Logo

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები - როდის არის საშიში და რა შემთხვევაში გვჭირდება ბიოფსია?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები - როდის არის საშიში და რა შემთხვევაში გვჭირდება ბიოფსია?

10/29/2026

ტექსტის ზომა


ფარისებრ ჯირკვალში კვანძის აღმოჩენა პაციენტებისთვის ხშირად სიმსივნესთან ასოცირდება და შიშს იწვევს. თუმცა კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია და ყველა შემთხვევაში აუცილებელი არც ბიოფსიაა და არც ქირურგიული ჩარევა.

როდის არის კვანძი საყურადღებო და როგორ განისაზღვრება მისი ავთვისებიანობის რისკი? ამ კითხვაზე zmna.ge- ს ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ უპასუხა.

ექიმის განმარტებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ: ფუნქციურ და სტრუქტურულ დარღვევებად.

ფუნქციურ დარღვევებს მიეკუთვნება ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი, როდესაც იცვლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება. სტრუქტურული ცვლილებები კი გულისხმობს თავად ჯირკვლის აგებულების ცვლილებას, მათ შორის კვანძების წარმოქმნას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი მდგომარეობა ყოველთვის ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

შოთა ჯანჯღავას თქმით, შესაძლოა პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სრულიად ნორმალური მაჩვენებლები ჰქონდეს, მაგრამ ულტრაბგერითი კვლევით კვანძი ან სხვა სტრუქტურული ცვლილება გამოვლინდეს.

ასევე შესაძლებელია ჰორმონული დარღვევა არსებობდეს, თუმცა ჯირკვლის აგებულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდეს.

როდის ხდება საჭირო კვანძის ბიოფსია?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დაახლოებით 90% კეთილთვისებიანია. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების დროული გამოვლენა, როდესაც არსებობს ავთვისებიანი წარმონაქმნის რისკი. დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდი წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიაა.

პროცედურის დროს სპეციალური ნემსით კვანძიდან იღებენ უჯრედულ მასალას, რომელსაც შემდგომ ლაბორატორიულად იკვლევენ.

თუმცა ბიოფსიის ჩატარება ყველა კვანძის შემთხვევაში აუცილებელი არ არის.

რის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება ბიოფსიასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვანძის ულტრაბგერითი მახასიათებლები, მისი აგებულება და ვიზუალური თავისებურებები.

ამასთან, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში ბიოფსიის საჭიროების განსაზღვრისას კვანძის ზომა და სხვა რისკფაქტორებიც გათვალისწინებულია. შესაბამისად, მხოლოდ კვანძის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ პაციენტს დაუყოვნებლივ ბიოფსია სჭირდება. შემდგომი კვლევების აუცილებლობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

რა არის ავტოიმუნური თიროიდიტი და რა უნდა იცოდეს პაციენტმა? ავტოიმუნურ თიროიდიტი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის წინააღმდეგ მოქმედებს.

ამ პროცესის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე ანთებით ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ავტოიმუნურმა თიროიდიტმა შესაძლოა დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიოს, თუმცა დაავადება ყველა პაციენტთან ერთნაირად არ მიმდინარეობს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დარღვევები და სიმსივნური დაავადებები ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის კიბო განუვითარდება.

რა მნიშვნელობა აქვს იოდიზებულ მარილს?

იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად. მისი დეფიციტი შესაძლოა ჯირკვლის გადიდებისა და ფუნქციური დარღვევების მიზეზი გახდეს. საქართველოში საკვები მარილის იოდიზების პრაქტიკამ იოდდეფიციტთან დაკავშირებული დაავადებების შემცირებას შეუწყო ხელი.

თუმცა მნიშვნელოვანია იოდიზებული მარილის სწორად შენახვა. სასურველია, ის ინახებოდეს მშრალ, დახურულ ჭურჭელში, მზის პირდაპირი სხივებისა და ჭარბი ტენიანობისგან დაცულ ადგილას.

საკვების მომზადებისას მარილი უმჯობესია ბოლოს დავამატოთ. ამასთან, იოდის მიღებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა.

იოდიზებული მარილის გამოყენება არ ნიშნავს, რომ საკვებში მარილის რაოდენობა უნდა გავზარდოთ, ხოლო იოდის შემცველი პრეპარატების თვითნებურად მიღება რეკომენდებული არ არის.

შოთა ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ იოდდეფიციტური დაავადებების შემცირების მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი და სიმსივნური ცვლილებების დროული დიაგნოსტიკა კვლავ აქტუალური საკითხია.

ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ჰორმონული მაჩვენებლები ყოველთვის არ გამორიცხავს მის სტრუქტურულ ცვლილებებს, ხოლო კვანძის აღმოჩენა ავტომატურად ავთვისებიან დაავადებას არ ნიშნავს.

საჭირო გამოკვლევების შერჩევა და შედეგების შეფასება ენდოკრინოლოგის კომპეტენციაა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

შოთა ჯანჯღავაჭარბთმიანობაჭარბთმიანობა ქალებშიჰირსუტიზმი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026