
11/26/2026
ვიღაც დახმარებას გთხოვთ. დრო არ გაქვთ, მაგრამ მაინც თანხმდებით. ან საუბარში რაღაც გაწუხებთ, თუმცა სათქმელს იტოვებთ, რომ უხერხულობა არ შეიქმნას?
თუ საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ ეს ინფორმაია თქვენთვისაა.
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება საკუთარი საჭიროებებისა და უკმაყოფილების გამოხატვის სირთულე წლების შემდეგ დეპრესიულ სიმპტომებს.
კვლევა 2026 წლის 2 ოქტომბერს სამეცნიერო ჟურნალ Psychological Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი პოზიციის გამოხატვა უფრო მეტად უჭირდათ, მოგვიანებით დეპრესიული სიმპტომები საშუალოდ უფრო გამოხატული ჰქონდათ. ეს კავშირი გენეტიკურად იდენტური ტყუპების შედარების დროსაც გამოჩნდა.
ფსიქოლოგიაში საკუთარი სურვილების, საჭიროებებისა და პოზიციის მკაფიოდ გამოხატვის უნარს ასერტიულობას უწოდებენ. მკვლევრებმა მისი შეფასებისთვის კითხვარი გამოიყენეს. ერთ-ერთი დებულება სწორედ იმას ეხებოდა, რამდენად უჭირდა ადამიანს უარის თქმა, როცა რაიმეს გაკეთებას სთხოვდნენ და თავად ამის სურვილი არ ჰქონდა.
კითხვარი ასევე აფასებდა, რამდენად ახასიათებდა ადამიანს გაბრაზების შეკავება მისი კონსტრუქციულად გამოხატვის ნაცვლად.
მეცნიერებმა გააანალიზეს 2 034 შვედი ტყუპის მონაცემები, რომლებიც 1984–2007 წლებში შეგროვდა. კვლევის დასაწყისში მონაწილეთა საშუალო ასაკი დაახლოებით 59 წელი იყო.
გენეტიკურად იდენტური ტყუპების შედარებამ ავტორებს საშუალება მისცა, შეემოწმებინათ, ჩანდა თუ არა კავშირი მაშინაც, როცა წყვილის წევრებს ერთნაირი გენეტიკური ფონი ჰქონდათ.
დადასტურდა, რომ იმ ტყუპისცალს, რომელსაც საკუთარი პოზიციის გამოხატვა უფრო უჭირდა, მოგვიანებით დეპრესიული სიმპტომებიც საშუალოდ უფრო გამოხატული ჰქონდა.
ამ კვლევის მთავარი მიგნება ყოველდღიური ურთიერთობის ჩვევას ეხება. როცა ადამიანს ხშირად უჭირს თქვას, რა სურს, რაზე ვერ თანხმდება ან რა აწუხებს, ეს სირთულე შესაძლოა წლების შემდეგ მის ემოციურ მდგომარეობასთანაც იყოს დაკავშირებული.
ახლა გასარკვევია, შეუძლია თუ არა საკუთარი საჭიროებების გამოხატვის უნარის განვითარებას დეპრესიული სიმპტომების შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში.
წყარო: Psychological Medicine, 2 ოქტომბერი, 2026
გააზიარე სტატია