Logo

„რაზე უნდა იდარდოს ბავშვმა ლარის კურსზე?“ - ივანე საათაშვილი ბავშვის განცდების გაუფასურებაზე

„რაზე უნდა იდარდოს ბავშვმა ლარის კურსზე?“  - ივანე საათაშვილი ბავშვის განცდების გაუფასურებაზე

11/13/2026

ტექსტის ზომა

დაკარგული სათამაშო ან თანატოლისგან ნათქვამი არასასიამოვნო სიტყვა... ის, რაც ზრდასრულს უმნიშვნელოდ ეჩვენება, ბავშვისთვის შესაძლოა ძლიერი განცდის მიზეზი იყოს. ბავშვთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი საუბრობს იმაზე, რატომ არ უნდა შევაფასოთ ბავშვის დარდი მხოლოდ ზრდასრულის საზომით და რას ვეუბნებით მას პასუხით „მერე რა, არაუშავს“.

ივანე საათაშვილი

„პრობლემა ფუნდამენტურია და საზოგადოების წარმოდგენაში დევს. იმაში, თუ როგორ აღიქვამს ის ბავშვს.

საზოგადოება ბავშვს სრულყოფილ პიროვნებად არ აღიქვამს. ხედავს ადამიანად, რომელიც გაიზრდება და მერე გახდება პიროვნება, მანამდე კი თითქოს პიროვნების მხოლოდ ნაწილია.

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ბავშვის დარდის მიზეზები განსხვავდება იმისგან, რაზეც ზრდასრული დარდობს და ამის გამო მის გამოცდილებებსა და განცდებს ვაუფასურებთ.

ბავშვი

მაგალითად, ოჯახი სტუმრად იყო, ბავშვს სათამაშო დარჩა და ამას განიცდის. ეს განცდა ისეთივე ძლიერი და რეალურია, როგორიც ზრდასრულისთვის იქნებოდა სხვა ქვეყანაში ტელეფონის დატოვება ან ჩანთის გახსნა და აღმოჩენა, რომ საფულე აღარ აქვს. მაგრამ, რადგან სათამაშო ზრდასრულისთვის საკმარისად სერიოზული რამ არ არის, ის მთლიანად ბავშვის განცდას აუფასურებს.

ეს კარგად ჩანს იმ რეპლიკებში, რომლებიც ბავშვთან ურთიერთობისას ისმის: „დაავიწყდება“, „გადაუვლის“, „მერე რა“.

ბავშვი

ბავშვი მოდის და გვიყვება, რომ საბავშვო ბაღში ჯგუფელმა რაღაც უთხრა, ჩვენ კი ვპასუხობთ: „მერე რა, არაუშავს“. თუმცა, როცა თავად ვბრუნდებით სამსახურიდან და ოჯახის წევრს ვუზიარებთ, რომ კოლეგის ნათქვამმა შეგვაწუხა, არ მოგვწონს, თუ გვპასუხობენ: „მერე რა“.

რაზე უნდა იდარდოს ბავშვმა, რაზე უნდა იფიქროს, რომ მისი განცდა სათანადოდ მივიღოთ - ლარის კურსზე თუ საწვავის გაძვირებაზე?

საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებსა და სამყაროზე წარმოდგენა ადრეულ წლებში ყალიბდება. ბავშვის უშუალო გარემო მშობელი და ოჯახია. ყველა ადამიანის შეხედულება ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანის დამოკიდებულებას, რომელიც ავტორიტეტია და ვისთანაც ემოციური კავშირი გვაქვს.

ბავშვი

როგორც კი საზოგადოება ბავშვს აღიქვამს სრულყოფილ პიროვნებად და არა ადამიანად, რომელიც პიროვნება მომავალში უნდა გახდეს, შემცირდება დისკუსიაც იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა მას არჩევანი და უნდა იყოს თუ არა დამოუკიდებელი“, - ამბობს ივანე საათაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვიდარდიივანე საათაშვილიფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026