Logo

"მშობლის შფოთვა ბავშვსაც გადაეცემა" - ივანე საათაშვილი

"მშობლის შფოთვა ბავშვსაც გადაეცემა" - ივანე საათაშვილი

11/12/2026

ტექსტის ზომა

მშობლები ხშირად ვცდილობთ, შვილებს ზედმეტი საზრუნავი და მოვალეობები თავიდან ავაცილოთ და მათი ფსიქიკის ჯანმრთელობაზე ამგვარად ვიზრუნოთ.
სად გადის ზღვარი ბავშვის დახმარებასა და გადაჭარბებულ მზრუნველობას შორის? ამ თემაზე ისაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგმა ივანე საათაშვილმა გადაცემაში "დილის ლაივი".

ფსიქოლოგმა განმარტა, როდის შეიძლება მშობლის შფოთვა ბავშვს გადაეცეს და რატომ სჭირდება ბავშვს შესაძლებლობა, საკუთარი ძალებით სცადოს ის, რისი გაკეთებაც უკვე შეუძლია.

„ბავშვის განვითარებაში გვაქვს ასეთი ცნება - უახლოესი განვითარების ზონა. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია და სხვისი დახმარება არ სჭირდება. არის რაღაცები, რაშიც ცოტაოდენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ამ დახმარებით თავად აკეთებს - ეს არის უახლოესი განვითარების ზონა. არსებობს ისიც, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე დახმარებითაც ძალიან გაუჭირდება.

როცა გადაჭარბებულ მზრუნველობაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ იმას, რამდენად უყვარს მშობელს შვილი. თუ ბავშვს რაღაცის დამოუკიდებლად გაკეთება შეუძლია და მშობელი აქაც ერევა, ეს უკვე ზემზრუნველობაა. ბავშვს არ ეძლევა შესაძლებლობა, გამოავლინოს ის უნარები და ცოდნა, რაც აქვს.

ემოციური თვალსაზრისით, ზემზრუნველობის უკან მშობლის შფოთვა დგას. სამყარო საშიშია, ბავშვს შეიძლება რაღაც დაემართოს, ბევრი რისკი არსებობს, რაღაც შეიძლება არ გამოუვიდეს. თითოეულ ადამიანს საკუთარი ისტორია აქვს, საიდანაც ეს შფოთვა მოდის. როცა ბავშვი იბადება, მისთვის სამყარო სრულიად ახალია. ეს ისეთი სიახლე არ არის, როგორიც ჩვენთვის სხვა ქვეყანაში ჩასვლა, ახალი ქუჩების ან კულტურის ნახვაა. ბავშვს ჯერ არაფერი იცის და ახლა უნდა ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებსა და სამყაროზე.

თუ ადრეული ასაკიდან ვლინდება ზემზრუნველობა, მშობლის შფოთვა ბავშვსაც გადაეცემა. ის იღებს გზავნილს, რომ სამყაროში ბევრი საშიში რამ არსებობს. ეს მის განვითარებაზეც აისახება და იზრდება რისკი, თავადაც შფოთვიანი გახდეს და სამყარო საშიშ ადგილად აღიქვას.
ფსიქოლოგიაში ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ასი პროცენტით, გარანტირებულად მოხდება, მაგრამ რისკი იზრდება. ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური რამ გარისკვაა. თუ არ გავრისკე, ვერ განვვითარდები. ყოველდღიურად ვრისკავთ, რადგან წინასწარ არასდროს ვიცით, როგორ გამოგვივა რაღაც, თუნდაც ეს ბევრჯერ გვქონდეს გაკეთებული.

თუ ადრეულ ასაკში საკუთარ შესაძლებლობებზე შესაბამისი წარმოდგენა არ ჩამომიყალიბდა და უსაფრთხოდ გარისკვა არ ვისწავლე, ეს შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ბარიერად მექცეს. შესაძლოა, ცოდნაც მქონდეს, გამოცდილებაც და რაღაცის კეთებაც კარგად შემეძლოს, მაგრამ მცდელობისგან მაინც თავს ვიკავებდე.

ეს ფუნდამენტური განცდები ადრეულ ასაკში ყალიბდება და დამოკიდებულია იმაზე, როგორ გარემოს ვუქმნით ბავშვს, მისი მხარდამჭერები ვართ თუ მუდმივად მის ნაცვლად ვცდილობთ ყველაფრის გაკეთებას“, - ამბობს ივანე საათაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ზემზრუნველობაივანე საათაშვილიფსიქოლოგიშფოთვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026