Logo

რატომ აქვთ ქალებს უფრო დაბალი სექსუალური სურვილი, ვიდრე მამაკაცებს? - გინეკოლოგი ახალი კვლევის შესახებ

რატომ აქვთ ქალებს უფრო დაბალი სექსუალური სურვილი, ვიდრე მამაკაცებს? - გინეკოლოგი ახალი კვლევის შესახებ

11/19/2026

ტექსტის ზომა

ხშირად წყვილში სექსი ერთისთვის უფრო ხშირადაა სასურველი, მეორისთვის კი იშვიათად. რას გვეუბნება სტატისტიკა და რა აჩვენა უახლესმა კვლევამ?
გინეკოლოგი ეკა კვირკველია დანიური კვლევის შედეგებს განიხილავს და განმარტავს, რატომ არის ამ საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანი, თავად ქალი როგორ გრძნობს თავს და რისი შეცვლა სურს მას.

ეკა კვირკველია

"რატომ აქვთ ქალებს, საშუალოსტატისტიკურად, უფრო დაბალი სექსუალური სურვილი, ვიდრე მამაკაცებს?  რას აჩვენებს დანიური კვლევა?

ექიმებმა პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ თუ კონკრეტულად რისი ქონის სურვილი არ აქვს ქალს.

მაგ: მოსაწყენი სექსის, მტკივნეული სექსის, სექსის სურვილის გარეშე, სექსის სიამოვნების გარეშე, სექსი სიახლოვის გარეშე, სექსის პარტნიორთან ვინც არ იზიდავს, სექსის რომლისაც რცხვენია, სექსის მხოლოდ დაორსულებისთვის, სექსის “ვალდებულებისთვის” და ა.შ…

სექსუალური სურვილი (Sexual Desire) არის სექსუალური აქტივობის მიმართ ინტერესი, მოტივაცია ან შინაგანი სწრაფვა. ის შეიძლება გამოიხატებოდეს ეროტიკული ფანტაზიებით, სექსზე ფიქრებით, პარტნიორთან სექსის სურვილით ან მასტურბაციის ინტერესით.

სურვილის დაქვეითების დიაგნოზი რომ დავსვათ აუცილებელია ვიცოდეთ იწვევს თუ არა ეს ქალში დოსტრესს (აწუხებს თუ არა) თუ უბრალოდ მისი პარტნიორისთვის არის ეს შემაწუხებელი…

ეკა კვირკველია

მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური სურვილი არ არის იგივე, რაც სექსუალური აღგზნება (sexual arousal) და არც ავტომატურად ნიშნავს სექსუალურ თანხმობას.

2007 წელს The Journal of Sexual Medicine-ში გამოქვეყნდა დანიური კვლევა - Sexual Desire in a Nationally Representative Danish Population. კვლევაში მონაწილეობდა 10 458 ადამიანი. შედეგებმა აჩვენა, რომ მამაკაცები ყველა ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირად აღნიშნავდნენ სექსუალური სურვილის მაღალ სიხშირეს, ვიდრე ქალები.

ეკა კვირკველია

რა შეიძლება განაპირობებდეს ამ განსხვავებას?

1. ბიოლოგიური ფაქტორები:

ანდროგენები, განსაკუთრებით ტესტოსტერონი, მონაწილეობს სექსუალური სურვილის რეგულაციაში ორივე სქესში. თუმცა სურვილს მხოლოდ ერთი ჰორმონი არ განსაზღვრავს.

2. ფსიქოლოგიური ფაქტორები:

ქრონიკული სტრესი, შფოთვა, დეპრესია, ემოციური გადაღლა და ძილის დეფიციტი სექსუალურ სურვილს ორივე სქესში ამცირებს.

3. ურთიერთობის ხარისხი:

ემოციური სიახლოვე, პარტნიორთან ურთიერთობის დინამიკა, კონფლიქტები და სექსუალური კმაყოფილება მნიშვნელოვნად უკავშირდება სურვილს.

4. სექსუალური გამოცდილება და სიამოვნება:

თუ სექსუალური ურთიერთობა ქალისთვის არ არის სასიამოვნო, არ ახლავს საკმარისი აღგზნება ან ორგაზმი, დროთა განმავლობაში სექსის მიმართ ინტერესიც შეიძლება შემცირდეს.

5. სოციალური და კულტურული ფაქტორები:

სექსუალობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, სირცხვილი, აღზრდა და ქალის სექსუალური სურვილის გამოხატვის შეზღუდვა ასევე მნიშვნელოვანია, მაგ: თუ ქალს სექსი ხშირად უნდა ის ამორალურია და ა.შ.

6. ასაკი და ჯანმრთელობა:

ასაკთან ერთად სურვილი ორივე სქესში შეიძლება შემცირდეს. ამას ემატება ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტები, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და რეპროდუქციული ჰორმონების ცვლილებები.

დანიურმა კვლევამ განსაკუთრებით აჩვენა, რომ იშვიათი სექსუალური სურვილი ორივე სქესში დაკავშირებული იყო ასაკთან, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დისტრესთან.

ეკა კვირკველია

კიდევ ერთი საინტერესო კვლევა: 2019 წელს ოთხ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც დანიური ნიმუშიც შედიოდა, აჩვენა, რომ ქალებში სექსუალური სურვილის შემცირებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული გენდერული კულტურული სტერეოტიპების გაზიარება. ქალებისთვის საკუთარი სექსუალური სიამოვნების მნიშვნელობა და სექსუალობის მიმართ არსებული კულტურული შეხედულებები მნიშვნელოვანი ფაქტორები აღმოჩნდა.

სტატისტიკურად მამაკაცებს, საშუალოდ, უფრო მაღალი სექსუალური სურვილი აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცს ყველა ქალზე მეტი სურვილი აქვს. ქალის სექსუალური სურვილი არ არის მხოლოდ ესტროგენის ან ტესტოსტერონის დონის შედეგი. მასზე მოქმედებს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ურთიერთობითი და სოციალური ფაქტორების ერთობლიობა - ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები.

ასევე, დაბალი სექსუალური სურვილი თავისთავად დაავადება არ არის. კლინიკურ პრობლემად ის მაშინ განიხილება, როდესაც ქალს ეს მდგომარეობა აწუხებს და იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს - საშუალო სტატისტიკურად რაც უფრო ემატება ქალს ასაკი, უფრო ნაკლებად აწუხებს მას სურვილის ან აღზნების შემცირება.

ამიტომ პირველ რიგში იფიქრეთ თქვენ რა გინდათ ქალებო," - წერს ეკა კვირკველია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026