
10/28/2026
რობერტ სტურუა "ვეფხისტყაოსნის" მისეული დადგმის მეორე ნაწილს დგამს. რეჟისორი მაყურებელს მოუწოდებს, რომ ეს გენიალური პოემა კარგად წაიკითხონ, მას ჩაუღრმავდნენ და ისე მივიდნენ სპექტაკლის სანახავად.
"იმედის" იუთუბარხზე, ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ სპექტაკლს დაიწყებს შაირობის და შოთასეული პოეზიის შესახებ თხრობით, რომ ეს იქნება მისი სპექტაკლის მეორე ნაწილის ერთგვარი პროლოგი.
რობერტ სტურუა: ეს წიგნი სახლში უდევთ და ფურცელი არ გადაუშლიათ; ილუსტრაციებით და მოკლე ამონაწერებით იციან მხოლოდ.
მე-19 საუკუნის დასასრულს აკაკი წერეთელი წერს: ათასი ქართველი რომ შევკრიბოთ, იქიდან მხოლოდ ოთხს და ხუთს თუ ექნება წაკითხული "ვეფხისტყაოსანი" და იმ ოთხი და ხუთიდან (ვისაც წაკითხული აქვს) კიდევ ათას კაცს თუ შევკრებთ, აზრზე არ არიან, რაზეა ეს ნაწარმოები დაწერილიო. აკაკი რა მაგარი იუმორის პატრონი იყო, კი მოგეხსენებათ.
მაყურებელი რომ თეატრში მოდის, მას მე, როგორც სტუდენტს, არ უნდა ავუხსნა, რა პოემაა ეს. ის გარკვეული უნდა იყოს, რის სანახავად მოდის. ამ ნაწარმოებში ჩაღრმავებული უნდა იყოს.
- რას ვიხილავთ მეორე ნაწილში?
- მეორე ნაწილში მე ვცდილობ მოვუყვე მაყურებელს, რას ფიქრობს შოთა რუსთაველი პოეზიაზე, შაირზე. შევკრიბე ყველა მისი გამონათქვამი, რა არის ლექსი, პოეზია და პატარა სიუჟეტში ვაერთიანებ. ეს არის პროლოგი, რომ მაყურებელი მიხვდეს, რას ფიქრობდა ეს გენიოსი პოეზიაზე, რომელმაც მერე საქართველო დაიპყრო. პოეზია ქართველების აუცილებელი ნიშანია.
მეორე აქტის შესავალი ათ წუთს გასტანს. შემდეგ ავთანდილი ეძებს ტარიელს, ის თინათინმა გაგზავნა. ბოლოს პოულობს და ტარიელი უყვება თავის ამბავს.
- "ვეფხისტყაოსნის" დადგმა იყო პროვოკაცია თქვენი მხრიდან?
- ეს ჩემი მხრიდან პროვოკაცია არ იყო, რა იყო - გეტყვით: მე "ვეფხისტყასაონი" სკოლაში კი არ მისწავლია. სულ პატარა ვიყავი, როდესაც ჩემმა მხატვარმა მამამ, ზიჩის ილუსტრაციებით მორთული წიგნი მაჩვენა და მომიყვა ყველაფერი. მერე მივხვდი, რომ ზიჩიმ ცოტა დააკლო რუსთაველს.
რუსთაველმა პოემაში არსად არ ახსენა ქართველები. მან დაწერა - არაბებზე, ინდოელებზე, ჩინელებზე, სპარსელებზე... თინათინის და ავთანდილის დიალოგი სრულდება ასე: "ყმა ტკიბილი და ტკბილქართული"... და უეცრად გახსენებს, რომ ესენი არაბულად არ ლაპარაკობენ, რომ ესენი ქართველები არიან. რასაც წერს სულ ქართველებზე წერს და მათზეა ამ პოემაში ლაპარაკი. ეს გმირები ნამდვილად ქართველები არიან.

ქართველები რომ ეხსენებინა, იცით, რას უზამდნენ რუსთაველს? საერთოდ დაკლავდნენ. ატყდებოდა ბაზარი - ვის გულისხმობთ? მეფეს? ან თინათინი ვინ არის? ისედაც დაჩაგრეს კაცი, სად არის? რა გვარისაა? სად მოკლეს, ან არ მოკლეს... მე მეჩვენება, რომ ის სრულიად მარტო, უბედური დაიფერფლა.
400 წელი მატიანე გაჩუმებული იყო, არავინ არაფერს ამბობდა რუსთაველზე. არაფერი ვიცით, იმ დროს მოეწონათ თუ არა პოემა. მერე როცა დაიბეჭდა, ეკლესიამ წყალში გადაყარა, ხალხმა თქვა - ქრისტიანობა არ არის ამ წიგნშიო. ილია მეორეს დასჭირდა ახსნა, რომ ეს ქრისტიანული ნაწარმოებია. სიკეთე, რაც გმირებმა ჩაიდინეს, უდიდესი რამაა.


ჩვენ გავბედეთ და პირველად დრამატულ სცენაზე "ვეფხისტყაოსანი" დავდგით. იქნებ რაღაც არ გამოგვივიდა, ყველაფერი ისე არ არის, რომ იდეალურია. მაგრამ შემდეგი ეტაპი გააკეთოს სხვამ.
ჩვენ ის ზღვარი გავარღვიეთ, რომელსაც ქართველები ვერ ბედავდნენ. მარტო პანტომიმის თამაში მეცხრამე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში, არ შველის.
დედით ქართველმა ტოვსტონოგოვმა, რომელიც ამერიკაში სულ ქართულად მელაპარაკებოდა (გარშემო რუსები იყვნენ), შეკითხვაზე, მართლა მიგაჩნიათ, რომ მიხეილ თუმანიშვილი არაქართულ სტილში დგამს სპექტაკლებს-მეთქი, მიპასუხა: იცოდე, თქვენ, ქართველები სხვა სტილში ვერ დადგამთ, თქვენი ქართული ფსიქოლოგია მსოფლიოში არაფერს შეედრება, არავისას ჰგავს, ეს მხოლოდ ქართული ფსიქოლოგიაა. თქვენ ეროვნული სამოსი არ გჭირდებათ, სულით ხართ ქართველებიო.

ნახევარმა საქართველომ არ ნახა სპექტაკლი და წერდნენ, მე ამ საზიზღრობას არც ვნახავო. ეს სუფთა საბჭოთა სტილია და სამწუხაროა, რომ ეს შემოგვრჩა.
როდესაც მე მსაყვედურობენ, როგორ შეიძლება ავთანდილი კოცნაობდეს თინათინთანო, მე მაქვს რუსთაველის სტრიქონები - "კბილი კბილსა მიაშურეს, მათ შორისა ელვა იყო". სიყვარული უდიდესი ვნებით აღწერა. ისეთი პოეტი არ არის რუსთაველი, რომ დაწეროს, ტუჩებში კოცნაობენო.

თუ ავთანდილს თინათინი ძლიერად არ უყვარს, ის ტარიელის ტკივილს ვერ მიხვდება და მას დასახმარებლად არ წაჰყვება; თუ მსგავსი თვითონ არ განიცადა. თუ მე ნაწარმოებს თინათინის და ავთანდილის უდიდესი სიყვარული მოვაცილე, წავშალე ყველაფერი. თუ არ წაიკითხე, ის რაც ამ ტექსტში, დიალოგში, აღწერაშია ჩადებული, მას ვერ მიხვდები.
გააზიარე სტატია