
11/05/2026
41 წლის თემურ თვალავაძე ჰემილტონი ბათუმელია. წლებია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობს. აქვს თავისი სალონი - მაღალი კლასის კლიენტურით. ამბობს, რომ სამშობლო 18 წლის ასაკში იმიტომ მიატოვა, რომ გეია.
მან ასე გულწფელად და თამამად ორი წლის წინ იუთუბარხზე "თამიასთან" ისაუბრა. შარშან მეორე ინტერვიუც მისცა თამიას და თქვა, რომ ყველას, ვინც კი მას, ორიენტაციის გამო აბულინგებდა, მიუტევა და აპატია.

თემურ თვალავაძე ჰემილტონი: რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ გეი ვარ. სადღაც 12-13 წლის ასაკში. მივხვდი იმასაც, რომ საქართველოში ჩემთვის ცხოვრება ძალიან რთული იქნებოდა. ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი.
გაცვლითი პროგრამით პირველად რომ ამერიკაში ჩამოვედი, 16 წლის ვიყავი. აქ გავიგე, რომ თურმე ასეთი გავჩნდი. საქართველოში ვიცოდი, ეშმაკი გყავს შეჩენილიო და მეორე ვერსიაც იყო - მენტალურად ავადმყოფი ხარო.

მე ღვთის მოყვარული ვარ, სულ ეკლესიაში ვიყავი, ამიტომ ეშმაკი შეჩენილი ვერ მეყოლებოდა. ამიტომ მეგონა, რომ გონებრივად ავად ვიყავი. ეკლესიაში ღმერთს ვეხვეწებოდი, გამომაჯანმრთელე-მეთქი. ამერიკში რომ გავიგე, რომ ასეთი დავიბადე, ძალიან გავბრაზდი, რადგან მივხვდი, რომ თურმე, მანამდე, სულ ტყუილებში გავიზარდე. გავბრაზდი ყველაზე, საქართველოზე, იქაურ მენტალიტეტზე. ხომ შეიძლებოდა, ამ ტყუილების გამო, ჩემი თავი ცუდად დამენახა და არ მყვარებოდა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩემი თავი ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა.

ამერიკიდან დავბრუნდი საყურით, ქერად შეღებილი თმით, ამერიკულ სტილზე ჩაცმული, რაც საქართველოსთვის ძალიან მიუღებელი იყო. პირველ რიგში, ფიზიკურად ვაჩვენე ყველას, ხო, გეი ვარ-მეთქი! გავიცანი გეები და მათთან დავიწყე მეგობრობა. ერას მოედანზე, სადაც ძველი ბიჭები ბირჟაობდნენ, ჩემს მეგობარს, მათ დასანახად ტუჩებში ვაკოცე. და გავიქეცით. ისინი გამოგვეკიდნენ. ვერ დაგვიჭირეს, მაგრამ გვიან საღამოს მაინც დამხდვნენ და გამლახეს. მაგრამ ამ ფაქტმა ვერ გამაჩერა. პირიქით - უფრო გავბრაზდი. სახელიც გავარდა. სკოლაში ძალიან პოპულარული გავხდი. ხმა რომ გავარდა - თემური გეიაო, სკოლა დამეტაკა. მერე მეზობლები და ოჯახი დამიპირისპირდნენ! დედამ ვერ გამიგო. შიშში იყო, თავის თავს დააბრალა. მე რომ ჩემი ძმა, ალეკო თვალავაძე არ მყოლოდა, მკვდარი ვიქნებოდი. მას გული დაწყდა, მაგრამ მითხრა, რა ვქნა ძმაო, მიყვარდი და ყოველთვის მეყვარებიო.

მე რომ ახლა, დღევანდელ საქართველოში ვცხოვრობდე და 18 წლის ვიყო, ამერიკაში არ წამოვიდოდი. დღეს იქაც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დიდი ცვლილება მოხდა. მაგრამ მაშინ, როდესაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, არც სოციალური ქსელი იყო და საზოგადოებამ იცოდა ის, რაც განაგონი ჰქონდა და შინაგანად გრძნობდა.

ყველა კუთხიდან სიკვდილი მელოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ვერ გავიმარჯვებდი. არა მგონია, ცოცხალი გადავრჩენილიყავი. რქებით დავეტაკე ყველას, რას ქვია, მე ასეთი ორიენტაციის ვარ და როგორ მეუბნები, რომ არ მაქვს ამის უფლება-მეთქი? დარწმუნებული ვარ, მე რომ ამერიკაში არ ჩამოვსულიყავი, სიცოცხლეს შევწირავდი.
ორიენტაცია არ არის არჩევანი. როგორ შეიძლება ეს ავირჩიო, როდესაც ცხოვრებაში ამხელა ტკივილი გადავიტანე და მივატოვე ყველა, ვინც კი მიყვარდა, მთელი ჩემი 18 წელი მივატოვე.

მიფიქრია იმაზე, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება მე რომ გეი არ ვყოფილიყავი. ვინც იცის ჩემი ცხოვრება, მან იცის რამხელა ტკივილი მაქვს გადატანილი და რა მაქვს საერთოდ ცხოვრებაში დაკარგული.
40 წლის ვარ და შვილი არ მყავს. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის, დღემდე აქვს და ვაპირებ კიდეც, მაგრამ... ჩემი აზრით, უფრო ადრე გავხდებოდი მამა. როცა ჩემთვის ვფიქრობ, ხანდახან თვალები ცრემლებიც მევსება, როდესაც ჩემნაირი ხალხი შვილს აჩენს, იქ ერევა მეცნიერება, უნდა ვიპოვო ვიღაცის კვერცხუჯრედი და ასე შემდეგ. შვილი რომ მეყოლება და ჩემი შვილი შემეკითხება, ჩემი დედა ვინ არისო, მე ამაზე ჩემს შვილს ვერ ვუპასუხებ. მე ყველანაირად შევეცდები, როგორც მამამ, როგორც ადამიანმა, გულში ეს შავი სიღრმე ამოვუვსო.

ბავშვი წარმოიდგინე? დედა ბუნებრივია, დედა - დედაა. მამას თავისი ადგილი აქვს. მე ბუნების წინააღმდეგ წასვლის არ მჯერა. ბუნებას თავისი გავლენა აქვს. როდესაც ადამიანს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მკვდარია, მაგრამ იცი, ვინ არის, ფოტოები გაქვს, მოგონება გაქვს, მოფერება შეიძლება გახსოვდეს. მაგრამ მე ჩემს შვილს ვერ ვეტყვი, ვინ არის მისი დედა. მე ვიცი, ჩემს შვილს როგორ გავზრდი და სიყვარულს არ მოვაკლებ. (ბევრი დედის გვერდით ცხოვრობს და უბედურად იზრდება).

არავისთან არაფერს არ ვამტკიცებ და არც ის მაინტერსებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე, მე ვამბობ იმას, რაც გულში მაქვს.
ჩემმა ორიენტაციამ ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ წამართვა. ხანდახან ხუმრობით ვამბობ, ღმერთო, გონება მაინც მოგეცა სხვანაირი-მეთქი, რადგან მე ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს. აი, ამ საკითხში მიჭირს...

მაგრამ დღის ბოლოს მე ვარ ისეთი, როგორიც უფალმა შემქმნა, როგორიც ვარ. მე მიყვარს ჩემი თავი. არის რაღაცები, რაც არ მომწონს, რაღაც არ გამომივიდა ამ ორიენტაციის გამო, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია.
მეამაყება რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ ინგლისურად, ვლოცულობ - ქართულად...

გააზიარე სტატია