Logo

"მე და ნუნუ ხშირად ვჩხუბობდით, ერთხელ ავდექი და გადაცემიდან წავედი" - ნუკრი კაპანაძე ნუნუ დუღაშვილთან ურთიერთობას იხსენებს

"მე და ნუნუ ხშირად ვჩხუბობდით, ერთხელ ავდექი და გადაცემიდან წავედი" - ნუკრი კაპანაძე ნუნუ დუღაშვილთან ურთიერთობას იხსენებს

11/09/2026

ტექსტის ზომა

„ნუნუ იყო ჩემი კომპოზიტორი და მე ვიყავი მისი მომღერალი,“ - ასე იხსენებს ნუნუ დუღაშვილს ნუკრი კაპანაძე.

მომღერალმა გადაცემაში "შუადღე ლაივი" კომპოზიტორთან განსაკუთრებული სიახლოვე, მისი სითბო და ბავშვურ სიჯიუტე გაიხსენა.
ასვე ისაუბრა შემოქმედებით კამათზე, რომელიც მათ ურთიერთობას ხშირად ახლდა და განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

"როგორი მუსიკოსი იყო ნუნუ დუღაშვილი, ამაზე მუსიკოლოგები და მუსიკის მცოდნეები იტყვიან. მე არ დავიწყებ საუბარს იმაზე, რამდენ ჟანრს აერთიანებდა ეს ადამიანი. ეს ყველამ კარგად ვიცით და აღარ გავიმეორებ. უბრალოდ, შედევრები დატოვა და ამას ბევრი ლაპარაკი ალბათ არც უნდა.

მე გეტყვით, ჩემთან ურთიერთობაში როგორი იყო.

მახსოვს, პირველად რომ მივედი ნუნუსთან... ნუნუს ვამბობ შეგნებულად. რასაკვირველია, შემიძლია დიდი პატივისცემით „ქალბატონი ნუნუ“ ვთქვა, მაგრამ პირველად რომ მივმართე „ქალბატონო“, მითხრა: „არა, შენ გენაცვალე, ქალბატონო არ დამიძახო“.

მერე „დეიდა ნუნუ“ ვუთხარი, მაგრამ არც ეს ჩაჯდა... თვითონ ახალგაზრდა იყო, არ იყო დეიდა. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დეიდები არ არიან და არც ხდებიან? ასეთი იყო ნუნუ.
მითხრა, ნუნუკა დამიძახეო. მხოლოდ „ნუნუკა“ არ მეყო და ხან ნუნუშკის ვეძახდი, ხან ნუნუშკინოს. ეს მოსწონდა. ჩემთვის ურთიერთობაში ნუნუშკი იყო, ნუნუშკინო...

იცით, ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით. ძალიან თბილი იყო, მაგრამ რბილი ხასიათი არ ჰქონდა. კარგად რომ არ მცოდნოდა, როგორი საინტერესო პიროვნება იყო და რამხელა სითბო იდგა ამ ყველაფრის უკან, შეიძლებოდა მისგან რაღაც მწყენოდა.

დღეს ისე მიყვარს მისი სიჯიუტეები... ისეთი საყვარელი, რაღაცნაირად ბავშვური სიჯიუტეები ჰქონდა. იმიტომ იყო ნუნუ, რომ ასეთი იყო. მიყვარს, როცა ადამიანი ისეთია, როგორიც არის. არავინ უნდა ეცადოს მის „გამოსწორებას“. ის ასეთი იყო - გენიალური, თავისებური, არავის ჰგავდა.

არ უყვარდა, როცა მის სიმღერას სახეს უცვლიდნენ. სულ ამაზე ვჩხუბობდით. მეც საკმაოდ ჯიუტი ვარ და მინდა, ჩემებურად ვიმღერო, რაღაც სივრცე ხომ უნდა დაგრჩეს? ნუნუს კი უნდოდა, ისე მემღერა, როგორც მას სურდა. არცერთ აკორდს არ დათმობდა.

ჩვენი პირველი სიმღერა იყო „იეზიდი და თათრის გოგონა“. თავისი ისტორია აქვს, საიდან ამოვიღე ეს სიმღერა. ადრე გოგისგან მქონდა მოსმენილი, მერე მედეა ძიძიგურისგან. შემდეგ პაუზა იყო და ამ სიმღერას აღარ მღეროდნენ. ვუთხარი ნუნუს: „ეს სიმღერა მინდა, რაღაცნაირად მტკივა, მაწუხებს-მეთქი“. მითხრა, მოდი, გავაკეთოთო.


სიმღერაში ამ ჩახვევებზე ძალიან ვკამათობდით. სანამ ისე არ გააკეთებდი, როგორც უნდოდა... მერე ზუსტად ისე ვაკეთებდი და ის აღარ მოსწონდა. მე და ნინოს ასეთი შეთანხმება გვქონდა. თუ ნუნუ არ გვისმენდა, კონცერტებზე მაინც ჩვენებურად ვმღეროდით. თუ დარბაზში იჯდა, ვამბობდით - „ვაიმე, ნუნუა და ისე გავაკეთოთ, როგორც მას უნდა!“

ერთხელ ავდექი და გადაცემიდან წავედი. წინა დღეს შევთანხმდით, რა უნდა მემღერა. მივედით საგრიმიოროში და მეკითხება:

- რას მღერი?

- გუშინ ხომ შევთანხმდით? „ჩაკვდა აკორდი“.

- არ იმღერებ მაგას. იმღერებ „იეზიდი და თათრის გოგონას“.

ვუთხარი, დილის გადაცემაში ამას ვერ ვიმღერებ, ყელის მომზადება სჭირდება და ამისთვის მზად არ ვარ-მეთქი. არ დათმო... ძალიან პრინციპული იყო.

უნდა გენახათ, იქ ადამიანებმა როგორ ინერვიულეს... მერე კი ეს ჩვენი ისეთი საყვარელი ისტორია გახდა.

რა ვთქვა, ვგიჟდები, ისე მიყვარს... სხვათა შორის, ცნობილია, რომ ნუნუს კაცების ნამღერი უყვარდა. ნათქვამი ჰქონდა: „მე მიყვარს კაცების ჟღერადობა“. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ქალების ნამღერი არ უყვარდა.

ნუნუს სიმღერაში კეკლუცობა არ მოსწონდა. იცით, რა უყვარდა? ძარღვიანი, გასაგებად რომ ვთქვა, მოქნეული სიმღერა.

ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ერთი მთავარი მინდა ვთქვა - ნუნუ იყო ჩემი კომპოზიტორი და მე ვიყავი მისი მომღერალი. ამით ვარ ბედნიერი“, - იხსენებს ნუკრი კაპანაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მოგონებანუკრი კაპანაძენუნუ დუღაშვილისიმღერა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026