საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ყარსგურიში, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია. გამოკითხულია 30-მდე პირი, მათ შორის, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, რომელსაც ემიგრანტი ქალი, ნატა ვიბლიანი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ამ 34 წლის წინ დატრიალებულ ამ შემზარავ ამბავთან არიან დაკავშირებულნი. ქალმა, რომელსაც ჯერ დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, ამ უმძიმეს დანაშაულს ფარდა ემიგრაციიდან ახადა.
ნოდარ მელაძის შაბათისთვის ნატა ქაჯაიამ რეპორტაჟი მოამზადა. მასთან ნატა ვიბლიანი ამბობს:
"მე ვერ ვამბობდი, რომ ბაჩუკი ჩემზე ძალადობდა იმიტომ, რომ იარაღის მუქარის ქვეშ ვიყავი. ხან პირში მქონდა იარაღი, ხან ჩემს ძმებს უმიზნებდა და ხან რას აკეთებდა, რომ მე ხმა არ ამომეღო".
შაბათის ეთერის ინფორმაციით, გამოიკითხა 30 პირი, გამომძიებლები შევიდნენ იმ სახლებშიც კი, სადაც დანაშაული ხდებოდა. განყოფილებაში დაიბარეს პედოფილიაში მხილებული ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები.
"ბაჩუკი ჩხვიმიანი, როგორც მითხრეს, დაკავებული ჰყავდათ 24 საათი. ადამიანმა მითხრა ხაიშიდან. დაკითხვაზეც არაერთხელ ჰყოლიათ. პოლიციამ ჩემს სახლში ექსპერტიზა ჩაატარა, ნიმუშები აიღეს. ხუთი საათის მანძილზე მუშაობდნენ.
9 წლიდან ბაჩუკი ჩხვიმიანის სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი.
პირველი ძალადობა ბოსელში იყო...
ჩემს სახლშიც აკეთებდა ამას. ეს ხდებოდა მინდორში, ბაჩუკის ოჯახში...
ის არ იყო უცხო ჩვენი სახლისთვის. როცა უნდოდა, მოდიოდა, როცა უნდოდა - მიდიოდა.
ბაჩუკის ძმა, ავთო ჩხვიმიანი ჩემი ნათლიაა. ისინი ჩემი კარის მეზობლები არიან. მისი საწოლის ოთახი ჩვენს სახლს უყურებდა და მყარაულობდა, სახლიდან როგორც კი გამოვიდოდი, მემუქრებოდა, თუ არ მოხვალო, თოფს მიმიზნებდა, ან ჩემ ძმას უმიზნებდა, რომელიც ეზოში თიბავდა, ან თამაშობდა. იმ სახლში ჩემი ნათლიის ცოლი ცხოვრობდა, მალხაზის ცოლი ცხოვრობდა, არამის ცოლი ცხოვრობდა. ნუთუ ქალებმა ვერ მიხვდნენ, ეჭვი რატომ არ შეიტანეს, რა უნდა ამ პატარა გოგოს ბაჩუკის ოთახში, რატომ დაიარებაო? თუ სადმე წამკრავდა თვალს, რომ წისქვილში მივდიოდი ან მინდორში მივდიოდი, ყველგან მომყვებოდა. მის თვალს ვერ აცდებოდი.
მას ჩემი ალაპარაკების ეშინოდა, ამიტომ ცდილობდა თვითონ სადაც იყო, მეც იქ მეტრიალა, ან მთაში ვყოფილიყავი. მაშინ იყო მშვიდად. მე რომ მთაში ვყოფილიყავი, ამისთის ყველაფერს აკეთებდა.
რამდენჯერ თოფი ჩაუდია პირში, არავისთან თქვაო. ტიტესხიდესთან მიმაბა ცხენზე, მემუქრებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ჩემთან დადიოდა... მუხლებზე და მკლავებზე კანი არ მქონდა შერჩენილი. ერთი კვირა მთაში ვიყავი და სახლში რომ ჩავედი, ერთი თვის მერეც საზიზღრად მქონდა მკლავები. სოფელში უთქვამს, ცხენმა გადმოაგდოო...
მთაში - ჭუბერზე ყველას გადაჰყავს ძროხები საბალახოდ. ეგ ჩვენს ოჯახში მისაღები სტუმარი იყო. არ წავალო რომ მეთქვა, ვინ მომისმენდა. მე ვიყავი უფროსი შვილი და მუშაობა მიწევდა მთაშიც, დედაზე დახმარებაც. ყველაფრის კეთება მიწევდა. 7-8 წლიდან უკვე ქალი ვიყავი, ჩემი დის გაზრდიდან დაწყებული, ყველა ოჯახის საქმეს ვაკეთებდი" - ამბობს ვიბლიანი.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ახლა 59 წლისაა. თუ მსხვერპლს, ნატა ვიბლიანს დავეყრდნობით, დანაშაული ჩხვიმიანმა, 25 წლის ასაკში ჩაიდინა. ეს კი პედოფილიაა - უმძიმესი დანაშაული.
ემიგრანტი ქალი ჰყვება რომ მინიმუმ ექვსი წელი ცხოვრობდა სექსუალური ძალადობისა და მუქარის ქვეშ.
34 წლის შემდეგ, პედოფილიაში მხილებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვისაც ნატა ვიბლიანი სასახელებს. ის ამბობს, რომ ამ შვიდი წლის მანძილზე, ბაჩუკის გარდა მასზე მალხაზ ჩხვიმიანი, როდერი ჩხვიმიანი და ჯიმშერ ვიბლიანი ძალადობდნენ.
შაბათის ეთერმა დაკავშირება სცადა ყველა იმ პირთან, ვისაც ნატა ასახელებს. მათგან კონტაქტზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის შვილი გავიდა.
"ჩვენ ნატა ვიბლიანს ცილისწამებისთვის ვუჩივით. ერთი თვეა ჩვენი ოჯახის მხრიდან სარჩელი შეტანილია. გამოძიება დაწყებულია. ცილისწამება არაფერია იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც მაგას ჩვენთან მიმართებაში დავუმტკიცეთ. ცილისწამება, შანტაჟი და კიდევ ძალიან, ძალიან დიდი დანაშაული. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რაც ყველაფერს ეგრევე ფარდას ახდის. გვაქვს ვოისი, სადაც ის ითხოვს, ჯიმშერი და ჯეირანი (ბიძაჩემი) ადექით, ბაჩუკის ოჯახს მიადექით და გაყარეთ სოფლიდანო, სახლები დატოვონ და დამიბრუნონ მიწაო.. ჩვენ ეს ურეაგიროდ დავტოვეთ, პასუხიც არ გაგვიცია მაგაზე."
ადგილობრივების მტკიცებულებით ემიგრაციაში მყოფი ქალი წარსულს აყალბებს და საზარელი დანაშაულის დაბრალების რეალური მოტივი - მატერიალური ინტერესია. ამ ვერსიით ნატა ვიბლიანს მამა-პაპისეული მიწების დაბრუნება სურს და ქონებრივ დავაში, მძიმე ბრალდებებს ბერკეტად იყენებს.
ნატა ვიბლიანი: შურისძიება მიწების გამო მოხდა. მიწების გამო, ასტემირის ვიბლიანი ოჯახი ამოგვჟლიტეს გვარებმა - ვიბლიანებმა, ჩხვიმიანებმა და თოფლიანებმა. კარგი, ნატა იყო ბოზი გოგო და გამოაგდეს, რატომ მისცეს ასტემირის მიწა-წყალზე, ბაბუას საფლავის წინ, პედოფილ ბაჩუკის სახლის აშენების უფლება?
დაზარალებული ქალის ინტერესებს მარიამ ბარსონიძე იცავს.
"საქმეში პედოფილია აუცილებლად ფიგურირებს. სხვანაირად განმარტებას ვერ გავაკეთებთ. რეალურად ცხრა წლის ბავშვზეა საუბარი. მოვითხოვეთ, რომ დროულად მოხდეს ქალბატონი ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. ის გამოძიებას ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ეტყვის. აუცილებლად შედეგამდე უნდა გავიდეთ" - ამბობს ადვოკატი.
სად იყო ნატა ვიბლიანის დედა? როგორც ნატა ამბობს, დედაც იგივენაირი ძალადობის მსხვერპლი იყო.
"ამის ხმამაღლა ლაპარაკი აღარ მინდა, მაგრამ ყველგან - სასამართლოში, პოლიციაში გავაჟღერებ."
ნატა ემიგრაციაში 20 წლის შვილისთვის ფინანსურად დასახმარებლად წავიდა. ის ახლა პოლონეთში ცხოვრობს. ერთ-ერთ ოჯახში მზარეულად მუშაობს. თუმცა მუდმივად ფიქრობს შვილზე, რომელიც 14 წლის ასაკში ზუგდიდში გააჩინა და მასზე არაფერი იცის. ეს საავადმყო დღეს აღარ არსებობს.
"ბავშვის ხმა და თმა დავინახე. სად გააქრეს ბავშვი, არ ვიცი. ექთანს ბავშვი ფეხებით ეჭირა. ბავშვს რა ვუყოთო, ეკიხებოდა ბაჩუკის. პასუხი იყო - მოკალითო..."
მშობიარობის შემდეგ ნატას ოჯახი იზოლაციაში აღმოჩნდა, მათთან კონტაქტს ყველა ერიდებოდა. 2002 წელს ისინი სვანეთიდან სამუდამოდ გადასახლდნენ ზუგდიდში. ბაშიაჩუკ ჩხვიმიანმა ფსიქოლოგიური ზეწოლა ქალზე მაინც გააგრძელა.
"სამეგრელოში საცოლეს რომ ნახავდა, მეც მნახავდა. მემუქრებოდა. მე როცა სახლიდან გავიქეცი, როგორც ოჯახის წევრები, ისე მეძებდნენ მოსაკლავად ჩხვიმიანებიც. ქუთაისში ავტობუსში ოთხჯერ გადავურჩი სიკვდილს, როცა ჩემთვის დანის დარტყმა უნდოდათ ჩხვიმიანებს" - იხსენებს ნატა.
მიწების გამო დაწყებული შუღლი ამ ამბის ფასადია, რადგან საქმე 9 წლის გოგონას გაუპატიურებას და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ეხება.
"მე მაშინ მომკლეს, ჩემს ცხოვრებას არ აზრი აქვს? მე იმაზე ვარ გაბრაზებული, რომ ამ სიბინძურეს გარდაცვლილი მამაჩემის და ბაბუაჩემის სახლში აკეთებდნენ. ამიტომ მინდა რომ სამართალი აღდგეს" - ამბობს ვიბლიანი.
07/20/2026