
11/12/2026
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ბევრი ცვლილება ხდება, თუმცა ნაკლებად ცნობილია, როგორ იცვლება ამ პერიოდში ტვინი და რა კვალს ტოვებს ეს დედობის შემდგომ ეტაპებზე.
გინეკოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში განმარტავს, როგორ ერგება ქალის ტვინი ახალ მოთხოვნებს და რატომ არ ნიშნავს ეს ცვლილებები ინტელექტის დაქვეითებას.

"ორსულობა ქალის ტვინსაც ცვლის. და ეს ცვლილებები მშობიარობის შემდეგაც არ ქრება მთლიანად.
ორსულობის პერიოდში ქალის ტვინი განიცდის მნიშვნელოვან ნეიროპლასტიკურ ცვლილებებს.
MRI კვლევებით გამოვლენილია:
* რუხი ნივთიერების მოცულობისა და ქერქის სისქის შემცირება თავის ტვინის გარკვეულ უბნებში;
* თეთრი ნივთიერების მიკროსტრუქტურის ცვლილებები;
* ტვინის სხვადასხვა ქსელის ფუნქციური კავშირების გადალაგება.

ეს ცვლილებები განსაკუთრებით უკავშირდება სოციალურ კოგნიციას, ემოციურ დამუშავებას, სხვების ემოციებისა და სოციალური სიგნალების ამოცნობას და დედა-შვილის ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ორსულობის დროს ქალი კარგავს ტვინის უჯრედებს ან ინტელექტს? არა. ეს არის ნეიროპლასტიკურობა - ტვინის ადაპტაცია ახალ ფიზიოლოგიურ და ქცევით მოთხოვნებთან.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი სტრუქტურული ცვლილება მშობიარობიდან ორი წლის შემდეგაც ნარჩუნდება.

მცირე კვლევაში გარკვეული ცვლილებები ექვსი წლის შემდეგაც გამოვლინდა. 2024 წლის ერთმა ინტენსიურმა გრძელვადიანმა MRI კვლევამ კი ერთი ქალის ტვინში ორსულობიდან მშობიარობის შემდგომ პერიოდამდე მიმდინარე ცვლილებები დეტალურად დააფიქსირა.
2026 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ორსულობაც იწვევს ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს, თუმცა მათი ნაწილი პირველი ორსულობისგან განსხვავებული ინტენსივობით ვითარდება.
ორსულობა მხოლოდ საშვილოსნოს, საკვერცხეების და ჰორმონების ცვლილება არ არის. ის ქალის ტვინის ადაპტაციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია
გააზიარე სტატია