
11/02/2026
მენოპაუზაზე საუბრისას ყურადღება ხშირად ალებზე, ძილის დარღვევასა და განწყობის ცვლილებებზე მახვილდება, ინტიმურ და შარდვასთან დაკავშირებულ დისკომფორტზე საუბარს კი ქალები ერიდებიან.
ბევრი ამ ჩივილებს ასაკის გარდაუვალ ნაწილად მიიჩნევს და დახმარებას არ ეძებს. რატომ არ უნდა შევეგუოთ სიმშრალეს, ტკივილსა თუ შარდვის პრობლემებს და რა უნდა ვიცოდეთ მათი მკურნალობის შესახებ? - ექიმი უროლოგი სოფო აბაზაძე განმარტავს.
"მენოპაუზა მხოლოდ მენსტრუაციის შეწყვეტა არ არის. ესტროგენის დონის შემცირება გავლენას ახდენს საშოს, ურეთრისა და შარდის ბუშტის ჯანმრთელობაზეც.
სამწუხაროდ, ბევრი ქალი წლობით ეგუება სიმპტომებს, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია.
1. გახშირებული შარდვა ასაკის გარდაუვალი შედეგი არ არის! თუ ღამით რამდენჯერმე იღვიძებთ მოსაშარდად, ხშირად გიწევთ ტუალეტში სიარული ან მოშარდვის გადაუდებელი სურვილი გაწუხებთ, მიზეზი უნდა გამოიკვლიოთ.

2. ადგილობრივი ესტროგენი ზოგჯერ ძალიან ეფექტური მკურნალობაა. ვაგინალური სიმშრალის, წვისა და მენოპაუზასთან დაკავშირებული გენიტოურინარული სიმპტომების დროს დაბალდოზიანი ვაგინალური ესტროგენი ხშირად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. ის ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს განმეორებითი საშარდე ინფექციების პრევენციისთვის.
3. ნუ შეზღუდავთ წყალს მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად შარდავთ. სითხის არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება შარდი უფრო კონცენტრირებული გახადოს და შარდის ბუშტის გაღიზიანება გააძლიეროს. სითხის რაოდენობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

4. მენჯის ფსკერის კუნთებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ხველის, სიცილის ან ფიზიკური დატვირთვის დროს შარდის გაჟონვა ნორმად არ უნდა მიიჩნიოთ. სწორად შესრულებული მენჯის ფსკერის ვარჯიშები ხშირად მკურნალობის პირველი ნაბიჯია.
5. შარდში ბაქტერია ყოველთვის ცისტიტს არ ნიშნავს! თუ შარდის ანალიზში ბაქტერია გამოვლინდა, მაგრამ სიმპტომები არ გაქვთ, ანტიბიოტიკი უმეტეს შემთხვევაში საჭირო არ არის. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, ზოგიერთი უროლოგიური პროცედურის წინ.
6. სქესობრივი აქტის დროს ტკივილი და ვაგინალური სიმშრალე არ უნდა აიტანოთ. ეს სიმპტომები ხშირად დაკავშირებულია მენოპაუზის გენიტოურინარულ სინდრომთან და არსებობს ეფექტური მკურნალობის მეთოდები.
7. შარდში სისხლი არასოდეს მიაწეროთ მხოლოდ მენოპაუზას! თუნდაც ერთხელ შენიშნოთ ხილული სისხლი შარდში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. უმტკივნეულო ჰემატურიაც საჭიროებს შეფასებას.
და ყველაზე მთავარი: მენოპაუზა ქალის ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია და არა დაავადება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილს, შარდის შეუკავებლობას, განმეორებით ინფექციებსა და დისკომფორტს უნდა შეეგუოთ.
თქვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში!" - განმარტავს ექიმი.
გააზიარე სტატია