Logo

ინტერვიუ

"მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი" - "ნატვრის ხის" გადაღებიდან 50 წელი გავიდა

"მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი" - "ნატვრის ხის" გადაღებიდან 50 წელი გავიდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თენგიზ აბულაძის ფილმი "ნატვრის ხე" 50 წლისაა. გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, 1976 წელს გადაღებული ფილმი, რეჟისორის ტრილოგიის მეორე სურათია.

ძნელად იპოვით ფილმს, სადაც ასეთი თანავარსკვლავედია თავმოყრილი. ლიკა ქავჟარაძე ლეგენდად, სწორედ "ნატვრის ხეში" ნათამაშებმა მარიტამ აქცია. დაუვიწყარია სოფიკო ჭიაურელის ფუფალა, სესილია თაყაიშვილის მარადია, კახი კავსაძის იორამი, რამაზ ჩხიკვაძის ოხროხინე მღვდელი... ყველა განუმეორებელი და ერთადერთი. მთელი ფილმი ერთ დიდ პანორამულ ტილოს ჰგავს, რომლის თვალიერება არ გბეზრდება...

ფილმის გადაღებებსა და თავის გმირს ზაზა კოლელიშვილი იხსენებს.

ზაზა კოლელიშვილი: შეთეს როლში 18 წლის ვიყავი. დასამალი არ არის, რომ ბიჭები, "ნატვრის ხის" გადაღების დროს, ლიკაზე ვიყავით შეყვარებული. თან იცით, როგორ გვიყვარდა? მასთან ფიზიკურ სიახლოვეს საკუთარ თავსაც ვერ ვკადრებდით. იმდენად სუფთა და ხალასი იყო ლიკა, რომ მხოლოდ წრფელი სიყვარულით გვიყვარდა. ბიჭებს ერთმანეთისთვის თავ-ყბა დაგვილეწია მისი გულისთვის. 

ფილმში, ჩემი და სოსო ჯაჭვლიანის ჩხუბიდან 58 წამი რომ შევიდა, გადაღებული იყო ათ წუთიანი ჩხუბის სცენა. წარმოიდგინეთ, რა დღე გაგვატარა თენგიზ აბულაძემ! ყურის უკან ჩაქცევები მქონდა! გადაღების დროს დადგმული ჩხუბი იყო, ვიცოდით აპაჩით (დადგმული დარტყმა) მუშაობა. მაგრამ როცა მართლა მოგხვდება, მწარდები. იყო მომენტები, მართლა ვარტყამდით ერთმანეთს.

ნატვრის ხე

ფარიკაობის და სასცენო მოძრაობის პედაგოგი - შოთა სხირტლაძე ჩვენი უფროსი ძმაკაცი იყო. ის გვადგმევინებდა ჩხუბის კადრებს. პენოპლასტის ქვები დაამზადეს, რომ ერთ სცენაში სოსოსთვის თავში ჩაერტყათ. ეს გაკეთებული ქვები ნამდვილ ქვებს შორის ეგდო და შოთას შეეშალა და ერთი დუბლის დროს, ნამდვილი ქვა ისე ჩაარტყა, თავი გაუტეხა სოსოს. 

ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი.

ნატვრის ხე

- და მაინც, რას გრძნობდით, როდესაც მარიტა ვირზე უკუღმა შესმული მიგყავდათ?

- ლეონიძის შეთესგან განსხვავებით, მე მარიტას შინაგანად ვუთანაგრძნობდი. გოგლა ასე აღწერს შეთეს: მგლის იერის, ნაცრისფერი სახის ყომრალი კაციო... ზოგადად, მე ვცდილობდი ადამიანური თვისება უფრო წინ წამომეწია, ვიდრე ავტორს ჰქონდა ლიტერატურულ პერსონაჟში ჩადებული.

ერთი კადრია, რომელიც ძალიან მომწონს, მარიტას იდაყვი შეთეს უჭირავს, თან თანაუგრძნობს, თან - ვერ!  სოფლის ნების წინააღმდეგ ისიც ვერ წავიდა. შეთე კაცი იქნებოდა, ციციკორეს და სოფლის წინააღმდეგ რომ წასულიყო. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი. მარიტას არ უღალატია ქმრისთვის, გააფრთხილა გედია, წადი, თორემ მოგკლავენო. სოფელმა გედიაც მოკლა და მარიტაც. დღესაც ერევა სოფელი პირად ამბებში. არაფერი იცვლება...

ზაზა კოლელიშვილი

რთული იყო გადასაღებად სცენა, მე რომ ოთახში შემოფრენილ ჩიტს მათრახით ვუსწორდები და ვლეწავ ყველაფერს. ბატონ თენგიზს უნდოდა უწყვეტი კადრი ყოფილიყო. ინტერიერი ისე იყო მოწყობილი, რომ ლიკა მაგრად უნდა ჩამებღუჯა. მგონი, გულზე მიბჯენისგან ვალურჯებდი კიდეც. ორი დუბლი დაიწუნა, ამ დროს ილეწებოდა რეკვიზიტები. მაგრამ არ მოსწონდა, რადგან დამაჯერებელი არ ვიყავი, შებოჭილობას მამჩნევდა, თან ლიკა მეკვროდა... ამ მომენტისთვის ხომ ვემზადებოდი და... რაღაც არ გამომდიოდა, მაინც პირველი როლი იყო.

და ბატონმა თენგიზმა თქვა, მესამე დუბლს ვცდი და თუ არ გამოვიდა, ეს ეპიზოდი ფილმში აღარ იქნებაო. წარმოიდგინეთ, "ნატვრის ხეში" ეს ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო?

ბიძაჩემმა, რეჟისორმა გია მატარაძემ, რომელიც იმ დროს აბულაძის მოწაფე იყო, ისე "ამაგდო", რა კეკელკასავით იქცევიო, რომ გამწარებულმა ისეთი ლეწვა ავტეხე, შემოფრენილ ჩიტს თავი წავაწყვიტე. ამაზე უკვე ლიკას რეაქციაც და მთელი სცენაც ბუნებრივი გამოვიდა. თენგიზს მოეწონა - "მალადციო", გვითხრა. მანამდე მეუბნებოდა, საბავშვო ბაღიაო. აბულაძის შექება ცოტა არ იყო. სტიმული მომეცა. 

რამდენია გასახსენებელი...

ნათელი დაადგეთ წასულების სულებს...

ფუფალანატვრის ხენატვრის ხე

ავტორი: თამარ გონგაძე

04/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024