Logo

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - რა ანალიზებია საჭირო და როდის გვჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა? - შოთა ჯანჯღავა განმარტავს

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - რა ანალიზებია საჭირო და როდის გვჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა?  - შოთა ჯანჯღავა განმარტავს

10/21/2026

ტექსტის ზომა


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ყოველთვის ერთნაირ მკურნალობას არ საჭიროებს. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს ჰორმონული პრეპარატების მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღება უწევს, ზოგჯერ კი მკურნალობის დასრულება და დაავადების კონტროლი შესაძლებელია.


როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და რაზეა დამოკიდებული მკურნალობის ხანგრძლივობა? ამის შესახებ zmna.ge-ს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.

ექიმის განმარტებით, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა ორგანიზმის ერთიანი ენდოკრინული სისტემის ნაწილია. მის ფუნქციონირებას, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მონაწილეობით მიმდინარე ჰორმონული მექანიზმი აკონტროლებს. ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ზოგჯერ თავად ჯირკვლის პრობლემით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი მისი მარეგულირებელი სისტემის დაზიანებით.

რა გამოკვლევებია საჭირო?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად ერთ-ერთი ძირითადი გამოკვლევა თირეოტროპული ჰორმონის - TSH-ის განსაზღვრაა. საჭიროების შემთხვევაში ექიმი ნიშნავს თავისუფალი T4-ისა და T3-ის კვლევასაც, რაც ჰორმონული მდგომარეობის უფრო სრულყოფილად შეფასების საშუალებას იძლევა.

თუ არსებობს ეჭვი ავტოიმუნურ დაავადებაზე, ან ოჯახში დაფიქსირებულია ავტოიმუნური თიროიდიტის შემთხვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემოწმებაც.

ცალკე მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით კვლევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი ჯირკვლის სტრუქტურულ ცვლილებებზე ან კვანძებზე.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ფუნქცია და მისი სტრუქტურული მდგომარეობა ყოველთვის ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. შესაძლოა, ადამიანს ჰორმონების ნორმალური მაჩვენებლები ჰქონდეს, მაგრამ ჯირკვალში სტრუქტურული ცვლილებები აღენიშნებოდეს.

ასევე შესაძლებელია საპირისპირო მდგომარეობაც, როცა ჰორმონული დარღვევა ულტრაბგერითი კვლევით მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს. ამიტომ კონკრეტული გამოკვლევების საჭიროებას პაციენტის სიმპტომებისა და კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმი განსაზღვრავს.

როგორ მკურნალობენ ჰიპოთირეოზსა და ჰიპერთირეოზს?

მკურნალობის ხანგრძლივობა და მეთოდი პირველ რიგში დაავადების გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.

ჰიპოთირეოზი ხშირად ქრონიკული მდგომარეობაა. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებით ვერ უზრუნველყოფს, მათი დეფიციტის შევსება მედიკამენტებით ხდება. ზოგიერთ პაციენტს ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივად, ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღება სჭირდება.

განსხვავებული მიდგომაა ჰიპერთირეოზის შემთხვევაში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე აღინიშნება.

მკურნალობის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, რა იწვევს ამ მდგომარეობას. ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი მიზეზი გრეივსის დაავადებაა. ამ შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა დაახლოებით წელიწადნახევრიდან ორ წლამდე გაგრძელდეს. თუ მკურნალობა ეფექტიანია და ჰორმონული მაჩვენებლები სტაბილურდება, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მედიკამენტის შეწყვეტა და შემდგომი დაკვირვება. თუმცა, თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა ან დაავადება განმეორებით ვითარდება, ექიმმა შესაძლოა მკურნალობის სხვა მეთოდები განიხილოს, მათ შორის რადიოაქტიური იოდით თერაპია ან ქირურგიული ჩარევა.

შოთა ჯანჯღავა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ჰიპერთირეოზის მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ამიტომ ყველა პაციენტისთვის მკურნალობის ერთიანი სქემა არ არსებობს. შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების აღმოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მედიკამენტების მიღება მოუწევს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დიაგნოზზე, დაავადების მიმდინარეობასა და ორგანიზმის პასუხზე.

სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ ჰორმონული დარღვევის გამოვლენა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენაც მნიშვნელოვანია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ენდოკრინოლოგიპროდუქტისწორი კვებაჯანმრთელობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026