Logo

რა ზიანი მოაქვს ჰელოუინს ბავშვის ფსიქიკისთვის - დეკანოზ ბიძინა გუნიას განმარტება

რა ზიანი მოაქვს ჰელოუინს ბავშვის ფსიქიკისთვის - დეკანოზ ბიძინა გუნიას განმარტება

10/30/2026

ტექსტის ზომა

31 ოქტომბერი - ჰელოუინის დღესასწაულია. ვინც ამ პერიოდს უცხეოთში შესწრებია, მათ იციან, განათებული გოგრებით, "საშიში" ნიღბებითა და აქსესუარებით როგორი მორთულია მაღაზიების ვიტრინები, ქუჩები, პარკების შესასვლელები... ცხადია, ეს სამზადისი დიდი კომერციული დატვირთვის მატარებელია და ერთი შეხედვით, ამ უწყინარ საზეიმო განწყობაში ითრევს ყველას. და ერთი ღამით ყველა ვამპირად, ალქაჯად, მაქციად და ჯადოქრად გადაიქცევა, დაძრწის და აშინებს სხვას და თვალებგანათებული გოგრებით რთავს სახლს.

ჰელოუინი

დღესასწაულის ფესვები წარმართულ დროშია. გადმოცემით, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის კელტები წელიწადს ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ზაფხულისა და ზამთრის სეზონებად. ამიტომ 31 ოქტომბერს, რომელიც სიმბოლურად მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავდა, მიიჩნევდნენ მიმავალი წლის ბოლო და ახალ, ზამთრის სეზონზე გადასვლის დღედ. კელტებს სწამდათ, რომ მიმავალი წლის ბოლო ღამეს – მას სამაინს ან სამჰეინს უწოდებდნენ – იშლებოდა ზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და იმქვეყნიური სამყაროს ბინადარნი თავისუფლად აღწევდნენ მიწიერ სამყაროში.

ჰელოუინი

„დაუპატიჟებელი სტუმრების", მოჩვენებებისა და სულების დასაფრთხობად, კელტები სახლებში ცეცხლს აქრობდნენ და ცხოველების ტყავით იმოსებოდნენ. სახლებთან სულებისთვის ტოვებდნენ ნუგბარს, თავად კი ქურუმების დანთებულ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ წმინდა ცეცხლი სახლში მიჰქონდათ.

ძველ ინგლისურ ენაზე დღესასწაულის წინა დღე – ყველა წმინდანის საღამო ჟღერდა, როგორც All Hallows Even, შემოკლებით – Hallowe'en. დროთა განმავლობაში სახელწოდება კიდევ უფრო შემოკლდა – Halloween. ასე დაიმკვიდრა სახელი დღესასწაულმა.

ეკლესია დიდხანს ებრძოდა დღესასწაულზე ბოროტი სულების დაშინებისა და მოგერიების ჩვეულებას, მაგრამ ხალხის ცნობიერებაში წარმართული დღესასწაული მტკიცედ შეერწყა ქრისტიანულს.

ჰელოუინი

ამერიკაში, დღესასწაული, ემიგრანტების წყალობით XIX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინის აღნიშვნა დაიწყეს ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაშიც.

პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში, მათ შორის, რუსეთში და საქართველოში ამ დღესასწაულმა პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვა.

ჰელოუინზე ათასგვარი უწმინდურის კოსტიუმის მორგება მრავალი ქვეყნის მცხოვრებთა საყვარელ გასართობად იქცა. დღესასწაულზე ეწყობა სპეციალური საღამოები, რომელთა განუყოფელი ნაწილია საშიში და სასაცილო საკარნავალო კოსტიუმები და გრიმები.

რატომ კრძალავს ამ წარმართული ფესვების მქონე ღამის დღესასწაულის აღნიშვნას მართლმადიდებლური ეკლესია?

"ზმნას" შეკითხვას თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძრვარი - დეკანოზი ბიძინა გუნია პასუხობს.

მამა ბიძინა გუნია

დეკანოზი ბიძინა გუნია: გოგრის ფესტივალი, ჯეკის ფანარი - ასე ეძახიან ჰელოუინს და მისი წარმოშობა ინგლისში, ირლანდიასა და საფრანგეთში მცხოვრებ ხალხს და წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება. ეს ძველი კელტების წარმართული დღესასწაულია, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერს გრძელდება.

რას განადიდებენ? განადიდებენ და თაყვანს სცემენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართულ ღვათაებას - სამჰეინს. ამ რიტუალს, აქედან გამომდინარე აქვს ოკულტური ფესვები. მხიარული და უწყინარი გართობის მიღმა კი, შეფარული დემონიზმიის გამოვლინებაა.

ჰელოუინიჰელოუინი

- რატომ რჩება შეუმჩნეველი ჰელოუინის, იგივე უწყინარი გოგრის დღესასწაულის დემონური არსი?

- პასუხი მარტივია. დავშორდით უფალს, დავშორდით ქრისტიანულ სწავლებას.

- ბავშვები ხალისით მონაწილეობენ ამ დღესასწაულში და კოსტიუმებს ირგებენ. რას იტყვით ამაზე?

- ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს დღესაწაული საშიშ ხასიათს იღებს მოზარდებისთვის და რატომ? ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი, მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე.

ჰელოუინი

ამ ზეიმებში ტრადიციად იქცა ბავშვებსა და უფროსებში ვამპირების, ალქაჯების, ჯადოქრების, დემონების, მოჩვენებების - ბილწი სულების ნიღბების მორგება და მათი განსახიერება.

ბავშვებში ირევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე.

ფსიქოლოგების აზრიც ვიცით, რომ ჰელოუინის გამოკვეთილი სიმბოლიკა - ამ ბილწი სულების სახეების ერთობლივი მოქმედების ეფექტი, ბავშვებში ნეგატიურ აღგზნებას იწვევს და მათზე ძლიერ ფსიქო-ფიზიკურ-ემოციურ ზემოქმედებას ახდენს, რასაც შემდგომ მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია.

ჰელოუინი

ცხადია, ეს კოსტიუმები, აქსესუარები კომერციულ ხასიათს ატარებს და ამ ზეიმის მიმართ ინტერესს აღვივებს.

- როგორია ეკლესიური სწავლება?

- ჩვენ კარგად ვიცით რომაელთა მიმართ დაწერილი წმინდა წერილი: "თანახად ვიქმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მის გონებისა თქვენისათა. რაი არს ნება ღვთისა კეთილი, სათნო და სრული."

პავლე მოციქული ეპისტოლეში ბრძანებს: "ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა რწმენისათა, არამედ უფროისღა ამხილებდით." ანუ ეკლესია არაფერს კრძალავს, ეკლესია ამხელს, მოუწოდებს.

უფალი ამბობს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, მე განგისვენოთ თქვენ." თუ ადამიანს არ უნდა მისვლა, არ მივა. აკრძალვა სწორი არ არის. ჩვენ ვამხელთ, ვხელმძღვანელობთ წმინდა წერილით.

- მოკლედ, დღეს რომ ჰელოუინი ოჯახურ გასართობ დღესასწაულად მიიჩნევა და დედა და შვილები ერთმანეთს "საშიშ" გრიმებს უკეთებენ, სცოდავენ?

- ვამპირების, ჯადოქრებისა და ალქაჯების გრიმები არ არის დადებითი სახეები. ამით დემონს თაყვანი არ უნდა ვცეთ.

ჰელოუინი

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026