
11/12/2026
თევზაობიდან დაბრუნებული რევაზ ლაღიძე ხარაგაულში, მეგობრის სახლში, მთელი ღამე ფანქარს აკაკუნებდა. დილით მასპინძლებს ჩაწერილი ნოტები დახვდათ.
ასე შემორჩა სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ შექმნის ამბავი ლოტბარ ივანე (ბიჭიკო) აბაშიძის ოჯახურ მეხსიერებას.
ამ ისტორიას მისი შვილი, იური აბაშიძე, გამოცემა „ჩემი ხარაგაულისთვის“ იხსენებდა.

მისი მონათხრობით, კომპოზიტორი ხშირად სტუმრობდა ივანე აბაშიძესა და მუსიკოს შოთა ბუაჩიძეს ხარაგაულში.
იური სიმღერის პირველ შესრულებასაც საკუთარ ოჯახს უკავშირებდა, ამბობდა, რომ ის პირველად მამასთან ერთად თავად იმღერა.
სიმღერაში ერთმანეთს ორი ავტორი შეხვდა - ილია ჭავჭავაძე და რევაზ ლაღიძე. ილიას სიტყვებმა, ქვეყნის აწმყოზე წუხილმა და მომავლის რწმენამ, მუსიკაში ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ამ სიმღერის ისტორიას კინოშიც მივყავართ. ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციაში დაცულ 1962 წლის სანოტო გამოცემაზე მითითებულია, რომ ნაწარმოები არის კინოფილმიდან „გლახის ნაამბობი“.

მუსიკის ავტორად რევაზ ლაღიძეა დასახელებული, ტექსტის ავტორად ილია ჭავჭავაძე. გამოცემაში მითითებულია, რომ ნაწარმოები მამაკაცთა გუნდისთვის, ინსტრუმენტული თანხლების გარეშე შესრულებას ითვალისწინებს.

დროთა განმავლობაში სიმღერამ გაცილებით ფართო მნიშვნელობა შეიძინა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ეროვნული მოძრაობის ჰიმნად იქცა. ეს მისი საზოგადოებრივი როლის აღწერაა, სიმღერისა, რომელშიც ადამიანებს საკუთარი წუხილისა და იმედის ერთად გამოხატვა შეეძლოთ.

ალბათ, სიმღერის ხანგრძლივი სიცოცხლისა და საყოველთაო სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზიც აქ უნდა ვეძებოთ - სიმღერა მომავლის იმედს და უკეთეს ხვალინდელ დღეს უკავშირდება.

გააზიარე სტატია