Logo

როგორი იყო ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების წინ? - ინტერვიუ შოთა კალანდაძესთან

როგორი იყო ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების წინ? - ინტერვიუ შოთა კალანდაძესთან

10/26/2026

ტექსტის ზომა

სილამაზის სიმბოლო სახელად ლიკა ქავჟარაძე 26 ოქტომბერს 67 წლის გახდებოდა.

უყურებ მის მომნუსხველად ლამაზ სახეს და ფიქრობ, თითქოს გოგლა ლეონიძემ მართლა მასზე დაწერა "ნატვრის ხე": "მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?"

ლიკა ქავჟარაძე

ეს მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე "კვირის პალიტრისთვის" მიცემული, საიდანაც 57 წლის მარტოსული ქალის განწყობა ჩანს, არც თუ ბედნიერის.

ლიკა ქავჟარაძე: ქუჩაში რომ გავივლი, ხშირად მესმის: "ლიკაა... ლიკაა..." ზოგი გამომელაპარაკება კიდეც, მომიკითხავს, რაც სასიამოვნოა. ზოგი მომაბეზრებლად გაკვირდება - რა გაცვია, როგორ გამოიყურები... ადამიანი ვარ, ხან ცუდად გამოვიყურები, ხან - კარგად. სულ ჟურნალის ყდიდან გადმომხტარივით ხომ არ იქნები!.. პურის საყიდლად მაკიაჟის გარეშე რომ ჩახვიდე, რა მოხდა! არ შემიძლია სულ დავარცხნილი თმითა და მაკიაჟით სიარული. არც მიხდება გადაპრანჭულობა.

ჩემი მავლე ჩვევა სიგარეტი და ჭამაა. ვჭამ - ვსუქდები, ვეწევი - ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები და სახეზეც მეტყობა თამბაქოს კვალი.

მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე...

გადაღება შოთიკო კალანდაძემ შემომთავაზა, მაგრამ 8-10 კილო თუ არ დავიკელი, ვერ დავთანხმდები. ისიც მოთმინებით მელოდება.

მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა. ყველა "ნატვრის ხეზე" ლაპარაკობდა. შოთიკო კალანდაძესთან რომ მნახეს ეროტიკულ სცენებში, ასეთი რაღაც როგორ გადაიღე "ნატვრის ხის" მერეო, ამბობდნენ. მსახიობი ვარ და თუკი გამომდის, რატომ არ უნდა ვითამაშო?! ზოგი აცხადებდა, მე ასე ვერ გამოვალო! ესე იგი, არ შეგიძლია, როლი განასახიერო. ემოციის გამოვლენის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა. მინდოდა და ვითამაშე! გადაღება ჩემთვის სამუშაო პროცესია - ითამაშე, გააკეთე და წადი.

ლიკა ქავჟარაძე

ასეთი იყო ლიკა გარდაცვალებამდე რვა დღით ადრე, შოთა კალანდაძის ობიექტივში. ისიც სულ იღებდა და იღებდა, გაცნობის დღიდან მოყოლებული ბოლომდე... იმ დღესაც თავისი ჩანახატისთვის "დასიომკაზე" მისვლა გადაწყვიტა. ლიკა სამზარეულოში იჯდა. ლამაზი და სევდიანი, თუმცა ფარული, უჩვეულო სიხარულით. მალე ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ მისთვის.

ლიკა ქავჟარაძელიკა ქავჟარაძე

მერე, 2017 წლის 11 ოქტომბერს, მეხის გავარდნას გავდა "ნიუსი" - ლიკა ქავჟარაძე, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს! მარტოსული, ეული... როგორც თეთრა, ყაყაჩოებით ალმოდებულ ველზე, "ნატვრის ხის" იმ უძვირფასეს ეკრანიზაციაში...

ერთ თვეში იყო მისი დაბადებაც და გარდაცვალებაც. მისი გამორჩეულობა ამაშიც იჩენს თავს. თუმცა, თავად მას, სულ სჭირდებოდა იმის შეხსენება, რომ განსაკუთრებული და განუმეორებელია. ასეა. ის, რაც ნამდვილი და ნატურალურია, არასდროს იწონებს თავს, თავისთავად ასეა და ამიტომ. მიწიერი შეფასებებით შემკობა ჩვენი გამოგონილია.

ლიკა ქავჟარაძე

ბოლო დროს ყველაზე ინტენსიურად ვინც ეკონტაქტებოდა და მივიწყებულ მსახიობს თავის არტ ფილმებში და ჩანახატებში იღებდა, შოთა კალანდაძეა. ადამიანი, რომელიც მის რეჟისორად ტრანსფორმაციას, თავად ლიკას უმადლის. თვითონ კი მსახიობის უკანასკნელი პერიოდი იმით შეავსო, რომ რეჟისორებისგან დავიწყებულ ლამაზ მსახიობს, კამერის წინ პროფესიის დავიწყების უფლებას არ აძლევდა.

ლიკა ქავჟარაძელიკა ქავჟარაძე

შოთა კალანდაძეს ლიკაზე ზღვა მასალა დაუგროვდა - ფოტოები, ვიდეოები, ჩანახატები... ამიტომ ამ ყველაფრით დოკუმენტური ფილმის აწყობას გეგმავს. "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში კი, რეჟისორი ლიკას ფსიქოლოგიურ პორტრეტს ხატავს. ქალის, რომელიც მარიტას როლმა უკვდავებისთვის "გაიმეტა" და როლი, რომელმაც მსახიობის სულს ისეთი ღრმა კვალი დაატყო, რომ შემდგომ ლიკამ მისგან გათავისუფლება ვეღარ შეძლო.

ლიკა ქავჟარაძე

შოთა კალანდაძე: ლიკა 1996 წელს გავიცანი. სხვათა შორის, ლაშა ბუღაძის დამსახურებით. იმ დღეს კაფეში ვისხედით, ვისაუბრეთ, შემდეგ ჩემთან ავედით, სახლში. კამერა უქმად მედო. მოდი, გადაგიღებ-მეთქი, ვუთხარი და იმ დღიდან მოყოლებული, თვე არ გავიდოდა, რაღაც მასალა არ გადამეღო. ჩემთვის ვიღებდი - თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ. ასე ნელ-ნელა უნიკალური მასალა დამიგროვდა, მაგრამ იმისთვის, რომ დოკუმენტური ფილმი გავაკეთო, გასაციფრულებელია. მალე გადავიტან და ფილმის სახეც მიეცემა. კონცეფცია და სახელი მოფიქრებული მაქვს.

ლიკა ქავჟარაძელიკა ქავჟარაძე

- შოთა, თქვენ მხატვარი იყავით, მაგრამ მოულოდნელად გადაღება დაიწყეთ და ამას ლიკას უმადლით. ლიკამ კი ხატვა დაიწყო. როგორ იყო ეს ამბავი?

- ლიკას ხატვა 1994 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა დაწყებული. მაგრამ არასერიოზულად უყურებდა და შეეშვა. ერთი-ორი ნახატი მაჩუქა. იმ პერიოდში უშუალო, პრიმიტიული, გულღია ნახატები აქვს. მე რო გავიცანი, მე მგონი, უკვე ხატვა უნდოდა და ამიტომ მითხრა ერთხელაც, აბა, საღებავები წამომიღეო. ხატვის დიდი ინტერესი ჰქონდა. პირდაპირ თქმა არ იცოდა, გაგრძნობინებდა. იმ წელს მძიმე ზამთარი იყო, უშუქო, ცივი. სამზარეულოში შეყუჟული, ჩაის თანხლებით ვხატავდით. 1999 წლის ზამთარში მთელი ორი თვე ვხატავდით. ფერების დადებას ვასწავლიდი. მე პიკო ნიჟარაძის და ჯემალ შანშიაშვილის მოწაფე ვიყავი. და მოკლედ, 2000 წელს არჩილ დარჩიამ ძველ გალერეაში ლიკას გამოფენა გააკეთა. გაშუქდა და ბევრი ხალხი მოვიდა. ლიკა ანათებდა, არაჩვეულებრივ ფორმაში იყო...

ლიკა ქავჟარაძე

ერთხელ რეკავს, შოთა, ბაკურიანში ვარ, ჩამოდი, გელოდებიო. სასტუმროში იყო. მახსოვს, დილას კონიაკი დავლიეთ და ამ კონიაკმა „გაგვაღვიძა“, თვალები რომ გენთება... და რამდენიმე ფოტო გადავიღე. გავიდა დრო, ლიკასთან მივედი და ეს ფოტო უდევს. რა ცუდი გამოვიდა-მეთქი, ვთქვი, მაგრამ დღეს რომ ამ ფოტოს ვუყურებ, ვაფრენ! შავ-თეთრი ულამაზესი ფოტოა, რომი შნაიდერს ჰგავს. მაგრამ კამერის წინ, რაც ცოცხლად ვნახე, იმასთან შედარებით ფოტო არაფერია.

ლიკა ქავჟარაძე

იცით, როგორი რამეების კეთება იცოდა? მაგალითად, გადაუხდელობის გამო ტელეფონი მქონდა გათიშული სახლში. უცებ რეკავს ტელეფონი, ვაა, როგორ რეკავს, მე ხომ არ გადამიხდია და გათიშული იყო. ვიღებ და ლიკაა, სატელეფონო სადგურში ვარ და გადაგიხადეო, მითხრა. შეეძლო მოულოდნელად მოეწყო დღესასწაულები, როგორც ეს შეეძლო. ამით თვითონაც ხარობდა. მე რო ვიცინოდი, იქით ისიც იცინოდა. ამით დიდ „კაიფს“ იღებდა.

ლიკა ქავჟარაძე

მე და ლიკა ფილმში უნდა გადავეღეთ - ლიკა ნეფერტიტის როლში, მე - ტუტანხამონის როლში, მაგრამ პროექტი ჩაიშალა. პროდიუსერმა ზურა მაღალაშვილმა ფილმისთვის საჭირო თანხა ვერ იშოვა. არადა, თამაშის პერსპექტივა რომ გაჩნდა, ლიკა გაცოცხლდა, მსახიობს მთავარ როლს რომ აძლევენ, როგორია? მაგრამ ჩაიშალა და ლიკა საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. ვამშვიდებდი - მოდი, ჩვენ თვითონ გადავიღოთ-მეთქი, მაგრამ არც ერთი რეჟისორი, ვისაც შევთავაზეთ არავინ გვთანხმდებოდა.

- რატომ?

- ყველა გაურბოდა ლიკასთან მუშაობას. ავად არის, დეპრესია აქვსო, ჭორებს ჰყვებოდნენ და გაურბოდნენ. მე მხატვრებთან გავიზარდე და ჩვენს წრეში მეგობრებს ხელს არ ვკრავდით. ადამიანობა იყო ჩვენთვის მთავარი. რეჟისურაში რომ შევტოპე, თურმე სად ხარ, არაადამიანობა, სამწუხაროდ, მიღებული ყოფილა. აქ ყველა არ იგულისხმება.

მე საერთოდ, არ ვიცოდი, რა იყო რეჟისურა. ბავშვობაში მე და ლაშა ბუღაძე ჩემს სახლში რაღაცებს ვთამაშობდით, ვითომ „რეჟისორობანას“.

პირველი ფილმს - „მიტოვებული დონჟუანი“ - რომ ვიღებდი, ბევრი ადამიანი მეხმარებოდა. მათ შორის, ლაშა ბუღაძეც. ლია კაპანაძის შვილი, ქეთი კაპანაძე გერმანიიდან ჩამოვიდა და ითამაშა. ფილმში მეც ვთამაშობ. მე, ლიკას და ქეთის სასიყვარულო სამკუთხედი გვაქვს. ამ ფილმის გადაღაღებით, ლიკა ცოტა მოვასულიერე.

- და შეძლო დაეკმაყოფილებინა პროფესიული შიმშილი?

- ამ ბავშვური თამაშით რას დაიკმაყოფილებდა? მაგრამ სამაგიეროდ, მე აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი საქმეა. მადლობელი ვარ ლიკასი, რეჟისორობა მან დამაწყებინა. ყველა გაკვირვებული იყო იმით, რომ პირველი ფილმია და სხვადასხვა რაკურსებით იყო გადაღებული. დღეს რომ ვუყურებ, არა უშავს, რა. ბაიბურში რომ არ ხარ გადაღების. მუსიკა ისე დავადე, ალეკო ხიდაშელს დასრულებული მონტაჟი რომ ვაჩვენე, მკითხა ვინ გააკეთაო? პროფესიონალები რომ მეუბნებოდნენ, არ არსებობს, შენ ეს როგორ გააკეთე, საერთოდ რომ აზრზე არ ხარ ამ საქმისო, იმედი მომეცა. ამ ფაქტორმა მე დამანახა, რომ ეს ჩემი საქმეა. ეს ლიკას დამსახურებაა, თორემ მე მხატვრობას განვაგრძნობდი.

ლიკა ქავჟარაძე

- თამაშიც დააწყებინეთ და შეიძლება ითქვას, ხატვაც. თქვენთან ურთიერთობისას ერთგვარ პროფესიულ რეაბილიტაციას გადიოდა...

- გამოფენის შემდეგ ხატვა არ შეუწყვეტია და დეპრესიაში რომ იყო, ხატვას იწყებდა. 60-იან წლებში პიკასო ჟან მარეს ეუბნებოდა, რად გინდა ამ სისულელე ფილმებში რომ თამაშობ, ხატვა დაიწყე, გადასარევად ხატავო. ლიკასაც ამას ვეუბნებოდი, დაიწყე ხატვა, უნიჭიერესი ქალი ხარ-მეთქი. ჯერ პიროვნება ხარ და მერეა სხვა დანარჩენი პროფესია-მეთქი. ლიკას ვერ მოატყუებდი. სიმართლე უნდა გეთქვა, მაგრამ შენებურად.

- ასაკი აშინებდა?

- ერთ ისტორიას გავიხსენებ: დაბადების დღე აქვს, 40 წლის ხდება. რა ქენი, ბეზეებიანი ტორტი შეუკვეთე-მეთქი, წინა დღეს ვეკითხები. მაშინ დიეტაზე ვიყავი და ვთხოვე, ნაკლები ცომით, ბეზეებით იყოს-მეთქი. და წამომცდა, 40 წლის ხარ-მეთქი და გაბრაზდა: როგორ, მე არ ვარ 40 წლისო. ვიფიქრე, ხუმრობდა. ერთი დღით ადრეც განიცდიდა ასაკს.

- უკანასკნელი კადრებიც თქვენს ობიექტივს შემორჩა...

- მისი გარდაცვალების წელს, 2017 წელს, ჩანახატებს ვიღებდი სახელწოდებით - „სუფრა“. გადაღების დროს მე ვერ შევჭამ, არ იქნება ლამაზიო, მითხრა. მოდი, დავხატავო და კარგი, დახატე-მეთქი. სუფრასთან ხატავდა. დამონტაჟების დროს კადრები არ მეყო და დავურეკე, კადრები მჭირდება-მეთქი. რომ არ მოგატყუოთ, იმედი მქონდა, სუფრასთან გადამაღებინებდა. მიხვდა და რომ მივედი, სამზარეულოში გაშლილი სუფრა იყო, ბაჟე და რაღაცები ჰქონდა... ეს აღმოჩნდა ბოლო გადაღება. გარდაცვალებამდე რვა დღით ადრე.

ლიკა ქავჟარაძელიკა ქავჟარაძე

- როგორი იყო ბოლო პერიოდში?

- არაბუნებრივად კარგ ხასიათზე იყო. შეიძლება ვარსკვლავს რომ უხსნიდნენ, იმას ვაბრალებდი მის ამ კარგ განწყობაზე ყოფნას. უნდა გავხდეო, ამბობდა. მომატებული იყო და განიცდიდა. მე ვამშვიდებდი, სრულ სამოსს ჩაიცვამ, ბოლოს და ბოლოს, ლიკა ხარ, ქავჟარაძე-მეთქი. სულ ვეუბნებოდი, შენ ხარ ლიკა ქავჟარაძე და სულ რომ 400 კილო იყო, მაინც ვარსკვლავი ხარ-მეთქი.

- ასეთი გამხნევება და შემოძახება სჭირდებოდა?

- სულ ჭირდებოდა! პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ეს მას არ სჭირდებოდა, მაგრამ ადამიანები რომ ვიზრდებით, მერე ვხვდებით ამგვარ შემოძახებას რამხელა ძალა აქვს. ხან ცუდად გამოიყურებოდა, ხან შემართების ძალას რომ იპოვიდა, სასწაულად ლამაზი იყო.

მაგალითად მომყავდა მარლონ ბრანდო, გასუქდა, მაგრამ ამერიკის ნომერ პირველ სექსსიმბოლოდ არ დარჩა-მეთქი? ლიკა სექსსიმბოლო არ იყო, სილამაზის სიმბოლო იყო, მაგრამ არ ვეუბნებოდი, რომ არ იყო სექსუალური, ეს მტკივნეული თემა იყო მისთვის.

ლიკა ქავჟარაძე

- რაც არ უნდა მაღალ დონეზე იყოს ასული, ყველა პროფესიონალს სჭირდება ეტაპობრივად იმის შეხსენება, რომ საუკეთესოა.

- იცით რა ეგონა? "ნატრვრის ხეს" მალე დაივიწყებენ, ლიკას დაივიწყებენო და მორჩა. ჩვენ ამაზე გვისაუბრია, აღარ მიღებენ ფილმებში, ჩემი კარეტა წავიდაო... რას ლაპარაკობ-მეთქი, ვუტევდი, როგორც ამერიკისთვის ვივიენ ლია, ისე ხარ შენ საქართელოსთვის-მეთქი. „ქარწაღებულნი“ იქ ყველაზე ძლიერი ფილმია, ჩვენთან კი „ნატვრის ხე. ეს ულამაზესი ფილმი, შედევრი ყოველთვის იარსებებს-მეთქი.

- როცა ამბობენ, რომ ლიკა ქავჟარაძე მარიტას როლში ჩარჩა, როგორ გგონიათ, ასე იყო? ეს პატარა გოგოსთვის საბედისწერო როლი იყო?

- სხვათა შორის, თვითონ ამბობდა, ჩემ ქმართან ისე მომივიდა, როგორც ამ ფილმშიაო - მარიტა - შეთეს! ცხოვრებაში ლიკა- სანდროს! ანუ ისე იქორწინეს, წესიერად არ იცნობდნენ ერთმანეთს. კარგი ოჯახისშვილი იყო ორივე და ეს ქორწინება უფროსებმა გადაწყვიტეს. ლიკამ რაც მითხრა, ეგ იყო.

- ლიკაზე დედას ჰქონდა დიდი გავლენა, არა?

- დედას და ბიძას, გეიდარ ფალავანდიშვილს.

- სამი წლის წინადელ ინტერვიუში მითხარით, "ლიკა იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ცოლად ვერ მოვიყვანე და სამაგიერო გადამიხადა, გათხოვდაო (მეორედ როცა გათხოვდა). რა ერქვა ამ ურთიერთობას?

- იყო, როგორც იყო... ლიკას არ ესიმოვნებოდა ამაზე საუბარი, ან იქნებ სიამოვნებოდა კიდეც... რაც არ უნდა სიყვარული ყოფილიყო, ჩვენ შორის გაგება რომ არ ყოფილიყო, ერთმანეთს დავკარგავდით. ჩვენს ურთიერთობაში წამყვანი გულახდილობა იყო. მორიელი იყო, ერთი ტყუილი და შეიძლება 50 წელი ეჭვის თვალით შეეხედა ადამიანისთვის.

ლიკა ქავჟარაძე

პატარა ასაკში, მე ბევრ სხვას ვატყუებდი, მაგრამ ლიკასთან ტყუილი - არავითარ შემთხვევაში! როცა ძვირფასია ადამიანი, მასთან ისე არ უნდა მოიქცე, როგორც მას არ მოსწონს. დაქალები ჰყავს სამუდამოდ დაკარგული. ერთი ცნობილი მომღერალია, იმან ლიკას რაღაც მოატყუა და მას შემდეგ ურთიერთობა საერთოდ აღარ ჰქონიათ.

- შვილზე რას ამბობდა?

- სულ ამბობდა, ოღონდ ლევანი იყოს ბედნიერი, საერთოდ არ ვეუბნები პრეტენზიებსო. შვილზე გიჟდებოდა. ერთხელ მითხრა და ეს პრესაში არსად თქმულა: ორსულად რომ ვიყავი, ღმერთს ვთხოვდი, ჩემნაირი თვალები, სახის ოვალი, ცხვირი, ტუჩები და სიმაღლე ჰქონდეს და ტანით მამაჩემს ჰგავდესო. ერთადერთი თმები არ აქვს ისეთი, როგორიც მე მინდოდა, დანარჩენი ყველაფერი შემისრულა ღმერთმაო. ისეთი გავაჩინე, როგორიც მე მინდოდაო. ხუმრობდა, თაქთაქიშვილების გენი გამოვაკეთეო.

ლიკა ქავჟარაძელიკა ქავჟარაძე

- ახლოს იცნობდით და გკითხავთ - ასეთი ქალი, შეიძლება ითქვას, რომ არ იყო ბედნიერი?

- კი, ასეა... მაგრამ როცა დარეკავდა და მეგობარზე გაბრაზებული უკმაყოფილებას გამოხატავდა, მე სულ ვამხნევებდი, მიწაზე ჩამომყავდა. ხშირად დეპრესია ჰქონდა.

2016 წელს ვურეკავ, არ იღებს ტელეფონს. მერე მიპასუხა და არაფერი არ მინდაო. მე ვუთხარი კამერით მოვდივარ, არაფერი არ მაინტერესებს-მეთქი. რაც გინდა ქენი, საწოლიდან არ ავდგებიო. ძალით ავაყენე, საბანი მოხვეული ჰქონდა. ეს რა არის? ნომერ პირველი ქალი ხარ, როგორ იქცევი-მეთქი? შენი კარიერის მეათედი მისცათ, ნეტა, დღეს რომ ჩანან იმ მსახიობებს-მეთქი. ერთხელ გადაეღო რომელიმე ფარაჯანოვს, ან იმის ნახევრი როლი აბულაძეს-მეთქი. „პეპელას“მეოთხედი ეთამაშა სხვას-მეთქი.

ლიკა ქავჟარაძე

ვიცოდი, რომ ეს საუბარი, იმ წუთას არა, მაგრამ ცოტა ხანში - გაჭრიდა. ასე ხდებოდა პერმანენტულად. განწყობა ნულზე ჩაეფუშებოდა და იყო ასე, სანამ არ შევაჯანღარებდი. ადგომა არ უნდოდა. ვუკეთებდი ჩაის, ველაპარაკებოდი... განიცდიდა, რომ დრო წარმავალია...

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026