
11/10/2026
ესპანეთში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. „ტენერიფეს“ 30 წლის ფეხბურთელი ხესუს დე მიგელი ანდორელ მეკარესთან შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა. ამაზე ჩვენც ვწერდით.
დე მიგელი დაკრძალეს, მეკარის მისამართით „მკვლელის“ ძახილი კი არ წყდება. ხესუს ოვონომ - ასე ჰქვია უიღბლო გოლკიპერს - თქვა, რომ ნებისმიერი სასჯელისთვის მზად არის და დანაშაულის გრძნობა მთელი ცხოვრება გაჰყვება. ეს ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ისტორიას სხვა შემთხვევებიც ახსოვს, როდესაც ფეხბურთელის დამტვრევაში დამნაშავე სულაც არ ნანობს ჩადენილს.
აქ 6 ამბავი გვინდა გავიხსენოთ: ვინ როგორ მოქცეულა მეტოქსითვის მძიმე ტრავმის მიყენების მერე.
ჩეხი კინაღამ მოკვდა, მეტოქემ კი ბოდიშიც არ მოუხადა
2006 წელს „ჩელსის“ ლეგენდარული მეკარე პეტერ ჩეხი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. „რედინგთან“ მატჩის მე-17 წამზე (!) სტივენ ჰანტმა მუხლი ჩასცხო ჩეხს თავში. მეკარეს თავის ქალა ჩაემსხვრა, რომლის ფრაგმენტებმაც სასწაულებრივად არ დააზიანა ტვინი. ჩეხს თავში მეტალის ფირფიტები ჩაუდგეს და მთელი დარჩენილი კარიერა თავის დამცავი შლემით მოუხდა თამაში. და დამნაშავე? „ვნანობ თუ არა მომხდარს? ალბათ, არა. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რის გამოც უნდა ვინანო. ცხადია, არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ თავს დამნშვედ არ ვგრძნობ.“

ჯერ იტირა, მერე გოლიც მიუძღვნა
2019 წელს „ევერტონი“ – „ტოტენჰემის“ მატჩის 78-ე წუთზე პორტუგალიელი ანდრე გომეში ფლანგზე გარბოდა, როდესაც უკნიდან კორეელმა სონ ხინ მინმა მოჩეხა. პორტუგალიელი უხერხულად წაიქცა და კოჭი მოიტეხა. სანახაობა იმდენად მძიმე იყო, რომ კორეელს მოედანზევე ქვითინი აუტყდა. ის ვერც გასახდელში გააჩერეს და მოგვიანებით „ტოტენჰემმა“ მას ფსიქოლოგის კონსულტაციაც დაუნიშნა. და როდესაც მომდევნო მატჩში სონმა გოლი გაიტანა, აღნიშვნის ნაცვლად ხელები ბიოდიშს ჟესტით აღაპყრო და გოლი მის მიერ დამტვრეულ ფეხბურთელს მიუძღვნა. გომეში მოედანს 3 თვის მერე დაუბრუნდა, თუმცვა ძველი ფორმა ვეღარ აღიდგინა.
დაღუპა და თავიც დაიღუპა
2006 წლის აპრილში „არსენალმა“ „სანდერლენდს“ 3:0 მოუგო. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როდესაც მატჩის 91-ე წუთზე 19 წლის დენ სმიტმა მეტისმეტი მონდომებით არსენალელ აბუ დიაბის ფეხი მოტეხა და ფეხბურთს ერთი წლით ჩამოაშორა.
სამწუხაროდ, დიაბიმ ძველი ფორმა ვეღარც დაიბრუნა. ამ ეპიზოდმა სმიტის კარიერაც დაანგრია, მას ზურგი შეაქციეს. „სანდერლენდი“ აღარ ათამაშებდა. სმიტი ჯერ შოტლანდიაში წავიდა და საბოლოდო სამოყვარულო გუნდებში ამოჰყო თავი: „ყოველთვის, როდესაც დიაბი რამეს იტკენდა, მე მახსენებდნენ. ტავი ატკივდებოდა? მაინც მე მახსენებდნენ.
დღე არ გავა, რომ არ ვიფიქრო, როგორ აეწყობოდა ჩემი კარიერა, რომ არა ის იპიზოდი.“ დენ სმიტი ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს და სათვალთვალო კამერების გამყიდველად მუშაობს. არადა, იმ ეპიზოდამდე ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები.

ყასაბი ბილბაოდან
ანდონი გოიკოეჩეას მეტისმეტად უხეში სტილის გამო ყასაბს ეძახდნენ. ეს სახელი კი მას მერე შერჩა, რაც 1983 წელს თვით დიეგო მარადონა დაამტვრია: უკნიდან ისე ჩაარტყა, რომ მარადონს კოჭი მოატეხა.
„ისეთი ხმა იყო, თითქოს ხე მოჭრეს ნაჯახით - გაიხსენა მერე მარადონამ - დავიხედე და ფეხი საცოდავად ქანაობდა“.
გოიკოეჩეას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. „მეც და ჩემი ოჯახიც საშინელ დღეში აღმოვჩნდით - იგონებს ბასკი ფეხბურთელი - ჩემს სახლთან ჟურნალისტები მორიგეობდნენ, ტელეფონი გამუდმებით რეკავდა. იძულებული გავხდი, 3 კვირით ქალაქიდან საერთოდ წავსულიყავი. და კიდევ რა არის, იცით? ნაკრებში ვთამაშობდი, მცველებიდან ყველაზე მეტი გოლი მე მაქვს გატანილი, მაგრამ ყველას იმით ვახსოვარ, რომ მარადონა დავამტვრიე.“

მან აპატია, ცოლმა - არა
1998 წლიოს 8 ნოემბერს პიერლუიჯი კაზირაგის კარიერა ფაქტობრივად დასრულდა. „ჩელსის“ თავდამსხმელი „ვესტ ჰემის“ მეკარე შაკ ჰისლოპს შეასკდა და მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. გაუწყდა მყესები, დაუზიანდა მენისკი და ნერვები. მეკარემ კაზირაგი საავადმყოფოში იმავე საღამოს მოინახულა და ბოდიში მოუხადა. კაზირაგიმ აპატია, თუმცა იტალიელის ცოლს განსხვავებული რეაცია ჰქონდა.
ჰისლოპი იხსენებს: „ის ყველაფერს მე მაბრალებდა. მესმის, ახლობლები ასეთ ამბებს განსხვავებულად აღიქვამენ. კაზირაგის ვუთხარი, რომ იმედი მქონდა, მოედანზე მალე ისევ შევხვდებოდით, სამწუხაროდ, ეს აღარ მოხდა.
კაზირაგიმ 10 ოპერაცია გადაიტანა და ფორმაში მაინც ვეღარ ჩადგა. ბედის ირონიით, 15 თვის მერე თავად ჰისლოპსაც მოტეხეს ფეხი.

ეს სამყაროს აღსასრული არ არის
1993 წელს „უიმბლდონის“ ფეხბურთელმა ჯონ ფაშანუმ იდაყვი ჩასცხო სახეში „ტოტენჰემის“ მცველ გარი მებატს. ტრავმა მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. ფეხბურთელმა თავის ქალის მოტეხილობა მიიღო და ექიმები იმასაც შიშობდნენ, რომ მხედველობასაც დაკარგავდა. თავად ჯონ ფაშანუს კი სინდისი სულაც არ ქენჯნიდა: „კარგით რა. ეს სულაც არ არის სამყაროს აღსასრული. არ არის საჭირო გაბუქება. მე ის ადამიანი გგონივართ, ვინც მუდმივად რაღაცას განიცდის და ამის გამო საჭმელს ვეღარ ჭამს?“
გააზიარე სტატია