ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტარიელ ხარხელაურს სიმონიანთხევში, თიანეთში რომ მარტოს ეცხოვრა და მუზებს თავის ნებაზე გამასპინძლებოდა, ამაში ხელი ცოლმა შეუწყო; უფრო სწორი იქნება გვეთქვა, მისმა თანამგზავრმა და საყრდენმა - მარინა ხარხელაურმა. მისი წყალობითაა ასე კარგად რომ ვიცნობთ პოეტს. ფურცლის ნაგლეჯებზე მიწერილი ლექსებიც მან შეკრიბა და კრებულებად აკინძა. ქმარს ცხვარში წასვლის თავისუფლება მიანიჭა, პოეტად ცხოვრების "უდარდელობა" მისცა და კარიბჭედ აეფარა...
"საერთოდ ლექსებს ნაგლეჯებზე ვწერდი. ჩემი ცოლი ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა... კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს აგარაკი ჰქონდა სიმონიანთხევში, ჩემს სოფელში. სწორედ მისი და ჩემი ცოლის წყალობით გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ "დანაშაულიც" ჩაიდინეს.
გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.
ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი" - ამბობს ტარიელი. მუზა კი ფურცელზე ასეთი სახით გადმოდის.
"ჩემო წუხილო და სალოცავო, ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების,
მუხაზე მიამბობდი - ჩამოწვაო, ჩემი საწამებლით გაწამებდი.
ვწუხვარ - ტკივილისთვის გაგიმეტე, დიდი უსაშველო ტკივილისთვის,
იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად, ობლად ამოზრდილი გვირილისთვის..."

ორიოდ კვირაში იუბილარია, 80 წლის ხდება. გიორგი ფარეშიშვილის, მისი შვილობილის თაოსნობით, პოეტის საიუბილეო ღონისძიებების სერია, რუსთაველის თეატრიდან დაიწყება.
ჩვენი დროის ყველაზე მართალ და გულწრფელ პოეტს 142-ე სკოლაში შევხვდით. მოსწავლეებმა საღამო მოუწყეს. დადებითმა ემოციებმა პირთამდე აავსო ძვირფასი სტუმარი.
"ზმნასთან" საუბარი პოეტმა ამ სიტყვებით დაიწყო:
ტარიელ ხარხელაური: მე მკითხველთან ვალში ვარ; მათგან იმაზე მეტ სიყვარულს ვიღებ, ვიდრე მეკუთვნის. რომ არა თქვენ, ადამიანებო, მე არავინ ვიქნებოდი. ტარიელ ხარხელაური, როგორც პიროვნება, თქვენ შექმენით. თორემ შეიძლება მას ისე გაევლო თავისი წუთისოფელი, არავის შეემჩნია. მაგრამ მკითხველი დახვდა. ის მზად იყო ტარიელ ხარხელაურის მისაღებად.
1976 წელს, პირველად რომ დავიბეჭდე, 30 წლის ვიყავი. იქიდან მოყოლებული ჩემი წუთისოფლის საგზალი ხალხის ჩემდამი სიყვარულია, ჩემი მკითხველის და ჩემი ოჯახის სიყვარულია...
- ბატონო ტარიელ, ახალი თაობა დიდი სიყვარულით კითხულობს თქვენს ლექსებს. არადა, თქვენი შემოქმედება ბავშვისთვის იოლი წასაკითხი არ არის. რა ხიბლავთ მასში, როგორ გგონიათ?
- სხვა თაობა მოდის, სხვა ღირებულებების მატარებელი თაობა. სხვანაირად ფიქრობენ.
მე სკოლებში ხშირად დავდივარ. ჩემი შვილების თაობა, კითხვას რომ დასვამდა, გარბოდა, პასუხი არ აინტერესებდა. ახალი თაობა - ჩემი შვილიშვილების თაობა, პასუხს გთხოვს დასმულ კითხვაზე. უნდა გასცე. თან ისეთ კითხვას კი არ სვამს, მაგალითად, რომელია თქვენი საყვარელი ლექსიო? ეს ამ თაობას არ აინტერესებს. ახლა ლექსს უღრმავდებიან და იმის მხედვით მისვამენ შეკითხვებს. აინტერესებთ, მე როგორ ვხედავ, როგორ აღვიქვამ. დაკვირდით, როგორ კითხულობენ პატრიოტულ ლირიკას?! ეს მათი მოთხოვნილება გახდა. მე რომ პატრიოტული ლექსების წერა დავიწყე, დამცინოდნენ - რა დროს პატრიოტული ლექსია, დრო მაჭამაო. არ მოჭამა და ვერც ვერასდროს მოჭამს დროს. სამშობლოს სიყვარული მარადიულია, რომელიც მუდმივად უნდა ზიდოს ქართველმა.

დრომ ზარალი კი მოგვაყენა, მაგრამ ფესვებიდან ვერ მოგვჭრა ქართველები, ვერ გაგვანადგურა.
- ციფრულ სამყაროში როგორ უნდა გადავირჩინოთ თავი?
- ეს ციფრული დროება, არ არის მარადიული, არც ჩვენთვისაა საკმარისი. ქართველის გონება ამით ვერ დაკმაყოფილდება. ჩვენს გონებას სხვა სივრცე სჭირდება. ჩვენ მასშტაბურად მოაზროვნენი ვართ, ვიდრე დანარჩენი სამყარო. მსოფლიო მწერლობაში გადახედეთ ვაჟას ან გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას, რომელიმეს ჰგავს? არც ერთს! ეს ზის ჩვენს შინაგან კოდში, ჩვენს ეროვნულობაში, ეს ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია, რომლის გამოყენება არ გვინდა. უზარმაზარი გონებრივი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ვკმაყოფილდებით იმით, რასაც სხვისგან ვიღებთ. ჩვენ გვგონია, რომ სხვისი ნააზრევი ჩვენსას სჯობს. ასე არ არის.
დამისახელეთ ისეთი ლექსი, რომელიც მსგავსია "ვეფხის და მოყმის".. აი, რისი მატარებელია ქართველის კოდი. რა მასშტაბისაა. ჩვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მეტად ჰუმანურები ვართ, მეტად ახლოს ვართ ბუნებასთან, სამყაროს შემოქმედთან. ჩვენს გონებას უზარმაზარი სივრცე გვჭირდება. გადახედეთ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას. განა ეს მიწიერია? ცხრა საუკუნე გვაშორებს შოთა რუსთაველს და დღესაც ისე ვკითხულობთ, როგორც მაშინ, მის საუკუნეში. აბა, გადახედეთ სხვა ქვეყნების ენებს - წაიკითხავენ მე-12 საუკუნის პოემებს? ვერა! თარგმანი სჭირდებათ. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ! ჩვენ ციფრული სამყარო ვერ მოგვერევა, ვერ გვშთანთქავს.

მე შეიძლება ქართველობით თავი ზედმეტად მომაქვს, მაგრამ ვიცი, რატომაც ვიქცევი ასე. ასე მოქცევის საფუძველს ჩვენი ფესვები მაძლევს. როდესაც "ჩაკრულოს", ჰამლეტ გონაშვილს, ანზორ ერქომაიშვილს ვუსმენ, ეს ჩვეულებრივი ადამიანების ხმა არ არის, ეს სამყაროს ხმაა! განა ვაჟა სამყაროს ხმითა და ენით არ გვესაუბრება? გოდერძი ჩოხელი სამყაროს ხმით არ გვესაუბრება?
მერე ხომ დავდივარ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. რამდენი კუთხე გვაქვს და ყველგან სხვადასხვანაირი კილოკავით საუბრობენ ქართველები. როგორი მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა. სიმღერაც ამიტომ გვაქვს მრავალხმიანი. ჩვენი ძალა მრავალხმიანობაშია. კოსმიური უნარები გვაქვს, სამყაროს წვდომის უნარი გვაქვს. ჩვენ სულ სხვანაირი მიტევება ვიცით.
- მიტევება თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა. სამაგალითო! როგორ შეძელით პატიება, ბატონო ტარიელ? შვილის მკვლელის პატიება...
- ჩემს დღეში მხოლოდ მე არ ვარ... ქრისტიანული მორალი არ გასწავლის, რომ პრობლემა გაამძაფრო. ქრისტემ მიტევების გზა გვასწავლა. დღეს იქნება თუ ხვალ, სულეთში უნდა მიხვიდე. ჩემი შვილი რომ დაიბადა, მე დავუწერე: "არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია..." ახლა მე მომიწევს შვილისთვის პასუხის გაცემა, როცა მასთან მივალ და მკითხავს - შენ როგორ შეასრულე შენივე პირობაო? მძიმე უღელი დამადგა კისერზე. მე ვუპასუხებ, რამდენიც შემეძლო, გავაკეთე; მე შენი იმედი მქონდა და რაკი, ეს უღელი ჩემი სატარებელი გახდა, ჩემი შესაძლებლობის სიმაღლიდან ვატარე სამშობლოს და ხალხის სიყვარულის უღელი, მიტევების უნარი-მეთქი.

- რას ურჩევთ ახალ თაობას?
- საკუთარ თავთან საუბარი ისწავლონ. დიდხან ესაუბრონ თავს, ტელეფონი კი არ აიღონ ხელში, არამედ, საკუთარ თავს ესაუბრონ დიდხანს.
შვილებო, დღის ბოლოს დიალოგი გქონდეთ საკუთარ თავთან. ერთმანეთი შეამოწმეთ, როგორ ცხოვრობთ.
წიგნთან უნდა მიხვიდეთ, შვილო. აუცილებლად. წაკითხულის ანალიზი ისწავლეთ. ჩვენ აქამდე წიგნის სიყვარულით და უფლის რწმენით მოვედით. ასეც უნდა გავაგრძელოთ.
11/20/2025