Logo

პეტრე კოლხმა ტერენტი გრანელის მემკვიდრე მონათლა

პეტრე კოლხმა ტერენტი გრანელის მემკვიდრე მონათლა

11/27/2026

ტექსტის ზომა

ტერენტი გრანელის დაბადების დღეს, 25 ნოემბერს, მისი დისა და სულიერი საყრდენის, ზოზიას შვილთაშვილი მოინათლა.

იმ დღეს ტერენტისეულად ქროდა ნოემბრის ქარი. დიდი პოეტი ბაბუის დაბადების დღეს, პატარა ტერენტი ტეფნაძე, სამების საკათედრო ტაძარში, მამა თეიმურაზ თათარაშვილმა გააქრისტიანა. ბიჭის ნათლია პეტრე კოლხია.

ნათლობა

"ელენე როგავამ დამირეკა, პატარა ტერენტის დედამ, გრანელის სული ყველაზე მეტად გაიხარებს, ნათლია თუ იქნებიო. სიხარული და რაღაცნაირი სევდა ერთიანად დამეუფლა. თავად გრანელი იყო ჩემი პოეტური მემკვიდრეობის ნათლია, მაგრამ დღეს მისი პატარა ტერენტის ნათლია ვხდებოდი. ემბაზის წინ ვიდექი და გულში ვიმეორებდი: "ნოემბერია და ოდნავ ცივა, მოვა ზამთარი ველი წამებას..." - ამბობს კოლხი ვიდეობლოგში.

ელენე როგავა

რამდენიმე წლის წინ, წალენჯიხაში გამართულ ტერენტობას, პეტრე კვარაცხელიას, პოეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, სიმბოლური პრიზი გადასცეს.

ტერენტობა

როგორც პეტერ კოლხი "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, პოეტთან სულიერის გარდა, ხორციელი ნათესაობაც აკავშირებს.

პეტრე კოლხი: ორივე ვართ წალენჯიხიდან. ახლა მისი მემკვიდრეც მოვნათლე. ტერენტიზე დისერტაცია მაქვს დაცული, რომელიც უმაღლესი, 98 ქულით შეფასდა. მასზე ასზე მეტი ლექსი მაქვს მიძღვნილი. ტერენტის ლექსების პოპულარიზაციას წლების მანძილზე ვეწევი და ამისთვის ჯილდოც მაქვს მიღებული.

ნათლობის შემდეგ, სამებიდან გრანელის საფლავზე გადავინაცვლეთ. ბლოგიც ჩავწერე და იქ შეკრებილთა წინ სიტყვით რომ გამოვდიოდი, ვიღაც ქალი ვითომ ორგანიზატორი, მეუბნება: გრანელის საფლავზე რატომ მოხვედი, ვინ დაგპატოჟაო? ეს ქალი და მის უკან მდგომნი მამის მკვლელის თვალებით მიყურებდნენ მარტო იმიტომ, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგე ვარ.

ტერენტის დაბადების დღის ორგანიზატორებს წაკითხული უნდა ჰქონოდათ მისი ბიოგრაფია, რამდენიმე ლექსი მაინც და მოსმენილიც უნდა ჰქონოდათ, თუ როგორ ებრძოდა გრანელი რეჟიმს, როგორ უწევდა წინააღმდეგობას. და რა ლექსებს უძღვნიდა იმ დროინდელ დიქტატურას. ის ქალბატონი უკიდეგანო ამბიციით იდგა გრანელის საფლავთან, როგორც ორგანიზატორი, ოღონდ გრანელის იდეებს ფეხქვეშ თელავდა. არც ის იცოდა, ალბათ, გრანელმა სტალინს ლექსი რომ მიუძღვნა და იმ დროს როგორი გამბედაობა იყო საჭირო, რომ ეს ლექსი დაგეწერა:

"იმპერატორო, შენ დიქტატორო
მძვინვარებ სისხლის კორიანტელით,
მამის საფლავზე რად დაგავიწყდა,
აგენთო თუნდაც ერთი სანთელი."

დღეს რომ გრანელი ცოცხალი ყოფილიყო, ის ამ რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლად გაილაშქრებდა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026