Logo

ნორმაა თუ არა ცხრა წლიდან მენსტრუაციის დაწყება? - თათია ტუღუში განმარტავს

ნორმაა თუ არა ცხრა წლიდან მენსტრუაციის დაწყება? - თათია ტუღუში განმარტავს

10/22/2026

ტექსტის ზომა

გინეკოლოგმა თათია ტუღუშმა სალომე კასრაძის პოდკასტში გოგონების სქესობრივ მომწიფებაზე ისაუბრა და ყურადღებას ინფორმაციის სანდოობაზეც გაამახვილა.

მისი თქმით, ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა არ ნიშნავს, რომ მოზარდს ყველა კითხვაზე სწორი პასუხი აქვს. უფროსების დახმარება ხშირად სწორედ მცდარი და სანდო ინფორმაციის გარჩევაში სჭირდება.


„მენსტრუაციის დაწყების ასაკზე საუბრისას, გარემო ფაქტორები, კვება, ჰაერი, ცხოვრების წესია გასათვალისწინებელი.
დღევანდელი ცხრა წლის გოგო და წლების წინანდელი ცხრა წლის ბავშვი ძალიან განსხვავდებიან. ადრე 9 წლის გოგონები აკვნიდან ახლად გადმოსულებს ჰგავდნენ, ახლა ცხრა-ათი წლის გოგოს რომ შეხედავ, შეიძლება უკვე თინეიჯერი გეგონოს.


ცხრა წლიდან მენსტრუაციის დაწყება შეიძლება ნორმა იყოს და სანერვიულოც არაფერი იყოს, მაგრამ მაინც ჯობია, დედამ გინეკოლოგს ჰკითხოს. თუ დედას უჭირს, შვილს აუხსნას, როგორ იწყება მენსტრუაცია, ამაშიც შეგვიძლია დავეხმაროთ.

თუმცა დღევანდელ ბავშვებს ინტერნეტი აქვთ, ხელოვნური ინტელექტი აქვთ და ბევრ რამეში ჩვენი დახმარება აღარც სჭირდებათ, მოძებნიან და ყველაფერს ზეპირად ჩამოგიჭიკჭიკებენ. მაგრამ სხვაა, როცა ბავშვი მარტო კითხულობს ან მეგობრებისგან იღებს ინფორმაციას, და სხვაა, როცა ამ საკითხებს ერთად, ჯგუფში განიხილავენ.

ამიტომ ვამბობ, რომ სკოლაში უნდა საუბრობდნენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, კონტრაცეფციის სახეებზე. თუ გინდათ, ცალკე გოგოებთან, ცალკე ბიჭებთან, ოღონდ ეს საკითხები განიხილონ.


სოციალურ ქსელში რომ კითხულობენ, ყოველთვის ვერ იგებენ, რომელი ინფორმაციაა სწორი და რომელი არა. ზოგჯერ ისეთი რაღაცები გაუკეთებიათ, რომ მიკითხავს- საიდან მოიტანეთ? პასუხობენ - წავიკითხეთო. მაგრამ რამდენად სწორი რამ წაიკითხეს?
ამიტომ სულ ვეუბნები პაციენტებს - მითხარით, რომ დაგეხმაროთ გარჩევაში. ზოგჯერ მეც ვიბნევი ისეთი რაღაცები წერია, ისეა შელამაზებული და შეფუთული… მერე სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა წყაროში გადამოწმება გვჭირდება, რომ გავიგოთ, რა არის სწორი და რა არასწორი.

საკმაოდ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენი დახმარება ბავშვებს სწორედ ამაში სჭირდებათ. ჩემს შვილიშვილსაც ისე ვეუბნები, რომ საწყენი არ იყოს -ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ იცი, მაგრამ მინდა, დაგეხმარო გაარჩიო, რა არის სწორი და რა არა. ყველას არ უნდა დაუჯერო“, - ამბობს თათია ტუღუში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აბორტიგაუპატიურებაგინეკოლოგითათია ტუღუში
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026