საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიული ორკესტრის ას წლიანი საიუბილეო კონცერტების სერიის ფარგლებში, თბილისს, იტალიელი დირიჟორი - კარლო პონტი სტუმრობს.
ცნობილი მაესტრო, ქართველ მსმენელთან შესახვედრად, უკვე რამდენიმე დღეა ემზადება.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100-წლიანი ისტორია, 28 ნოემბერს, კიდევ ერთი კონცერტით აღინიშნება. ორკესტრი მრავალფეროვან პროგრამას პონტის დირიჟორობით ქართველ პიანისტ - დუდანა მაზმანიშვილთან ერთად წარმოადგენს. ეს თანამშრომლობა - დირიჟორს, პიანისტსა და ორკესტრს შორის, პირველია...
საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ედვარდ გრიგის, ოტო რინო რესპეგის ნაწარმოებები გაჟღერდება.
"აქაურობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა. ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო. ცოტა ხნის წინ ქართველ ქალზე დავქორწინდი და ახლა, ამ სტატუსის შემდეგ, აქ ყოფნა, ჩემთვის კიდევ უფრო მეტია.

რაც შეეხება ამ ორკესტრთან თანამშრომლობას, ეს ძალიან საინტერესოა. ორკესტრს ასწლოვანი ისტორია აქვს, ასი წელი ცოტა არ არის. მეც სიხარულით ვუერთდები ამ იუბილის აღნიშვნას. ვფიქრობ, პროგრამა საინტერესოა, რადგან ბევრ მუსიკალურ სტილს შორისაა. ვიწყებთ ბეთჰოვენის ნაწარმოებით. ეს არის მისი ბოლო უვერტიურა. ის გამოირჩევა მარტივი და ნათელი მელოდიებით, რომელიც არა დრამატულ, არამედ მშვიდ განწყობას ქმნის. კონცერტი გრიგის ნაწარმოებით, არაჩვეულებრივ ქართველ პიანისტთან - დუდანა მაზმიშვილთან ერთად გაგრძელდება" - ამბობს პონტი "მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ვიდრე კარლო პონტი ჯვარს ქართველ ქალზე - მარიამ შარმანაშვილზე დაიწერდა, მართლმადიდებლად მოინათლა.
ნათლობა აპრილში მცხეთის სამთავროს მონასტერში შედგა. იტალიელ დირიჟორს, საქართველოში ნათლობის დროს, გაბრიელი დაერქვა.
როგორც მარიამი "ზმნასთან"გაკეთებულ კომენტარში ამბობს, ამ სახელის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა.

მარიამ შარმანაშვილი: ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი და მწამს მისი. კარლო, ბუნებრივია, პატივს სცემს ჩემს რწმენას. რაც შეეხება მისი მხრიდან რელიგიის შეცვლას, გეტყვით:
მე არ მიყვარს რეალობის შელამაზება და გარომანტიზირება. რაც იყო, ის უნდა ითქვას. კარლომ რელიგიის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ქართულ ტაძარში, სხვანაირად, ჯვარს ვერ დაიწერდა. ამიტომ ჯერ უნდა მონათლულიყო. და გაზაფხულზე მოინათლა კიდეც.

გეტყვით იმასაც, თუ რატომ შეირჩა სახელი გაბრიელი.
მამა გაბრიელმა, ვინც მონათლა და შემდეგ ვინც ჩვენ ჯვარი დაგვწერა, კარლოს - სახელის შერჩევა სთხოვა. ვინაიდან ჩვენი ქორწინების თარიღი, რომელიც აბსოლუტურად შემთხვევით გვქონდა არჩეული - 26 ივლისი - მთავარ ანგელოზ გაბრიელის ხსენების დღე აღმოჩნდა და ამას ემატებოდა ჩემი ძალიან დიდი სიყვარული მამა გაბრიელის და სამთავროს მონასტრის მიმართ, კარლომაც თქვა - მოდი, გაბრიელს დავირქმევო.

საერთოდ, სამთავროს ტაძარს, ჩემთვის მისტიკური ამბები უკავშირდება. მიყვარს ეგ ადგილი და სიმბოლურიც არის, რომ სწორედ ამ ტაძარში შედგა ჩვენი ჯვრისწერა...




11/27/2025