Logo

რა იმალება ძლიერი კაცის იმიჯის მიღმა? - მინდია გაბიჩვაძე

რა იმალება ძლიერი კაცის იმიჯის მიღმა? - მინდია გაბიჩვაძე

11/25/2026

ტექსტის ზომა

"მაინდსეტის" პოდკასტში ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე საუბრობს კაცების ჩუმ კრიზისზე: რა იმალება ძლიერი კაცის იმიჯის მიღმა და როგორ მოქმედებს სტერეოტიპები ფსიქიკაზე?

მინდია გაბიჩვაძე: "კაცი - კაცი უნდა იყოს!" ამ სიტყვების უკან იგულისხმება ის რომ - კაცი არ უნდა იყოს დაღლილი, დახმარება არ უნდა ითხოვოს, ამ ყველაფერზე ხმა არ უნდა ამოიღოს და არაფერი არ უნდა შეიმჩნიოს.

ეს დიდი ტვირთია და მე როგორც ფსიქოლოგი, გეტყვით, რომ ასეთი ტვირთი არსად ქრება. ის სადღაც ილექება და გამოიხატება არასრულფასოვან ძილში, წნევაში, მოთმინების ზღვარში, ან იმ უსახელო სიცარიელეში, რომელსაც საღამოობით გრძნობთ. თქვენს გვერდზე მყოფი კაცი სადღაც არის წასული...

კაცები, წლების განმავლობაში, ჩუმად ატარებენ გაუზიარებელ სტრესს. გინახავთ, რომ ის დუმს, იცი, რომ რაღაც აწუხებს. სახლში რომ ბრუნდება, ხედავ, რომ ფიზიკურად იქ არის, მაგრამ ფიქრებით სადღაც შორს არის.

ამ ტვირთის გაზიარება ჩვენთვის, კაცებისთვის არავის უსწავლებია.

რა გჭირს? ამ კითხვაზე ის გპასუხობთ - არაფერი, უბრალოდ დაღლილია. სხვათა შორის, ეს "არაფერი" ერთადერთი გულწრფელი სიტყვაა, რისი თქმაც შეუძლია.

ჩვენ გვჯერა, რომ "ნამდვილი კაცი" ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეს.

მინდია გაბიჩვაძე

ჩატარდა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მქონე 20 ათასი კაცი მონაწილეობდა და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მკაცრად მიჰყვება კაცი სტერეოტიპულ "მამაკაცურ ნორმებს", მით უფრო რთულია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა. და როდესაც უჭირს, მით უფრო ნაკლებად მიმართავს დახმარებას. ფაქტობრივად, ის, რაც ჩვენ სიძლიერე გვგონია, სიმარტოვედ გადაიქცევა. აი, ეს აჩვენა ამ კვლევამ.

კაცებში დეპრესია სხვანაირად გამოიხატება. მათი დეპრესია გამოიყურება არა როგორც სევდიანი პერიოდი, არამედ გაღიზიანებული, სიბრაზისგან აფეთქებული. იწყება სასმლის დოზის გაზრდა, მუშაობის მომატება და ბოლო საფეხურია - ჩაკეტვა.

როდესაც ემოცია იხშობა, ის არ ქრება. კვლევებმა აჩვენა, რომ ემოციის ჩახშობა შინაგან განცდას თითქმის არ ამცირებს, არამედ სტრესულ რეაქციას ზრდის. იწყება გულის ცემის მომატება, წნევა და ბიოლოგიურად დარღვევას იწყებს სხეულიც.

კაცი

ოჯახი ერთი ორგანიზმია. როცა ერთი წევრი იკეტება, ეს სიცარიელე სხვებმა რაღაცით უნდა შეავსონ, რომ ოჯახმა ფუნქციონირება გააგრძელოს. ქალი გრძნობს, რომ რაღაც ხდება და უფრო მეტ შეკითხვებს სვამს. ამ პერიოდში კაცი ამას კრიტიკად იღებს და უფრო მეტად იკეტება. ეს ქალის დანაშაული კი არ არის, ქალი გამოსავალს ეძებს. ამას კაცი, თავისი ინტერპრეტაციით, უფრო შორს მიჰყავს. ორივე რჩება მარტო და ერთმანეთზე ორივე ფიქრობს, მას არ აინტერესებს ჩემი მდგომარეობა. მერწმუნეთ, ორივეს ერთი და იგივე სურვილი აქვთ - ერთმანეთის სიახლოვე. მაგრამ ამაზე ლაპარაკს არავინ იწყებს.

ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ. ისინი სწავლობენ არა იმას, რასაც ვეუბნებით, არამედ იმას, რასაც ვაჩვენებთ. ბიჭი იგივეს სწავლობს მამისგან. ასე გადადის თაობიდან თაობაზე. არა მგონია, ამას "მამაკაცური მიდგომა" უნდა ერქვას.

ოჯახი

ხშირად მამაკაცი მიღებულია "მარჩენალად." როდესაც კაცის თვითშეფასება მთლიანად მის შემოსავალზეა დამოკიდებული, ყოველი ფინანსური უკუსვლა ან დარტყმა, სირცხვილად არის აღქმული. ასეთ დროს კაცის აღქმა ასეთია - მე არ ვარგივარ, ოჯახს ვერ ვარჩენ!

სირცხვილი ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი ემოციაა, რომელიც გვაიძულებს, რომ დავიმალოთ. როდესაც კაცი ფინანსურ პრობლემებს მეუღლეს უმალავს, ამას იმ ფიქრით აკეთებს, რომ ცოლმა არ ინერვიულოს, მე უნდა დავიცვა. ამას უფრო მეტი პრობლემა მოაქვს. მერე ამ გაუზიარებელ პრობლემას ცოლს აბრალებს. არადა, ცოლის ბრალი როგორ არის? იმან საერთოდ არ იცის, რა პრობლემა გქონდა. შენ არ უზიარებდი. ამ სიჩუმეს უფრო ღრმა ორმოში მიჰყავხარ.

მარჩენალი არ ნიშნავს, რომ შენგან მხოლოდ ფულის შემოტანაა საჭირო. ოჯახს არჩენს ყურადღება, უსაფრთხოება, სიმშვიდე და საღამო, როდესაც მამა ტელეფონს გვერდზე დებს, შვილს და მეუღლეს უსმენს, ან ყველანი ერთად უყურებენ ტელევიზორს. ეს არის ის შემოსავალი, რაც შვილებს წლების მერეც ახსოვთ.

წყარო

მინდია გაბიჩვაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026