
11/24/2026
ბოლო დროს ნიკოლოზ რაჭველი, თავისი ფეისბუქ პოსტების გამო, ხშირად ხდება განსჯის გასაგანი. პოლარიზებული საზოგადოება ყველა სიტყვას ჩასაფრებულია, რათა მერე ბულინგის ახალი ტალღა ააგოროს და ვინმე ჩაიყოლოს. მაესტრომ დაწერა, რომ წლების წინ, როდესაც "იმედი" მაუწყებლობას იწყებდა, საეთერო ღილაკზე თითის დაჭერა, ყველამ მას სთხოვა; "რადგან ჩემი დაწერილი მუსიკა იყო პირველად რაც აჟღერდებოდა. დღემდე ჩემი “ქუდით” შედის ეთერში ამ არხის საინფორმაციო გადაცემები… განვიცდი, რომ ახლა უკვე მორალისგან დაცლილი, ადამიანთა მიმართ სიძულვილის გამაღრმავებელი და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ღალატით სავსე ტელევიზიის ისტორიას უკავშირდება ჩემი კეთილი და დაუვიწყარი მოგონებები…"
რაჭველის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი მისამართით არც სალანძღავი სიტყვები დაუშურებიათ და არც მისი ღვაწლი გაუთვალისწინებიათ. იმედელებმა ფეისბუქპოსტები უძღვნეს. არა კორექტული (რბილად რომ ვთქვათ) კომენტარი დაუწერა კოლეგამაც, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა, თეონა ცირამუამ:
"გორში ვარ და გორულად უნდა გითხრა - უკვე ძაან მიაცვ - მააცვამ რააა...
რა ადვილად შეგიძლიათ ქვეყნის მტრად გამოაცხადოთ ადამიანი.... რა საშინელ რამეს ეუბნები ამით რამდენ ადამიანს ...
ცოტა რომ დაფიქრდე და გაზომო სიტყვები, არ გაწყენდა....
იმ უკრაინაში რას აკეთებ ისეთს, რასაც საქართველოს მისამართით იგესლები და ქვეყანას ვნებ... დაოკდი რა ბოლოს და ბოლოს..."
ცირამუას კი გაეცა პასუხი, მაგრამ ამ გახლეჩილ საზოგადოებას რა გააერთიანებს და ამ სიტყვების მიერ მოტანილ უარყოფით ენერგიას სად წავიღებთ, არავინ იცის.

მაესტრო კი, თავის ახალ პოსტში, ისევ სამშობლოზე წერს, ისევ მის მომავალზე სწუხს.
ნიკოლოზ რაჭველი: მე მიყვარს ჩემი სამშობლო… ძალიან მიყვარს…
მიყვარს მისი ყოველი კუთხე, ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი, აჭარა და ფშავ-ხევსურეთი, გურული პოლიფონია ყველაზე დიდ ცივილიზაციად მიმაჩნია, ხოლო რაჭა ჩემი მხარეა, მისთვის სიცოცხლე არ დამენანება, თუშეთში პირველად რომ მოვხვდი კინაღამ გადავირიე, სამცხე ჯავახეთში ყველაფერთან ერთად მახსოვს თეატრის დასმა გამაოგნა, აფხაზეთში და ბორჯომის ხეობაში კი მთელი ჩემი ბავშვობის წლები მაქვს გატარებული, დაუვიწყარი… უძვირფასესი…
მინდა, რომ ჩვენი საყვარელი სამშობლო კარგად იყოს, ამას კი გარე მტერთან ერთად ბევრი შინაურიც უშლის ხელს. კორუფცია და კოლაბორაციონიზმი განვითარებას ყოველთვის შეაფერხებს, ორად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება ვერ შეძლებს სახელმწიფოს მომავლის შენებას…
არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის მიმდევარი, არც ადრე, არც ახლა. ვიყავი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე მეოცნებე, ისეთ მომავალზე, სადაც ყველაზე მაღლაა სამართალი, ყველაზე დაცულია ადამიანის უფლებები, უზენაესია ამ სტანდარტებით შექმნილი კანონები, სადაც სამშობლოს სიყვარული უდრის ერთმანეთის კეთილდღეობაზე, ტყეებსა და მდინარეებზე, ქალაქებსა და სოფლებზე, გამზირებსა და ქუჩებზე, პარკებსა და ბაღებზე, მიუსაფარ ცხოველებზე და ფრინველებზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, მოხუცებზე და სნეულებზე ზრუნვას!..
ულევი სიკეთე ჩვენს ძვირფას, ულამაზეს და თავისუფალ საქართველოს და რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გამარჯვება დიდ ბოროტებასთან შეუპოვრად მებრძოლ უკრაინას!!!

მაესტროს მისამართით მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს პიანისტი - გიორგი გიგაშვილი.
"ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს განძია და ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ.
ის, რასაც ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნიკოლოზ რაჭველის მიმართ ვხედავ, ჩემთვის უფრო დისკრედიტაციის კამპანიას ჰგავს, ვიდრე პროფესიულ ჟურნალისტიკას.
როდესაც ნიკოლოზი ამბობს, რომ დღეს „იმედში“ მუშაობა ადამიანისთვის პრინციპული საკითხი უნდა იყოს, მე ეს მესმის, როგორც საუბარი პირად და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ჟურნალისტის პროფესია მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას არ გულისხმობს. ის გულისხმობს პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციის სისწორეზე, საზოგადოებაზე მის გავლენასა და იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მის გავრცელებას მოჰყვეს.
ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს სად იმუშავებს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს სრული უფლება, შეაფასოს ეს არჩევანი. პროფესიული პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელმძღვანელობას არ ეკისრება. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ პროცესში, რომლის ნაწილიც შეგნებულად ხდება.
და თუ ნიკოლოზის შეფასებას არ ეთანხმებით, უპასუხეთ არგუმენტებით, ისაუბრეთ ჟურნალისტურ ეთიკაზე, ინფორმაციის სანდოობაზე და არა მის პიროვნებაზე.
სერიოზულად ვამბობ, ცოტა მაინც გადახედეთ წარსულს, ისტორიას. გადახედეთ, რა გაუკეთებია ამ ადამიანს ქართული კულტურისთვის, რამდენი თაობის მუსიკოსის განვითარებაში მიუღია მონაწილეობა, რამდენჯერ გაუტანია საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რამხელა პასუხისმგებლობით ემსახურება ქართულ მუსიკას.
ჩემთვის არც ერთი მათგანის დღევანდელი თანამდებობა, სტატუსი თუ გავლენა არ ღირს ერთ ნიკოლოზ რაჭველად.
მის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულ შეფასებებს რომ ვისმენ, მიჩნდება განცდა, რომ ზოგიერთისთვის დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში მოპოვებული მდგომარეობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიული პრინციპები და ქართული კულტურის მიმართ პატივისცემა.
ერთია, რას წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ ეპოქაში და სულ სხვაა, რას წარმოადგენ შენი ქვეყნის ისტორიაში.
ნიკოლოზს არ სჭირდება არც თქვენი აღიარება და არც თქვენი კეთილგანწყობა. მან თავისი ადგილი ქართული კულტურის ისტორიაში დიდი ხნის წინ დაიმსახურა.

ხელისუფლებები იცვლებიან, თანამდებობები დროებითია, პროპაგანდასაც თავისი ვადა აქვს. კულტურას კი გაცილებით გრძელი მეხსიერება აქვს.
და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირადი პასუხისმგებლობა. კონკრეტული პოლიტიკური გარემოება, სამსახურის დაკარგვის შიში, ფინანსური კეთილდღეობა თუ კარიერული ინტერესები შეიძლება ხსნიდეს ადამიანის არჩევანს, მაგრამ ავტომატურად ვერ გაამართლებს მას.
ვერც დამსაქმებელი, ვერც ხელმძღვანელი და ვერც თანამდებობა ვერ გაათავისუფლებს ადამიანს საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების მორალური პასუხისმგებლობისგან.
და ძალიან საინტერესოა, წლების შემდეგ, ამ ყველაფრისგან რა დარჩება თქვენგან და რა დარჩება ნიკოლოზ რაჭველისგან.
ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი უკვე ნათელია" - წერს გიგაშვილი ფეისბუქზე.
გააზიარე სტატია