
11/18/2026
„აქ იდექით და ხმა არ ამოიღოთ“ - ასეთი დავალება მიიღო მეხუთეკლასელმა კონსტანტინე პაიჭაძემ, როცა სკოლის ხალხური სიმღერის გუნდში ჩარიცხეს.
წლების შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის დეკანოზი იუმორით იხსენებს, როგორ შეასრულა ეს დავალება და ბოლოს ლაურეატების სიაშიც აღმოჩნდა.
ჩოხატაურის სკოლის გუნდი, ოზურგეთის სცენაზე ჩატეხილი საფეხურები და თბილისამდე მატარებლით მგზავრობა... ასეთია კონსტანტინე პაიჭაძის 1980-იანი წლების სასკოლო თავგადასავალი, რომელსაც დეკანოზი მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღწერს.
დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე:
ამბავი, იმისა მუსიკალური მონაცემების გარეშე როგორ გავხდი სიმღერის ფესტივალის ლაურეატი.
"მოკლედ, აქ თხრობას მოუხდება და ასე დავიწყებ ,,გდეტა ვოსემდესიატ ჩეტირე გოდაა ან ვოსემდესიატ პიატი" ხოდა სკოლის ხალხური სიმღერის გუნდი გადაახარისხეს და ბავშვები დაამატეს, ჩვენს კლასში იმ ჟამად 27 მოსწავლე ვიყავით და აღმოჩნდა 25-ს აქედან მეტნაკლებად ისეთი მუსიკალური მონაცემები ჰქონდათ გუნდში ჩაწერეს, დავრჩით ორნი. ორს გაკვეთილს არ ჩაგვიტარებდნენ საგანგებოდ, არც სახლში გაგვიშვეს გარკვეულ მიზეზთა გამო და ბოლის ისევ გუნდში ჩაგვრიცხეს და გაგვაფრთხილეს, იცოდეთ აქ იდექით და ხმა არ ამოიღოთ თორემ გუნდიდან კი არა სკოლიდან გაგყრითო. მოკლედ ასე გავხდით ხალხური სიმღერების შემსრულებელი გუნდის წევრები.
თავდაპირველად რაიონული ოლიმპიადა ჩატარდა და გავიმარჯვეთ, რა თქმა უნდა პირობა ძალაში იყო და ხმას არ ვიღებდით, თუმცა გუნდში ვიყავით და სცენაზეც ვიდექით. ხმისა და ტანის ხმასავით მოკრძალებული ზომის გამო, დაახლოებით ისეთ ადგილას ვიდექი ვალოდია ჯინჭარაძე რომ იჯდა კლასში, უკან მარცხნივ და "ატაპლენიასთან".
შემდეგი ეტაპი იყო რეგიონული ოლიმპიადა ოზურგეთში ანუ მაშინდელ მახარაძეში. სცენარი ასეთი იყო, ჩაბნელებულ დარბაზში იწყებოდა ხორუმის რიტმები, სხივი ეცემოდა ერთ წერტილში, გუნდი იწყებდა სიმღერას და მოცეკვავეები გამოდიოდნენ. მოკლედ ჩაირთო სხივი გაისმა ხორუმის მელოდია და სიმღერის ნაცვლად საშინელი, განწირული კივილი გაისმა, აინთო სასწრაფოდ შუქი და რა Ხდება, ეს ,,სტანოკები" რაზეც ვიდექით საფეხურებად, ვერ გაგვიძლო და ჩატყდა, აიზილა ეს ამდენი ბავშვი ერთმანეთში, 200 ბავშვი, ორი ფერი, შავი ფერით ბიჭები და ლურჯით გოგონები. ვისაც მშობლები ახლდა, ამოხტნენ სცენაზე და ყველა თავისას ეძებს, მაგრამ არ გინდა პოვნა? ყველა ერთნაირია, აიღებს ერთი რომელიმე მშობელი ფერის მიხედვით ბავშვს დახედავს, არაა თავისი მიაწვენს იქეთ აიᲧვანს შემდეგს და ასე... ვინც უპატრონოდ ვიყავით ამოვბობღდით ჩვენით და... მოკლედ სასწრაფო წესით შეაკეთეს ეს დასადგომი საფეხურები და... სამჯერ განმეორდა იგივე. მაინც ისეთი დრო იყო, ალბათ საჩივარში რომ არ ყოფილიყო საქმე, პირველი ადგილი მივიღეთ, რაც გურიის რეგიონში ჩვენს სკოლას კონკურენციის პირობებშიც არ გაუჭირდებოდა.
ასე გავემგზავრეთ თბილისში რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. ჩოხატაურელი ბავშვებისთვის, ეს გამგზავრება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სამტრედიიდან თბილისამდე მატარებლით ვიმგზავრეთ.
რესპუბლიკური ოლიმპიადა თბილისის ყრუ მუნჯ ბავშვთა პანსიონის დარბაზში ჩატარდა. როცა დადგა ჩვენი გამოსვლის დრო ვიღაც დიდქუდა და ქუდზე დიდცხვირა უზარმაზარ ულვაშიანი და საოცრად გამხდარი კაცი გამოვიდა და საშინელი ჩახლიწული ხმით გამოგვძახა - "ჩოხატრაულიიიი შემოდით!" ვერ დაისწავლა ზეპირად სწორად რომ გამოეთქვა ჩოხატაური. ხოდა იქაც საპრიზო ადგილზე გავედით და მერე მითხრეს სხვა დროს... ლაურეატის წოდება მიენიჭა გუნდის ყველა წევრსო და მეც ვყოფილვარ სიაში.
ეს იყო და ეს...
ასე დასრულდა ამბავი," - იხსენებს დეკანოზი.
გააზიარე სტატია