
11/04/2026
როცა ბავშვი თანატოლებზე დაბალია, მშობლის პირველი რეაქცია ხშირად ასეთია - „რამე ხომ არ გამოგვრჩა?“ ზოგჯერ პასუხი მარტივია და ოჯახურ გენებშია დამალული. ზოგჯერ კი ზრდის შენელების უკან ჰორმონალური ცვლილება, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა ან ისეთი ჩვევა დგას, რომელსაც მშობელი თავიდან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ყველა დაბალი ბავშვი ავად არ არის და უსაფუძვლო შიში მხოლოდ ზედმეტ დაძაბულობას ქმნის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზრდის შეფერხების ზოგიერთი მიზეზი, მაგალითად ცელიაკია ან ჰორმონალური დარღვევა, ჩუმად მიმდინარეობს და დროული გამოვლენის შემთხვევაში კარგად რეგულირდება.

ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა განმარტავს რა შეიძლება იდგეს ზრდის ჩამორჩენის უკან.
„ხანდახან ბავშვი დაბალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ოჯახში სიმაღლის საკითხი. ხშირად არის ისეთი პრობლემა, რომ დაბალ მშობლებს სურთ უფრო მაღალი შვილის ყოლა. მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახურ გენეტიკას ვერაფერს ვუზამთ...
არსებობს გვიანი მოზარდობის ფენომენიც, როდესაც ბავშვი რვა-ცხრა წლის ასაკში ნელა იზრდება, მაგრამ 11-12 წლის ასაკში ისე კარგად იზრდება, რომ დაეწევა განვითარებას. ასეთ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ და თუ კარგად არ მიდის განვითარება, მაშინ ექიმი ჩავრთოთ.
საერთოდ ჯობია, რომ ექიმმა ერთხელ მაინც შეაფასოს მდგომარეობა.

ზრდის შეფერხების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რა თქმა უნდა, ჰორმონალური დარღვევაა. ეს შეეხება როგორც ზრდის ჰორმონს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს და კორტიზოლს, ხოლო თუ ნაადრევი მომწიფებაა, ესეც ზრდაზე მოქმედებს.
საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ყველასთვის ცნობილია ცელიაკია, როდესაც კუჭ-ნაწლავიდან ვერ ხდება შესაბამისი ნივთიერებების შეწოვა და შედეგად ბავშვს ეწყება განვითარების ჩამორჩენა. ამიტომაც, როცა ზრდაჩამორჩენილი ბავშვები მოგვმართავენ, ცელიაკიის ტესტს აუცილებლად ვუკეთებთ.

ასევე შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადებები, მაგალითად თირკმლის, ღვიძლის, ან კვებითი დეფიციტები, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ცილოვანი, რადგან ჩვენი ბავშვები სრულფასოვნად არ იკვებებიან, ცილის მაჩვენებლით განსაკუთრებით.
არის ისეთი შემთხვევაც, როცა ბავშვი დაბადებიდან პატარაა, ვთქვათ, მუცლად ყოფნის პერიოდში განვითარება კარგად არ მიმდინარეობდა და ამან შემდგომში პრობლემები გამოიწვია.
ბოლო დროს განსაკუთრებით 14-15 წლის ბიჭებში გავრცელდა სტეროიდებით მკურნალობა. სპორტდარბაზებში დადიან და კუნთოვანი მასის გასაზრდელად ახალგაზრდები სტეროიდებს, დანამატებს ხმარობენ, რაც ნეგატიურად მოქმედებს.

ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება. 18 წლამდე არანაირი დანამატი და სტეროიდი ბავშვებთან საჭირო არ არის. ჯერ ორგანიზმმა უნდა დაამთავროს ჩამოყალიბება და შემდეგ, კი ბატონო, მისაღები დოზირების ფარგლებში.
არსებობს ზოგიერთი გენეტიკური დაავადებაც. საქართველოში ისინი არც ისე გავრცელებულია, შეიძლება 100 000 მოსახლეზე ერთი იყოს, უმეტესად გოგონებშია დამახასიათებელი და ექიმმა შეიძლება გენეტიკური ტესტის ჩატარება გთხოვოთ, რომელიც ადგენს, ხომ არ არის გენეტიკური პათოლოგია.
თუ დადგინდა, რომ ცელიაკიაა, ჰორმონალური თერაპია საჭირო არ არის, საკმარისი იქნება უგლუტენო დიეტა, ვიტამინოთერაპია და ბალანსირებული კვება. თუ ანემიაა, ის უნდა მოვაწესრიგოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაა, ესეც უნდა მოვაწესრიგოთ. ჰორმონები და ვიტამინები აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, ზეპირად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს,“ - განმარტავს ექიმი.
გააზიარე სტატია