
10/29/2026
რატომ ვგზავნით სეფისკვერს მოსახსენებელთან ერთად საკურთხეველში?
ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
ლიტურგიის პირველ ნაწილს, როდესაც მზადდება მასალა წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად, კვეთა ჰქვია.
ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან პური და ღვინო მოჰქონდათ წმინდა ზიარებისთვის, ამიტომაც უწოდებდნენ კვეთას "პროსკომიდიას", რაც ბერძნულად "მოტანას" ნიშნავს.
წმინდა ზიარების შესასრულებლად პური და ღვინოა აუცილებელი. პური გაფუებული უნდა იყოს - სწორედ ასეთი პური ჰქონდა ქრისტეს საიდუმლო სერობაზე. ამ გაფუებულ პურს სეფისკვერი ეწოდება. ღვინო ყურძნისა უნდა იყოს, თავად მაცხოვარიც ხომ ყურძნის ღვინით ეზიარა საიდუმლო სერობაზე. წითელი კი სისხლის ფერია.
ტრადიციულად, წირვის დაწყებამდე ქრისტიანები სეფისკვერს შეიძენენ და მოსახსენებლებთან ერთად საკურთხეველში აგზავნიან.
სეფისკვერი უნდა იყოს: 1) მრგვალი; 2) ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი - ღვთაებრივისა და ადამიანურისა; 3) თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ ის ღვთისმსახურებისთვისა არის განკუთვნილი; 4) ჯვარზე კი გამოსახული უნდა იყოს წარწერა: "იესუ ქრისტე ძლევა", რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა ყველას სძლია.
წირვის ჩასატარებლად ხუთი მოზრდილი სეფისკვერი მზადდება. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში მღვდელი ასრულებს კვეთას - ხუთივე სეფისკვერიდან ნაწილებს ამოიღებს.

პირველი სეფისკვერი სიმბოლურად მაცხოვარს - ჩვენთვის დაკლულ (შეწირულ) ღვთის ტარიგს განასახიერებს. ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ მისგან ამოღებული ნაწილებით მორწმუნეებს აზიარებენ. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს, რომლებშიც მაცხოვრის შობა, ვნება, მის შესახებ წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მოიხსენიება.
მეორე სეფისკვერიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ამოიღება ნაწილები, მესამიდან - წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე;
მეოთხიდან - ცოცხალთათვის;
მეხუთიდან კი - მიცვალებულთათვის.
ამავე დროს ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი პატარა სეფისკვერების კვეთა და მოსახსენებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.
ყოველი სახელის მოხსენიების შემდეგ მღვდელმსახური სეფისკვერის ნაწილს ამოკვეთს სიტყვებით: "მოიხსენე, უფალო, (მიუთითებს ჩვენ მიერ ჩაწერილ სახელს)". ეს ნაწილებიც საღვთისმსახურო სეფისკვერიდან ამოკვეთილ ნაწილებთან ერთად ფეშხუმზე ეწყობა. ფეშხუმზე ამ რიგით დაწყობილი სეფისკვერთა ნაწილები ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა.

მოსახსენებელი
წირვის დროს მოსახსენებლის ერთ ნაწილში ცოცხლებს ვიხსენიებთ, მეორეში კი - გარდაცვლილებს. ცოცხალთათვის განკუთვნილ მოსახსენებელს ასევე ეძახიან მოსახსენებელს "ჯანმრთელობისთვის".
ამ მოსახსენებელში ყველა იმ ადამიანის სახელი უნდა ჩავწეროთ, ვისაც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხონებას ვუსურვებთ. უპირველესად, ცხადია, პატრიარქს ვწერთ, შემდგომ უნდა ჩავწეროთ სულიერი მოძღვრის სახელი, რომელიც მისი მრევლის სულის ცხონებისთვის ზრუნავს და ლოცულობს. მერე იწერება მშობლების სახელები, ჩვენი სახელი, ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები...
მოსახსენებლის მეორე ნაწილი მიცვალებულთა სახელზეა. მასში იმ გარდაცვლილთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასნი და ახლობელნი არიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი მიცვალებულთა მოხსენიება?
წმინდა იაკობ ცალიკისი (1920–1991) XX საუკუნის ბერძენი მართლმადიდებელი ბერი და წმინდანი (ევიის მადლმოსილი ბერი), რომელიც საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე მდებარე ღირსი დავითის სახელობის მონასტერში მსახურობდა, მოსახსენებელთან დაკავშირებთ ამბობდა:
"როცა წირვის წინ კვეთას აღვასრულებ, ვხედავ სულებს, რომლებიც ჩემ წინ მიმოდიან და მთხოვენ მოვიხსენიო, ასე რომ, თუნდაც მინდოდეს, ვერ დავივიწყებ მათ...
როცა მღვდელი ნაწილს იღებს და მორწმუნეთა სახელს იხსენიებს, წმიდა სამკვეთლოზე გარდამოდის უფლის ანგელოზი და მიაქვს ისინი მეუფე ქრისტეს ტახტთან, როგორც ლოცვა მათზე, რომელთაც იხსენიებენ.
იფიქრეთ ახლა, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა თქვენ კვეთის დროს გიხსენიებენ.

ერთხელ, დამავიწყდა გარდაცვლილთა შორის დედაჩემის მოხსენიება, რომელიც წმიდა ქალი იყო. როცა ღვთაებრივი ლიტურგია დასრულდა და სენაკში შევედი, სკამზე ჩამოვჯექი. ამ დროს მოდის დედაჩემის სული და დამწუხრებული მეუბნება:
– მამა იაკობ, დღეს შენ მე არ მომიხსენიე.
– როგორ, დედა, როგორ არ მოგიხსენიე. ყოველდღე გიხსენიებ და საუკეთესო ნაწილსაც კი ვიღებ შენს სახელზე– ვუთხარი მას.
– არა, ჩემო შვილო, დღეს არ მომიხსენიე და ჩემი სული ისე არ განისვენებს, როგორც იმ დღეებში, როცა მიხსენიებდი, – მიპასუხა მან.
ხედავთ, რა დიდ სარგებელსა და სიკეთეს იღებს სული, როცა მას მღვდელი იხსენიებს?”

გააზიარე სტატია