Logo

რატომ შეიძლება 5 წლის ბავშვმა სკოლა შეიჯავროს? - სპეციალისტი განმარტავს

რატომ შეიძლება 5 წლის ბავშვმა სკოლა შეიჯავროს? - სპეციალისტი განმარტავს

11/26/2026

ტექსტის ზომა

პოდკასტის „სანამ ზარი დაირეკება“ ავტორი და განათლების სპეციალისტი მეგი კავთუაშვილი მიიჩნევს, რომ მშობლებმა და პედაგოგებმა 5 წლის ბავშვის სკოლაში შესვლისა და სასწავლო პროცესში ჩართვისას, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის მზაობას უნდა მიაქციონ.

სპეციალისტი განმარტავს, რომ 5 წლის ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება 6 წლის ბავშვისგან. არასწორმა და მკაცრმა რეაგირებამ კი შესაძლოა ბავშვს სწავლისა და სკოლის მიმართ სიძულვილი გაუჩინოს.

მეგი კავთუაშვილი

"რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის ხუთი წლის ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარება, რომელიც თითქმის ყველა ასპექტით ექვსი წლის ასაკის ბავშვის განვითარებას ჩამორჩება.

მაგალითად, ხუთი წლის ბავშვს 35 წუთის განმავლობაში მერხთან გაჭიმული ჯდომა არ შეუძლია, მისი ხერხემლის განვითარების დონიდან გამომდინარე. ასევე ძალიან უჭირთ ბავშვებს ხელში კალმის ჭერა, ასოების გამოყვანა, უჯრებში ჩასმა. იმიტომ, რომ ხუთი წლის ასაკში ბავშვის თითები, არ არის ისეთივე განვითარებული, როგორც ექვსი წლის ასაკში.

ხუთი წლის ასაკის ბავშვს უჭირს კონცენტრაცია, 15 წუთზე მეტი ის ვერ აჩერებს ერთსა და იმავე თემაზე ყურადღებას. ამიტომ გაკვეთილზე შეიძლება იჯდეს ბავშვი, მაგრამ მას გაურბის ფიქრი და ვეღარ ეწევა პედაგოგს და პედაგოგები ხშირად ამბობენ ხოლმე - "აი, ვერ მომყვება". იმიტომ ვერ მიყვება, რომ რეალურად ეს მის ძალებს აღემატება.

და რაც მთავარია ხუთ წლის ასაკში, ბავშვს გამძაფრებული აქვს ჯერ კიდევ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. ამიტომ ისინი ხშირად იწყებენ გაკვეთილზე ჭამას ან აქვთ, ვთქვათ, ძილის სურვილი და იძინებენ. რასაც მასწავლებლის მხრიდან უმეტესად მოჰყვება ხოლმე ძალიან მძიმე რეაქციები - მშობლის დაბარება, გაუთავებელი შენიშვნები. და ეს ყველაფერი, როგორც წესი, ბავშვებზე მოქმედებს ძალიან ცუდად.


თუკი ეს საკითხები გამოვლინდა და მასწავლებელმა და მშობელმა დროულად და რაც მთავარია სწორად არ მოახდინეს რეაგირება, ბავშვი შეიჯავრებს სკოლას, დაანებებს სწავლას თავს... როგორი მაღალი მოტივაციითაც გინდა იყოს ის სკოლაში მისული, მისთვის სკოლა სასურველი ადგილი ნამდვილად ვერ გახდება. რაც დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მშობელს არ უნდა," - ამბობს მეგი კავთუაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვიმეგი კავთუაშვილისანამ ზარი დაირეკებასკოლა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026