კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს, 5 დეკემბერს, ვარშავაში ფილმის - "მოპარული ბავშვების" წინა საპრემიერო ჩვენებაა. დოკუმენტური ფილმის, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდის საქართველოში, ახალშობილ ბავშვთა ტრეფიკინგის თემაზეა. ფილმი გამომძიებელი ჟურნალისტის, თამუნა მუსერიძის (არასამთავრობო ორგანიზაცია - "ვეძებ") მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მის მიერ ნაპოვნ რეალურ გმირებს ეფუძნება.
ვარაუდობენ, რომ ამ გზით 100 ათასი ბავშვი იქნა მოპარული და გასხვისებული.

ოჯახურ დრამებზე გადაღებულ ფილმზე დიდი ინტერესია და როგორც Warner Brothers-ი წერს, ამ ისტორიამ ევროპა შოკში ჩააგდო. დიახ, ფილმი Warner Brothers-მა გადაიღო და მას პოლონელი რეჟისორები ჰყავს - Martyna Wojciechowska და Jowita Baraniechk-ი. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი 12 დეკემბერს - ამერიკულ საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელზე - HBO Max-ზე იქნება.
"მადლობა ყველას, ვისაც ჩემი არ გჯეროდათ! ეს ფილმი პირველ რიგში თქვენ გეძღვნებათ" - წერს თამუნა მუსერიძე ფეისბუქზე.
თრეილერი ამ ბმულზეა...

***
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც მრავალწლიანი ძებნის შემდეგ, თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის მამა ზუგდიდში მცხოვრები ქორეოგრაფი გურგენ ხორავა აღმოჩნდა.
შარშან, სექტემბერში კი, მან თქვა, რომ მისი ისტორიით კინოკომპანია Warner Brothers-ი დაინტერესდა და გადამღები ჯგუფი დადიანების სასახლეში ჩაფრინდა.
„ახლა მივდივართ დადიანების სასახლეში გადასაღებად. რის გადასაღებად და… „ვორნერ ბრაზერსმა“ რომ გაიგო ჩემი ამბავი, სასწრაფოდ გადმოფრინდნენ… არ ვხუმრობ, მართლა არ ვხუმრობ. აი, მოვედი დადიანების სასახლეში და ძალიან ჩემია. მივხვდი, რომ სახლში ვარ" - წერდა თამუნა.

თამუნა მუსერიძე და ტყუპები - ანო სართანია და თამარ ხვიტია ამჟამად პოლონეთში არიან და პრემიერისთვის ემზადებიან.
გოგონები დოკუმენტური ფილმის გმირები არიან.
ამ ტყუპებს რაც შეეხება, თუ რატომ მოხვდნენ ამ ფილმში. ანო სართანია - თბილისში გაშვილდა, ხოლო თამარ ხვიტია - ზუგდიდში. დებს სხვადასხვა გვარები ამიტომაც აქვთ.

თამარ ხვიტია: მე ხვიტია ვარ, ჩემი და სართანიაა. წარბზე პირსინგი გავიკეთე, პირსერმა ჩემი ვიდეო ტიკ-ტოკზე დადო, ეს ვიდეო ანოს თავისმა მეგობარმა გაუგზავნა.
ანო მიხვდა და ჩემი ძებნა დაიწყო, მაგრამ არ მყავდა პირსერი დაფოლოვებული ამიტომ ვერ მიპოვა. შემდეგ ეს ვიდეო ჩააგდო კურსელების ჩათში, ხომ მიხდება პირსინგიო. ამ ჩათში ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო, ვინც გამყვა პირსინგზე და მიხვდა, რომ ვიდეოში გოგო ანო არ იყო და ვიყავი მე, ანოს უთხრა და შემდეგ ერთმანეთი დავამატეთ და ასე დაიწყო ყველაფერი."
ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყეს. და ჩხოროწყუში აღმოაჩინეს.
ჯგუფში „ვეძებ“ დების სტატუსი გამოქვეყნდა -„ვიპოვეთ".
ცხადია, თემა ძალიან საინტერესო და შოკის მომგვრელია. წარმატება გუნდს, თამუნა მუსერიძეს და გოგონებს...

12/05/2025