
10/16/2026
ქუთაისელ ნუცი გეგენავას დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა. ამ ამბის ამსახველი ემოციური ვიდეო, ფეისბუქის "სქროლვისას", აუცილებლად შეგხვდებოდათ. მოგვიანებით იუბილარმა პოსტი გამოაქვეყნა.
ნუცი გეგენავა: "ჩემო ძვირფასო ადამიანებო, სრულიად საქართველოს!
სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ ის ემოციები, რასაც ახლა განვიცდი… ჩემი დაბადების დღე წელს განსაკუთრებულად ბედნიერი და დაუვიწყარი გახდა. ეს დღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოგონებად იქცა, რადგან ჩემს დაბადების დღესთან ერთად ჩემი ნიშნობის ბედნიერებაც გაგიზიარეთ.

ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი სიხარული ამდენი ადამიანის გულამდე მივიდოდა. უამრავი შეტყობინება მივიღე, იმდენი თბილი სიტყვა, მილოცვა და კეთილი სურვილი, რომ ალბათ, სამი დღეც არ მეყოფა ყველასთვის პირადად პასუხის გასაცემად.
გულწრფელად გეუბნებით, თქვენი გამოხმაურება ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მილოცვა. ეს არის სიყვარული, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ყოველი შეტყობინება, ყოველი კეთილი სურვილი და თითოეული თქვენგანის ყურადღება ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობ ადამიანებს, ჩემს ერთგულ გამომწერებსა და სრულიად საქართველოს.
მადლობა, რომ ჩემი ბედნიერება თქვენიც გახადეთ, რომ ამდენი სითბო მაჩუქეთ და ჩემი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი წუთები კიდევ უფრო ლამაზად აქციეთ.
მადლობა უფალს სიცოცხლისთვის, ყოველი დილისთვის, სიყვარულისთვის და იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც დღეს განვიცდი. მადლობა სამყაროს, რომ ამდენი კეთილი ადამიანის სიყვარული მაგრძნობინა.

შეიძლება ყველას სათითაოდ მაშინვე ვერ გიპასუხოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის სიტყვა წავიკითხე გულით და უდიდესი მადლიერებით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი…
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბედნიერება მაშინ ხდება ორმაგად დიდი, როცა მას სხვებსაც უზიარებ, ხოლო სიყვარული უსაზღვრო, როცა ამდენი ადამიანისგან გიბრუნდება.
მთელი გულით მიყვარხართ! თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც დღეს მე ვგრძნობ. ისეთ სიყვარულს, რომელიც გულს აგივსებთ, და ისეთ დღეებს, რომელთა გახსენებაც მთელი ცხოვრება ღიმილს მოგგვრით.
უღრმესი მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის, ამხელა სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ ჩემი ბედნიერების თანამონაწილეები გახდით. ღმერთმა ყველას ბედნიერება, სიყვარული და სიკეთე არ მოგაკლოთ!
უსაზღვროდ მიყვარხართ! მადლობა თითოეულ თქვენგანს, მთელი გულით!"

ნუციმ რამდენიმე წლის წინ, "იმედის" ეთერში, თავის განსხვავებულ გარეგნობასა და რეალიზებულობაზე ისაუბრა. ის ქუთაისში ცხოვრობს და მანიკურის სპეციალისტია. მშობლიურ ქალაქში ბევრი იცნობს და როგორც პროფესიონალს, ძალიან აფასებს. როგორც ინტერვიუში ამბობს, გარეგნობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისგან უხერხულობა არასდროს შექმნია.

"არავის უთქვამს, ვაიმეე, რა პატარააო. ის კი ხშირად გამიგია, რომ ამბობენ, ეს ის გოგო არ არის, ფრჩხილებს რომ მაგრად აკეთებსო.
ფრჩხილების გაკეთების შესწავლა მე-11 კლასში გადავწყვიტე, გამზრდელი ბიცოლას რჩევით. ვფიქრობდი, ცხოვრებაში ისეთი პროფესია შემერჩია, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას მომცემდა.
ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ. ძალიან მინდა, რომ ყველა ასეთი კარგი ადამიანი ძალიან თავისუფლები ვიყოთ.
მე ქუთაისში ვცხოვრობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება მიცნობს, რადგან განსხვავებული ვარ.
ჩემნაირ ადამიანებს, თუკი ჩემი სფეროს შესწავლა მოუნდებათ და დასჭირდებათ, შემიძლია ეს ყველაფერი უსასყიდლოდ შევასწავლო" - ნუცი გეგენავა.

გააზიარე სტატია