
11/10/2026
მალე "ჩემი ცოლის დაქალების" მეოცე სატელევიზიო სეზონი განახლდება. როგორც მისი პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე "ზმნა"-სთან ინტერვიუში ამბობს, საყვარელი სერიალის დაბრუნებას, მაყურებელი ახალ წლამდე იხილავს. ჩცდ-ში მსახიობების ძირითად ბირთვი რჩება, სცენარისტი და რეჟისორი უცვლელია. მუსიკაზე, რომელიც სერიალის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ისევ ნიკა ჩოხელი და ზურა ჯავახია იმუშავებენ.
ამდენად, 15 წლის სერიალის "ქამბექი" იქნება ემოციური და საინტერესო. სულ ცოტაც და ჩცდ-ს გულშემატკივრები ისევ გაეხვევიან საყვარელი პერსონაჟების ყოველდღიურობასა და მაგიურობაში.
ირაკლი საღინაძე: ეს დაბრუნება ჩვენთვის ძალიან ემოციური მომენტია და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შთამბეჭდავად დავბრუნდეთ. საამისოდ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.
პირველი სერია 2011 წლის ოქტომბერში გავიდა. ასე რომ ჩცდ წელს 15 წლის გახდა.

- აღნიშნეთ?
- სრულწლოვანია და თვითონ აღნიშნავს.
- აღნიშნა იმით, რომ ბრუნდება.
- ჩვენს წრეში, რა თქმა უნდა, აღინიშნა.
- ვინ მოისხა ამდენი ადამიანის მადლი? ვინ დააფინანსა სერიალი?
- ერთმა ვერავინ. სერიალს ათამდე სპონსორი ეყოლება. ეს იქნება ჩვეულებრივი კომერციული პროექტი, საბაზისო ფულის გარეშე. სერიალში შედარებით მეტი ფლეისმენტი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, იქნება სერიალი.
- და გავა...
- გავა "ფორმულაზე" ან პარასკევ-შაბათს ან შაბათ-კვირას. კვირაში - ორი სერია.

- მაყურებლისგან მთავარი შეკითხვა და მოთხოვნაა - სერია ისევ 20 წუთიანი იქნება? დრო გაზარდეთო.
- 20 წუთიანი არ იყო, ეს ძალიან უსამართლობაა. სერიები ყოფილა 45 წუთიანიც. ერთი სერია, საშუალოდ, 32-34 წუთიანია. გაზარდეთ სერიები - ადვილი სათქმელია. ეს აბსოლუტურად ფულზეა დამოკიდებული და არა იმაზე, მე როგორ ხასიათზე ვარ. კვირაში ერთ საათიანი მასალა გადის. ნახევარი საათი აკლია, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი იყოს. სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას წლებს ანდომებენ. ჩვენ კონვეერი ავაწყვეთ... კინოს ატმოსფეროს გაკეთებას კიდევ დიდი შრომა სჭირდება. ჩვენ ვცდილობთ კინოს სტანდარტი გვქონდეს. განსაკუთრებით, ბოლო სეზონებში ვცდილობდით ხარისხით მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო კინოსთან.
- როდიდან იწყებთ გადაღებას?
- ეს უკვე კამპანიის ნაწილია. ჯერ დავტკვბეთ იმით, რომ დაბრუნების ამბავი ვიცით. ნელ-ნელა გამოჩნდება ყველაფერი.

- წელს არ ველოდოთ?
- როგორ არა, აუცილებლად ახალ წლამდე.
- შემოქმედებითი ჯგუფის ძირითადი ბირთვი იგივეა?
- რა თქმა უნდა, რაღაც როტაცია მოხდება. ტექნიკურ ჯგუფში ძველი, გამოცდილი კადრებია, რომელსაც ვენდობით და ბევრი წელია ერთად მოვდივართ. სცენარისტი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი - გიორგი ლიფონავა. ქეთის და გიორგის გარეშე, ეს სერიალი არ არსებობს. ეს ადამიანები სერიალის არსებობის მთავარი პირობაა. ორი ჯგუფი იქნება, გვეყოლება მეორე რეჟისორი - გიორგი თავართქილაძე. სცენარისტი კი ერთი - განუმეორებელი ქეთი იქნება.
- მსახიობები?
- მსახიობების ღერძი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება. გვექნება სიახლეებიც. ხაზებში ვიღაც ძველი იქნება, ვიღაც - ახალი...

- ამ "ქამბექმა", ალბათ, ყველა მათგანი გააბედნიერა...
- ყველას ძალიან გაუხარდა. ორ მათგანს დავამთხვიე და დაბადების დღეზე ვუთხარი ეს ამბავი. ეს იყო საუკეთესო საჩუქარიო, ასე მითხრეს.
- ვის უთხარით?
- კახა გოგიძეს (პრეზიდენტი ) და ზვიდად დოლიძეს (პარლამენტარი). კახა კიევშია ამჟამად და სერიალში დისტანციურ რეჟიმში გამოჩნდება.
- ანუ პოლიტიკური ხაზი გრძელდება...
- რა თქმა უნდა. ჩცდ-ს თავისი დეენემი აქვს, თუ არ მოხდა პოლიტიკური, სოციალური და სხვადასხვა მიმართულებების რეფლექსია, მაშინ ჩცდ არ იქნება.

- ამასობაში მსახიობების ნაწილმა პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა. ცხადია, ისინი ვეღარ იქნებიან ჩცდ-ში.
- რომ გითხრათ, ჩვენ პოლიტიკურ გემოვნებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით-მეთქი, არა. ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში არასდროს ჯდებოდა გურანდა გაბუნია და კიდევ იყვნენ სხვებიც, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ჩვენ ყურადღებას პროფესიულ მხარეს ვაქცევდით, პერსონაჟი რას ითხოვდა და ამ პერსონაჟის განხორციელება ვის შეეძლო კარგად. არც ახლა გავაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს, თუმცა ღირებულებით პლათფორმას, თუ სად დგას ადამიანი, რომელმაც უნდა შეასრულოს როლი, გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
სერიალი ღირებულებით პლათფორმაზე დგას, რომელიც პირდაპირ აშკარად პროდასავლურია, შედარებით ლიბერალური ღირებულებისკენ იხრება. აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას ეს იდეურად არ აწყობს, თვითონ იტყვის უარს შეთავაზებაზე. თავაზობ, თუ ხედავ, რომ ეს ადამიანი მოუხდება ამა თუ იმ პროექტს. მხოლოდ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე.
- ბაქარის როლის შემსრულებელი სუსში გადავიდა სამუშაოდ. მას სერიალში, ცხადია, ვეღარ იხილავს მაყურებელი.
- დიახ, ის ძალოვან სტუქტურაში გადავიდა სამუშაოდ. მისი სურვილიც რომ იყოს, არჩევანი აღარ დარჩა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ სამსახურის გამო, ვეღარ შეძლებს. სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავეს, ინდივიდუალურად არ განვიხილავ. მე - ირაკლი საღინაძეს არ მომწონს დღევანდელი სახელმწიფოს კოლექტიური სახე. ბუბა მირცხულავას არაფერს ვერჩი.

- არის საზოგადოების ნაწილი, ვინც სერიალის დაბრუნების ამბავმა წყობიდანაც გამოიყვანა.
- ეს ძალიან ცოტა ნაწილია, კონკრეტულად ტროლ-ბოტები არიან. თუ ტროლ-ბოტების მიღმა დამალულ ბობოლა ქოცპროპაგანდისტებს ჩავთვლით, ეგ არ არის პრობლემა. არც ველოდი, რომ მათ გაუხარდებოდათ.
- ელვირის კოლეგები ამუშავდნენო, წერენ.
- რა თქმა უნდა.
- ელვირი ანუ ნიკა ქავთარაძე საფრანგეთშია. მას დისტანციურად ჩართავთ სერიალში?
- რატომაც არა. არ არის გამორიცხული. ვფიქრობთ, რომ ელვირი სერიალში იქნება. რა თქმა უნდა, მინიმალური დოზით. ზუმით და ჩართვით დიდი როლის განვითარება შეუძლებელია. ახლა მიდის მუშაობა დეტალებზე. განსაკუთრებულად, არც სპოილერების გაკეთება მინდა, ეს არ "მოსულა". ბევრი რამე არც არის გადაწყვეტილი, როგორ იქნება.
- ირაკლი, როგორც "სიმფსონებში" იყო, რაღაც მოვლენები ნაწინასწარმეტყველები, ასე ახდა ფაქტები ჩცდ-დანაც. ახლაც იგივე მოლოდინია.
- ბევრი რამ მოხდა, ამ ხელისუფლებას გროტესკში უკვე ვეღარ ვეჯიბრებით. სიგიჟეს მოიფიქრებ, გააკეთებ და მათ უარესები ან იგივე გააკეთეს, მაგრამ Ok. ეგ იქით იყოს. ზოგადად, არ არსებობს ასეთი წინასწარმეტყველებები. როცა ბევრი გროვდება, რაღაც მოვლენა-მოვლენას ემთხვევა, ვიღაცას უჩნდება განცდა, რომ ეს დამთხვევა აღარ არის. როგორც ქეთიმ ერთხელ თქვა, სოსისს რომ მოსახარშად ჩაყრი, იცი, რომ შვიდ წუთში მოიხარშება. წინაპირობები არსებობს, რომელიც გკარნახობს იმას, რომ დროის რაღაც პერსპექტივაში, შეიძლება მოვლენები ასე განვითარდეს. სოციალურ ველში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ ინდიკატორებს ხომ ვხედავთ, მერე დასკვნა გამოგაქვს, რომ რაღაც მსგავსი შეიძლება მოხდეს. ამას პროგნოზი ჰქვია...

გააზიარე სტატია