში ზომიერება დავიცვათ...
11/28/2025