Logo

როგორ შეიქმნა სიმღრა "სულიკო" და რატომ მოუხდა მის ავტორს საკუთარი შემოქმედების დაცვა?

როგორ შეიქმნა სიმღრა "სულიკო" და რატომ მოუხდა მის ავტორს საკუთარი შემოქმედების დაცვა?

11/17/2026

ტექსტის ზომა

„სულიკო“ ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანია, რომლის მელოდიაც, ქვეყნის მუსიკალურ სავიზიტო ბარათად იქცა მთელ მსოფლიოში.

მას სხვადასხვა ენაზე მღერიან, უცხოელი შემსრულებლები კი ხშირად სწორედ „სულიკოს“ ირჩევენ საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამოსახატავად.
თუმცა ამ საყოველთაოდ ცნობილი სიმღერის მიღმა ორი ადამიანის შემოქმედებითი შეხვედრა და ერთი ქალის უჩვეულო ისტორია დგას.


ბევრმა შესაძლოია არც იცოდეს, როგორ იქცა აკაკი წერეთლის ლექსი ვარინკა წერეთლის მელოდიად და რატომ დასჭირდა მუსიკის ავტორს საკუთარი სახელის დასაცავად ბრძოლა.

კვალი


ამბავი 1895 წელს, აკაკი წერეთლის ლექსით იწყება. „კვალში“ გამოქვეყნებული ლექსის ლირიკული გმირი, დაკარგული სატრფოს საფლავს ვარდში, ბულბულსა და ვარსკვლავში ეძებს და გრძნობს, რომ საყვარელი არსება თითქოს აღარ არის ერთ ადგილას, რადგან მის არსებობას მთელი ბუნება ინახავს.

ლექსის სიმბოლურმა სამყარომ არაერთი განმარტება წარმოშვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო სულიკო. მასში დაკარგულ სიყვარულსაც ხედავდნენ, სამშობლოსაც და ღვთაებრივ საწყისსაც. სიმღერის მიმართ დამოკიდებულებაც ამტკიცებს, რომ ლექსი გაცილებით ფართო განცდას იტევს, ვიდრე მხოლოდ ერთი სიყვარულის ისტორიაა.

გამოქვეყნების შემდეგ აკაკიმ ლექსი ახალგაზრდა ქალს, ვარინკა წერეთელს გადასცა და მისი ამღერება სთხოვა. ვარინკა, იგივე ბარბარე მაჭავარიანი, მაშინ დაახლოებით 21 წლის იყო. ცხრაწყაროში დაბადებულმა ბარბარემ ქუთაისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა. წერეთელი მისი მეუღლის, სერგოს გვარი იყო. სერგო აკაკის ნათესავი გახლდათ და პოეტი ვარინკას მუსიკალურ ნიჭს კარგად იცნობდა.

ვარინკა

მუსიკის შექმნის ამბავი თავად ვარინკას მოგონებამ შემოგვინახა. აკაკის თხოვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. ლექსმა მრავალი მუსიკალური სახე აღუძრა, მელოდია კი ერთ დღეს, გიტარის თანხლებით სიმღერისას, მოულოდნელად ჩამოყალიბდა.

აკაკის მოსმენილი ისე მოეწონა, რომ სიმღერა რამდენჯერმე გაამეორებინა. შემდეგ საკუთარი პორტრეტი აჩუქა წარწერით: „ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან“.

ვარინკა

სიმღერის გავრცელებას ნოტებზე გადატანამ და სხვა შემსრულებლებთან მისვლამ შეუწყო ხელი. არსებული ცნობებით, კოტე ფოცხვერაშვილმა მელოდია 1900 წელს ჩაიწერა. მოგვიანებით „სულიკო“ იმ მასშტაბით გავრცელდა, რომ მის უკან მდგარი კონკრეტული ადამიანის სახელი ბევრისთვის დაიკარგა.

ვარინკას ოჯახში კი ამ სიმღერას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მისი ერთადერთი ვაჟი, სპირიდონი (შინაურებისთვის გუგული) საფრანგეთში სწავლობდა. მის შესახებ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობით, მონპელიეში მევენახეობა-მეღვინეობას ეუფლებოდა და დედის „სულიკოს“ ჩანაწერიც თან ჰქონდა.

ვარინკა

1919 წელს გუგული საქართველოში დაბრუნდა. იმავე ცნობით, ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა მალევე გარდაიცვალა. ვარინკასთვის შვილის დაკარგვას ხანგრძლივი განმარტოება და გლოვა მოჰყვა.

გიორგი კრავეიშვილი, ლერი ალიმონაკის მიერ შეკრებილ მასალაზე დაყრდნობით, მისი ცხოვრების ერთ განსაკუთრებულ ეპიზოდს გვიამბობს.
როდესაც კოტე მარჯანიშვილი „სამანიშვილის დედინაცვალს“ იღებდა, გადაღებისთვის ვარინკას კარ-მიდამო შეარჩია. წლების განმავლობაში განმარტოებულმა ქალმა, სტუმრებს უმასპინძლა და გიტარის თანხლებით კვლავ იმღერა. კინო და სტუმრების მოსვლა, ვარინკას ცხოვრებისკენ მიბრუნების პატარა შესაძლებლობა გახდა.

სულიკო

მოგვიანებით ვარინკას კიდევ ერთი მძიმე გამოცდილება ელოდა. მას საკუთარი სიმღერის ავტორობის დაცვა მოუხდა. 1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლმა „სულიკო“ შეასრულა. სიმღერა ხალხურად წარადგინეს. წარმატება დიდი იყო, მაგრამ მუსიკის შემქმნელის სახელი მის მიღმა დარჩა. ვარინკამ საკითხის გარკვევა ოფიციალურად მოითხოვა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მასალის მიხედვით, 1938 წლის 5 ოქტომბერს კომპოზიტორთა კავშირის სხდომამ „სულიკოს“ ავტორად სწორედ ის აღიარა. მიუხედავად ამისა, დავა გაგრძელდა და იუსტიციის უწყების ჩარევაც გახდა საჭირო. ამ ამბის ყველაზე მტკივნეული დეტალი ისაა, რომ ავტორობის აღიარებამ დავიწყებას საბოლოოდ ვერ მოუღო ბოლო. იმავე წყაროში მოყვანილია მოგვიანებით გამოცემული ნოტების მაგალითებიც, რომლებზეც მუსიკა კვლავ ხალხურად იყო მითითებული.

მელოდია ცხოვრობდა, მისი შემქმნელის სახელს კი ისევ შეხსენება სჭირდებოდა.

სულიკო

დღეს შესაძლებელია „სულიკოს“ თავად ვარინკას შესრულებით მოსმენაც. გიორგი კრავეიშვილი ჩანაწერს 1939 წლით ათარიღებს. ვარინკა მაშინ დაახლოებით 65 წლის იყო. ის ინსტრუმენტის თანხლების გარეშე მღერის და მისი მელოდიის ზოგი დეტალი ჩვენთვის ნაცნობი ვერსიისგან განსხვავდება.


კრავეიშვილის ცნობით, ჩანაწერი 2008 წელს გამოცემულ კრებულში „ხმები წარსულიდან“ შევიდა. ამ შესრულების მოსმენისას დაკარგულ საყვარელ ადამიანზე დაწერილი ლექსი და შვილდაკარგული დედის ბიოგრაფია უნებურად ერთმანეთს უახლოვდება. თუმცა რას ფიქრობდა და ვის მიმართავდა ვარინკა სიმღერის ჩაწერისას, დანამდვილებით არავინ იცის.
ცნობილია ის, რომ „სულიკო“ შვილის გარდაცვალებამდე მრავალი წლით ადრე შექმნა.

ვარინკა წერეთელი 1948 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. ცხრაწყაროში, შვილის გვერდით დაკრძალეს, „სულიკოს“ ჰანგების თანხლებით.

ვარინკა წერეთლის მიერ შესრულებული სულიკო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აკაკივარინკა წერეთელიისტორიასიმღერასულიკო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026